აღმოჩენილია ახალი მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელსაც მეცნიერები "ატმოსფერულ ტბას" უწოდებენ
ამერიკის შეერთებული შტატების მაიამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი მეტეოროლოგიური ფენომენი აღმოაჩინეს, რომელიც შტორმის ერთ-ერთი სახეა და "ატმოსფერული ტბის" სახელითაა ცნობილი.
სპეციალისტებმა უჩვეულო მოვლენა მაშინ შენიშნეს, როცა ინდოეთის ოკეანის მიმდებარედ ამინდს იკვლევდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი ამ კუთხით სათანადოდ არაა შესწავლილი. მათ ყურადღება წვიმასა და წყლის ორთქლთან დაკავშირებულ ყოველდღიურ მონაცემებზე გაამახვილეს, შედეგად კი აქამდე უცნობი სტრუქტურები შენიშნეს.
ეს წარმონაქმნები "ატმოსფერულ მდინარეებს" ჰგვანან, კონცენტრირებული ტენის წვრილ, გრძელ ნაკადებს, რომლებიც ათასობით კილომეტრზე არიან გადაჭიმულნი. ისინი სწრაფად მოძრაობენ და დიდი რაოდენობით წყალი გადააქვთ. თავიდან ზემოხსენებული "ტბები" სწორედ ამ სახით გვხვდებიან, ხოლო შემდეგ ორთქლის დამოუკიდებელ მასად ფორმირდებიან.
ისინი ცაში ნელა გადაადგილდებიან, სადაც ქარის სიჩქარე ნულს უახლოვდება. ასევე, წვიმიანობას განაპირობებენ და საკმარის წყალს იტევენ იმისთვის, რომ დაახლოებით 1 000 კილომეტრი სიგანისა და რამდენიმე სანტიმეტრი სიღრმის მქონე რეზერვუარი წარმოქმნან.
მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანის აღნიშნულ არეალზე 5 წლის განმავლობაში შეგროვებული სატელიტური ინფორმაცია გამოიკვლიეს და საერთო ჯამში 17 "ატმოსფერული ტბა" შენიშნეს, რომელიც 6 დღეზე მეტხანს იყო აქტიური. ეს ფენომენი წლის ყველა სეზონზე დაფიქსირდა, განსაკუთრებით ეკვატორის მიმდებარედ და მისგან მოშორებითაც, სადაც მსგავსი შტორმები ზოგჯერ ტროპიკულ ციკლონებად იქცევიან.
ორთქლის მასები ინდო-წყნაროკეანეთის რეგიონიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობენ, სანამ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპირომდე მიაღწევენ. იქ კი წვიმას იწვევენ, რომელიც ამგვარი მშრალი ადგილებისთვის მნიშვნელოვანია.
ავტორები ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლას აპირებენ და იმის დადგენა სურთ, ხდება თუ არა დედამიწის სხვა ნაწილში მსგავსი რამ.
კომენტარები