"გასულ ორ წელს საერთოდ ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან" — ქვიარ ემიგრანტის ამბავი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო მოუხდა დაეტოვებინა ოჯახი და სამშობლო. საქართველოში მძვინვარე ჰომოფობიისგან თავის დაღწევის მიზნით, თავშესაფარი ითხოვა გერმანიაში, თუმცა უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებისკენ გზა რთული და სტრესული აღმოჩნდა.
სახელი შეცვლილია, მისივე თხოვნით. კახეთში, სადაც გაიზარდა, საკუთარი განცდები არ დაუმალავს. თამამად ამბობდა — "რა მაგარი გოგოა!". გარშემომყოფები კი ასეთ რეპლიკებსა თუ მის ქცევას ბავშვობას მიაწერდნენ. მაშინ ნინომ არ იცოდა, რას ნიშნავს გეი ან ლესბოსელი. საკუთარი თავს "ნორმალურად" აღიქვამდა და ვერ წარმოედგინა, რომ ვინმესთვის მიუღებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ეკლესია
თინეიჯერობიდან საკუთარ ემოციებს სახელი დაარქვა. პარალელურად კი გაიზარდა ოჯახის წნეხი და მიხვდა, რომ სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.
ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა მაშინ, როცა ნინოს დამ მის ტელეფონში პირადი შეტყობინებები წაიკითხა, რომელშიც ის ღიად საუბრობდა სხვა ლესბოსელ გოგოსთან.
"წამიყვანეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ეკლესიებში. სახლიდან არ მიშვებდნენ, თმა უნდა გამეზარდა, კაბები უნდა ჩამეცვა და მაკიაჟი გამეკეთებინა", — იხსენებს ნინო.
14 წლის ასაკში, ოჯახისგან თავის დაღწევის მიზნით, სახლიდან გაიქცა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება 30 წლამდე ქალთან მიმოწერის შედეგად მიიღო. ქალმა, რომელიც ნინოს გაეცნო, როგორც ლესბოსელი და ეფლირტავებოდა, თინეიჯერი გოგოს ნდობა მარტივად მოიპოვა და თბილისში წაიყვანა.
წასვლამდე ქალმა უთხრა, ტელეფონიდან სიმბარათი ამოიღე, გადატეხე და გადააგდეო. ნინოს ეჭვი გაუჩნდა და არ დაუჯერა. გაირკვა, რომ ქალი ტრეფინკინგში იყო ჩართული, თუმცა სანამ ნინოს თურქეთში გადაიყვანდა, პოლიციამ ისინი იპოვა და ქალი დააკავა.
ნინო ისევ სახლში დაბრუნდა. ისევ წაიყვანეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ისევ ასმევდნენ წამლებს.
გულნარი
18 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. იქვე გაიცნო გოგო, გულნარი [სახელი შეცვლილია] რომელიც შეუყვარდა. გულნარს მშობლები ძალით გათხოვებას უპირებდნენ.
"ნიშნობის საღამოს გამოიპარა და ჩემთან მოვიდა. მისმა მშობლებმა გაიგეს სადაც ვცხოვრობდით და ეს გოგო ძალით წაიყვანეს. საშინლად სცემეს. პოლიცია ჩავრთეთ საქმეში", — იხსენებს ნინო და ამატებს, რომ ამბავი მისმა მშობლებმაც გაიგეს და ზეწოლაც გაორმაგდა. სტრესის გამო, ვერც სწავლას ახერხებდა, ვერც მუშაობას.
ნინო მეგობართან ცხოვრობდა, მისი პარტნიორი — ქალთა თავშესაფარში, როცა გააკეთა ის, რაზეც არასოდეს უფიქრია. სპონტანურად, მეგობრების დახმარებით ფული შეაგროვეს, ყველაზე იაფიანი ბილეთი იყიდეს და საქართველო დატოვეს.
წასვლა
პირველი ნაბიჯი ბერლინში შვებისმომგვრელი იყო. გაუჩნდა განცდა, რომ ყველა პრობლემა უკან მოიტოვა. მეორე მხრივ, გული შესტკიოდა ოჯახზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უყვარდა და ვეღარასდროს ნახავდა.
"გადაწყვეტილი მქონდა, რომ საქართველოში აღარასდროს დავბრუნდებოდი".
ჩასვლისთანავე ნინო და გულნარი ლტოლვილებად ჩაბარდნენ. აქედან დაიწყო ნინოს ცხოვრების კიდევ ერთი ურთულესი პერიოდი.
ის იხსენებს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო საცხოვრებელში განათავსეს, სადაც წვიმა ჩამოდიოდა და საშინელი სიბინძურე იყო. ნინო იხსენებს, ისეთი კოშმარი იყო, პირველივე დღეს დავიწყეთ უკან დაბრუნებაზე ფიქრიო.
