რატომ შეწყვიტეს ძველი ეგვიპტის ფარაონებმა პირამიდების მშენებლობა? — რას ამბობენ ექსპერტები
ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეგვიპტელი ფარაონები აშენებდნენ პირამიდებს და ხშირად თავადაც იქ იმარხებოდნენ.
ეგვიპტელმა ფარაონებმა ააშენეს პირამიდები ჯოზერის დროიდან (ძვ. წ. 2630 - 2611), იაჰმეს I-ის დრომდე (ძვ.წ. 1550-1525), რომელმაც ააგო ბოლო ცნობილი სამეფო პირამიდა ეგვიპტეში. ეს საკულტო პირამიდები ასახავდნენ ფარაონების ძალას, სიმდიდრეს და განამტკიცებდნენ მათ რელიგიურ შეხედულებებს.
ამის ფონზე ჩნდება შეკითხვა, რატომ შეწყვიტეს ძველმა ეგვიპტელებმა პირამიდების მშენებლობა?
ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში პირამიდების მშენებლობა იაჰმეს მმართველობის შემდეგ შემცირდა და ფარაონების დაკრძალვაც სპეციალურ "მეფეთა ველზე" დაიწყეს, ძველი ეგვიპტის დედაქალაქ თებეს მახლობლად. მიიჩნევა, რომ აქ ყველაზე პირველი სამეფო სამარხი გამოჩნდა თუტმოს I-ის პერიოდში (ძვ.წ. 1504 წლიდან 1492 წლამდე).
რატომ შეწყდა?
ბოლომდე გასაგები არ არის, რატომ შეწყვიტეს ფარაონებმა სამეფო პირამიდების მშენებლობა, მაგრამ უსაფრთხოების ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ-ერთი მთავარი.
"ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ პირამიდების გაძარცვის საფრთხე აუცილებლად ითამაშებდა თავის როლს. მანამდეც კი, სანამ ფარაონები პირამიდების აშენებას შეწყვეტდნენ, ეგვიპტელებმა სამარხების პირამიდის ქვეშ მოთავსებაზე უარი თქვეს", — ამბობს პიტერ დერ მანუელიანი, ეგვიპტოლოგიის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.
ერთი ისტორიული ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს, დაწერა კაცმა სახელად "ინენიმ", რომელიც პასუხისმგებელი იყო თუტმოს I-ის საფლავის აგებაზე ფარაონთა ველზე. ინენი წერდა, რომ "მხოლოდ მე ვაკონტროლებდი მისი უდიდებულესობის კლდის საფლავის გათხრას — არავინ ხედავდა, არავინ ისმენდა".
"ეს ჩანაწერი აშკარად მიუთითებს, რომ საიდუმლოება იყო მთავარი მიზანი", — განუცხადა Live Science-ს ენ მეისი როტმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის პროფესორმა.
ფარაონთა ველის ბუნებრივმა ტოპოგრაფიამ შეიძლება ახსნას, თუ რატომ ჩაითვალა ის სამეფო სამარხებისთვის ხელსაყრელ ადგილად. მას აქვს მწვერვალი, რომელიც ახლა ცნობილია როგორც el-Qurn, ის პირამიდასაც ჰგავს.
"მწვერვალი მჭიდროდ წააგავს პირამიდას, ამიტომ ხეობაში აშენებული ყველა სამეფო სამარხი პირამიდის ქვეშ იყო განთავსებული", — ამბობს მიროსლავ ბარტა, ეგვიპტოლოგი, რომელიც არის ჩარლზის უნივერსიტეტის რექტორი ჩეხეთში.
"ეგვიპტელი ფარაონებისთვის პირამიდა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის "ამაღლების და ტრანსფორმაციის ადგილად" მიიჩნეოდა შემდგომ ცხოვრებაში", — ამბობს მარკ ლენერი, ეგვიპტოლოგი.
ლუქსორის ტოპოგრაფიამ, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქი ახალი სამეფოს დროს გახდა (ძვ. წ. 1550-1070) შესაძლოა, ასევე ითამაშა თავისი როლი პირამიდის მშენებლობის შემცირების მხრივ. ეს დედაქალაქი ძალიან პატარა იყო და იქ ახალი პირამიდების აშენება რთული იქნებოდა.
რელიგიური ხედვების ცვლილებები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ მიწისქვეშა სამარხების მშენებლობას, არის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, რის გამოც ეგვიპტელებმა დიდი პირამიდების მშენებლობა შეწყვიტეს.
თუმცა, მდიდარი კერძო პირები განაგრძობდნენ პირამიდების მშენებლობას. მაგალითად, აბიდოსში 3300 წლის სამარხს, რომელიც აშენდა მწიგნობარისთვის, სახელად ჰორემჰებისთვის, შესასვლელთან ჰქონდა 7 მეტრის სიმაღლის პირამიდა.
ასევე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის განმავლობაში, პირამიდის მშენებლობა პოპულარული გახდა ნუბიაში. ნუბიელები აშენებდნენ პირამიდებს როგორც სამეფო ოჯახისთვის, ასევე კერძო პირებისთვის.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები