კრიპტოვალუტების მაინინგის გამო ყაზახეთში ელექტროენერგიის დეფიციტია
კრიპტოვალუტების გამომუშავებას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება. ამან ყაზახეთში ენერგეტიკული კრიზისი შექმნა. Financial Times-ის თქმით, ყაზახური ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია, KEGOC აცხადებს, რომ ისინი დაიწყებენ 50 და მეტი მაინერის აღრიცხვას და რადგან ისინი დიდ ენერგიას იყენებენ. ენერგოდეფიციტის ან გარკვეული პრობლემის შემთხვევაში, ქსელიდან პირველად სწორედ მათ გათიშავენ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაინერების მიერ მოხმარებული დიდი ენერგიის გამო ოქტომბერში სამი ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა.
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 2021 წელს 8%-ით გაიზარდა, რეალურად კი ზრდა 1-2 პროცენტიანი უნდა ყოფილიყო. ოქტომბერში ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის 6 რეგიონს შეუწყდა.
ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები ამ ყველაფერს დაურეგისტრირებელ მაინერებს აბრალებენ, რომელთა რიცხვიც და მოხმარებული ენერგიაც ძალიან სწრაფად იზრდება. ფერმები ადამიანებს საკუთარ სახლებში ან მცირე ფაბრიკებში აქვთ მოწყობილი.
ეს ყველაფერი ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტების დაბლოკვასაც შეეძლო გამოეწვია. ჩინელმა მაინერებმა ახალი ადგილების ძიება დაიწყეს და მთელ მსოფლიოში გაიშალნენ. მაინინგი არალეგალური ჩინეთში მაისიდან გახდა.
ყაზახეთში ელექტროენერგიის ფასი საკმაოდ დაბალია, რაც მაინერებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
ენერგიის დეფიციტის შევსება ყაზახეთს რუსეთისგან სურს. 2022 წლიდან კი მაინერებს თითოეულ მოხმარებულ კილოვატზე 1 ტენგეს (0.0023 დოლარი) სახით გადასახადი დაუწესდებათ.
კომენტარები