მეორე დღეს, გოგოებს დოკუმენტები ჩამოართვეს. ნინოს თქმით, შემოწმების დროს ძალიან უღირსად ექცეოდნენ. ბოლოს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მისცეს მატარებლის ბილეთები გერმანიის ქალაქ ლაიფციგისკენ.
გერმანულის არცოდნისა და რთული სატრანსპორტო ქსელის მიუხედავად, ნინომ და გულნარმა როგორც იქნა ჩააღწიეს ლაიფციგში, თუმცა იქ კიდევ უფრო დრამატული სურათი დახვდათ.
"მოგვცეს ოთახი, რომლის კარიც არ იკეტებოდა. ნივთებს ვერ დატოვებდი, მშვიდად ვერ დაიძინებდი. იყო საერთო აბაზანა, რომლის კარი ასევე არ იკეტებოდა. რამდენჯერმე შემოგვივარდნენ კაცები".
გაუსაძლისი პირობების გამო, ნინომ დაწესებულების ადმინისტრაციას პრეტენზიით მიმართა, რის შემდეგაც სხვა ქალაქში გადაამისამართეს. იქ ჩასულებს კი გულნარის მშობლების ნაცნობები დახვდნენ, რომლებიც ფოტოებს უღებდნენ და უგზავნიდნენ მათ.
"კონფლიქტიც მოგვივიდა მათთან და სკამი გადამატეხეს".
გოგოებმა ლგბტ საკითხებზე მომუშავე გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, რომლის დახმარებითაც მათ ცოტა ხნით გამოუყვეს ერთი ოთახი ქვიარების საერთო საცხოვრებელში. საცხოვრებელი უკეთესი იყო, თუმცა ნინოს და გულნარს "ნახევარჯერ მშიერს უწევდათ ყოფნა" — რადგან თავშესაფარზე და შესაბამისად, უფასო კვებაზე უარი თქვეს, მუშაობის უფლება არ ჰქონდათ, კვირაში სახელმწიფოსგან მხოლოდ 30-30 ევროს იღებდნენ და ეს საკმარისი არ იყო.
შემდეგ, ისევ არასამთავრობოს დახმარებით, სხვა ბინაში გადავიდნენ.
"მივედით, ჩანთები დავაწყვეთ და აღმოჩნდა, რომ ჩემი პარტნიორის მშობლები იყვნენ ჩამოსულები. მოგვადგნენ სახლში. ისევ პოლიციის გამოძახება მოგვიწია".
თავშესაფრის მოლოდინში, გოგოებმა ურთიერთობა დაასრულეს. ნინოს თქმით, გულნარმა გერმანიაში ყოფნას ვერ გაუძლო და მშობლებს ისევ საქართველოში გაჰყვა.
"აქ, ერთად ყოფნის პერიოდში, ვერ ვიტყვი, რომ კომფორტულად ვიყავით ერთმანეთთან. ფული არ გვქონდა, ენა არ ვიცოდით, მუშაობის უფლება არ გვქონდა. მისი მშობლებიც მუდმივად გვაწუხებდნენ, ბიუროკრატიული ამბებიც მოსაგვარებელი გვქონდა. არ მოგვეცა საშუალება ერთმანეთთან ნორმალურად ყოფნის. ცუდად ვგრძნობდით თავს", — ამბობს ნინო და ამატებს, რომ მან ოჯახი სრულად დაკარგა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა.
გულნარის დაბრუნებასთან ერთად, ნინოს თავშესაფარზე გერმანიამ უარი უთხრა.
"ძალიან დიდი შიშის გრძნობა დამეუფლა. ახლა უკან მომიწევს წასვლა? ყველა და ყველაფერი დავკარგე, აღარავინ ვარ და ახლა კიდევ საქართველოში უნდა დავბრუნდე?", — იხსენებს ნინო.
თუმცა ისევ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, ნინომ იპოვა გერმანიაში დარჩენის სხვა ლეგალური გზა — დაიწყო მუშაობა ბიო მაღაზიაში და პარალელურად სწავლა კოლეჯში. ახლა ნინოს შუალედურების პერიოდი აქვს, ჰყავს გერმანელი შეყვარებული და ბედნიერია, მაგრამ:
"რაც აქამდე გამოვიარე, იმ გზას აღარ გამოვივლიდი. კი, ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ გასულ ორ წელს საერთოდ ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან დიდი სტრესი მივიღე".
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ონლაინ გამოცემა Queer.ge-ზე. On.ge გამოცემის მასალებს პარტნიორობის ფარგლებში ავრცელებს.
კომენტარები