ამერიკელი პროფესორის თქმით, ის ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფრაგმენტებს იკვლევს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორის, გარი ნოლანის თქმით, ის საეჭვო ნიმუშებს იკვლევს, რომლებიც, ზოგი მეცნიერის აზრით, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფრაგმენტებია. პათოლოგიების სპეციალისტმა ამის შესახებ Vice-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ნოლანი, რომელიც 300-მდე ნაშრომის ავტორი გახლავთ, ბავშვობიდანვე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებების მოყვარული იყო და არამიწიერი ცივილიზაციისა თუ მათი ტექნოლოგიების მიმართ მკვეთრად გამოხატული ინტერესითაც გამოირჩეოდა (თუმცა, ასეთ საკითხებს ის ყოველთვის სკეპტიკურად აანალიზებს). მან პოპულარობა რამდენიმე წლის წინ მოიპოვა, როცა დაამტკიცა, რომ "უცხოპლანეტელის ჩონჩხი" სინამდვილეში ადამიანს ეკუთვნოდა, რომლის გენებშიც მრავალი მუტაცია აღმოაჩინა.
მკვლევარმა ამით აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც მას უჩვეულო ინციდენტებისას დაშავებული პილოტების სამედიცინო მონაცემების შესწავლა სთხოვეს. მოგვიანებით კი გარის ხელში ე.წ. ამოუცნობ საჰაერო ფენომენთა (UAP) შედეგად შემორჩენილი მატერიალური მასალა ჩაუვარდა.
მისი განცხადებით, ეს ნიმუშები უმეტესწილად მეტალის ფრაგმენტებია, რომლებიც არაჰომოგენურობით ხასიათდებიან, ანუ განსხვავებული შემადგენლობა აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანში მან მაგნიუმის იზოტოპების სახეცვლილი თანაფარდობა შენიშნა, რომელიც ბუნებაში ამგვარი ფორმით არ გვხვდება. ამის მიუხედავად, მისი ხელოვნურად წარმოქმნის მიზეზი ადამიანს არ აქვს, ამიტომ გაურკვეველია, ვის რაში უნდა დასჭირვებოდა ეს.
UAP-ის თვითმხილველები ჰყვებიან, რომ შემთხვევათა უმეტესობაში დამდნარი ლითონი ამოუცნობი ობიექტებიდან "გადმოიღვარა", როცა ისინი არასტაბილურობას განიცდიდნენ. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ეს მფრინავი აპარატები მას მოძრაობისთვის იყენებენ და ზოგჯერ, თვითშეკეთების მიზნით, გარეთ გამოდევნიან.
"მონაცემები აქაა, ახსნა კი არ გვაქვს", — ამბობს გარი ნოლანი და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მატერია "ჩვენთვის ნაცნობი წესებით არ თამაშობს". ის იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ატომური სტრუქტურის დეტალურად შესწავლას შევძლებთ, რაც მეტის გაგებაში დაგვეხმარება.
კომენტარები