სასულიერო პირები აცრისკენ მოგვიწოდებენ — "აცრა არა მარტო თვითგადარჩენა, არამედ სხვაზე ზრუნვაცაა"
თითქმის ორი წელია მთელი მსოფლიო კორონავირუსთან თანაცხოვრებას სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად ვირუსის ფორმები იცვლება და ჩვენც ახალ-ახალ ტალღებთან გამკლავება გვიწევს, Covid-19-თან ბრძოლა ვაქცინაციის წყალობით ახლა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვირუსის გავრცელების პირველ წელს იყო.
ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მისი, როგორც ვირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაზე ბევრს საუბრობენ. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ვაქცინას სკეპტიკურად უყურებს და აცრაზე უარს სხვადასხვა, მათ შორის, რელიგიური მოტივებით ამბობს. On.ge ესაუბრა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კორონავირუსთან გამკლავების გზად სწორედ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ რეკომენდებულ გზებს ირჩევენ. ისინი საუბრობენ ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის მორალურ უპირატესობებზე.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი, ალექსანდრე გალდავა 27 აგვისტოს აიცრა. ის გვიყვება, რატომ გადაწყვიტა ვაქცინაცია:
"მნიშვნელოვანი აცრაში ის არის, რომ ადამიანმა გადაირჩინოს თავისი სიცოცხლე. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანია გარშემომყოფებისთვისაც. ამ გადაწყვეტილებით ჩემ თავს, ჯანმრთელობას ვუფრთხილდები, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, ასევე, მოყვასის ჯანმრთელობას. უამრავი ადამიანია ჩემ გვერდზე, რომლებმაც, სამწუხაროდ, ოჯახებში მიიტანეს ეს დაავადება. ახალგაზრდები არიან და მათმა მშობლებმა ვერ გადაიტანეს, რაც არის ფრიად სამწუხარო".
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი მაღალი იერარქიის ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც საჯაროდ აიცრა. მან კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინა ჯერ კიდევ მაისში გაიკეთა, ცოტა ხნის წინ კი ე.წ. ბუსტერის სახით Pfizer-ის დამატებითი დოზითაც აიცრა.
"ვაქცინაციის მეშვეობით ჩვენ ვიცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც. სხვებზე მზრუნველობა არის ადამიანის უპირველესი მოვალეობა. შესაბამისად, სასულიერო პირისათვის, რომელი რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითი მისცეს სხვაზე მზრუნველობის პრინციპს, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატება ვაქცინაციით და მაგალითის მიცემით სხვებისათვის", — ამბობს სონღულაშვილი.
რამდენიმე თვის წინ აიცრა ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთი, გურამ ასლან აბაშიძეც. სხვა სასულიერო პირების მსგავსად, ისიც ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობაზე, რომელიც გვაქვს როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.
"ჩვენი შუამავალი, მუჰამედი ბრძანებს, რომ ორი რამეა მნიშვნელოვანი — ჯანმრთელობა და თავისუფალი დრო. აქედან გამომდინარე, ისლამში ძალიან დიდი ადგილი აქვს ჯანმრთელობის დაცვას. ერთი ასეთი გადმოცემა არის: თუ ერთ ადგილას დაავადება არის, არ მიხვიდეთ და თუ ისეთ ადგილას ხართ, სადაც დაავადებაა, იქედან არ გახვიდეთ და სხვას არ გადასდოთ. ანუ, ჯანმრთელობის საფრთხეები არც საკუთარ თავს უნდა შეუქმნა და არც სხვას, საზოგადოებას", — განმარტავს მუფთი.
როგორც აღვნიშნეთ, ანტივაქსერულ განწყობებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედიცინის და რელიგიის დაპირისპირების. სასულიერო პირებს ვკითხეთ, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ მითს.
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა პირდაპირ აცხადებს, რომ სასულიერო პირების აქტივაქსერული მოწოდებები შეუსაბამოა სინოდის იმ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.
"სამღვდელოების ის ნაწილი, ვინც ეწინააღმდეგება ვაქცინაციას და მოუწოდებს მოსახლეობას არ აიცრან, ეწინააღმდეგება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა, რომ ეს თემა არ არის რელიგიური, არამედ, ეს თემა გასარჩევია მედპერსონალსა და ადამიანს შორის. ასე რომ, ასეთი სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას", — ამბობს გალდავა.
დეკანოზს მაგალითად სხვა ქვეყნის საპატრიარქოების გადაწყვეტილებები მოჰყავს და აცხადებს, რომ მთელი მართლმადიდებელი სამყაროს დამოკიდებულება ვაქცინაციაზე ცალსახად დადებითია.
"მართლმადიდებლური ეკლესია არ არის მარტო საქართველოში. მართლმადიდებელი ეკლესია არის მთლიანად, ყველა მართლმადიდებლის კრებული, რომელიც არის განფენილი მთელ მსოფლიოში, რომელსაც ჰყავს თავისი ეკლესიის წინამძღვრები, ეპისკოპატი და ადგილობრივი ეკლესია.
მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლურმა სამყარომ, მათმა წმინდა სინოდებმა, მათმა მაღალმა იერარქებმა, პატრიარქებმა გაიკეთეს ვაქცინა და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ აიცრან და გადაირჩინონ საკუთარი თავი და სხვები. ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა მათი გადაწყვეტილება, რომ ვაქცინა არის დღეს არსებული უებარი საშუალება ამ მძიმე ინფექციის წინააღმდეგ", — ამბობს გალდავა.
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი განმარტავს, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ანტივაქსერულ განწყობებს რელიგიური საფუძველი.
"არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც მიიჩნევს, რომ რელიგიურად მიუღებელია ვაქცინაცია, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ თეოლოგიაში მნიშვნელოვანია საღი აზრი. ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის სახედ და ხატად და მისცა გონიერება. ეს გონიერება ადამიანს ეხმაურება თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, საქმიანობაში, მეცნიერების განვითარებაში, ხელოვნების განვითარებაში და კულტურის განვითარებაში. ამ გონიერების შედეგად, ჩვენ გვაქვს მიღებული პროდუქტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს იცავს. შესაბამისად, ეს დანახული უნდა იყოს არა როგორც საფრთხე ადამიანისთვის, არამედ ძღვენი, საჩუქარი, რომელსაც ღმერთი აძლევს საზოგადოებას", — აცხადებს მალხაზ სონღულაშვილი.
ანტივაქსერული განწყობების უსაფუძვლობაზე საუბრობს მუფთიც. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხულოს რაიონში არც ერთი სასულიერო პირი ასეთ მოწოდებებს არ ავრცელებს.
"ისლამი არცერთ დროს არ ეწინააღმდეგებოდა და არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას. თვითონ ისლამს, ყურანის დოგმატიკებს აქვს ისეთი საფუძვლები, რომლებიდანაც მეცნიერება სარგებლობს. ამიტომ, მოწოდებაში, ყურანის ციტატებში არის "იკითხე, ისწავლე, დაეუფლე მეცნიერებას". ჩვენი შუამავალი მიმართავდა თავის ამხანაგებს, იმ დროინდელ მრევლს, რომ თუ სწავლა, მეცნიერების დაუფლება გინდათ, ჩინეთშიც რომ იყოს — წადით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისლამი ასეთ [ანტივაქსერულ] რაღაცებზე არ არის დაფუძნებული.
49 მოქმედი მეჩეთია [ხულოს რაიონში] და არცერთი წინამძღვარი, ვინც ჩვენთან ქადაგებს, რიტუალების დროს ისეთ მოწოდებას არ აკეთებს, რომელიც ანტივაქსერულ თემასთან არის დაკავშირებული", — ამბობს მუფთი.
სასულიერო პირები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციასთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებას.
"პირბადეს ვატარებ, ვიცავ დისტანციას. ჩვენმა ეკლესიამ მოახერხა კოვიდპანდემიის დროს და საკურთხეველი გარეთ, ეზოში გამოვიტანეთ. წირვები გვაქვს სუფთა ჰაერზე. მართალია, ცოტა ძნელია სიცივეში და ცხელ ზაფხულში გარეთ მსახურება, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია.
ჩვენს ეკლესიაში ყოველ კვირას მოდის სახელმწიფოსგან გამოგზავნილი მედიკოსების ჯგუფი, ვიკეთებთ PCR ტესტირებას და ამით ვაკონტროლებთ, რომ ინფიცირების შემთხვევაში სხვასაც არ გადავდოთ და იზოლაციაში გადავიდეთ. ვცდილობთ სრულად შევასრულოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს", — გვიყვება დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.
მუფთი ასლან აბაშიძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, სანამ მუსლიმი სასულიერო პირები აიცრებოდნენ, ისინი ყოველკვირეულად იტარებდნენ ტესტს კორონავირუსზე. აცრის შემდეგ ეს პრაქტიკა შეწყდა, თუმცა რეკომენდაციების დაცვას ახლაც ზედმიწევნით ცდილობენ.
"მრევლს, რა თქმა უნდა, ამაზე ვესაუბრებით. მთელი ორი წელია ვსაუბრობთ დისტანციაზე, პირბადეზე და ა.შ., თუ არის ისეთი ღონისძიებები, ვთქვათ, გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი ქველმოქმედება — მევლუდი, და ა.შ. ამ პერიოდში ასეთი ღონისძიებებიც მინიმალურად გვქონა და თუ აუცილებელი იყო, მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მე ვერ გეტყვი, ყველაფერს სრულყოფილად ვიცავთ-მეთქი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი შევასრულოთ.
გასულ წელს, რამდენიმე თვე მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები შევაჩერეთ, რადგან იმ დროისთვის კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და კრიტიკული მოცემულობა იყო. არასდროს ჩვენს არცერთ წინამძღოლს არ უთქვამს, მაინც უნდა მივიდე, ჯგუფურად უნდა ვილოცოო და ა.შ." — ამბობს აბაშიძე.
მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ყურადღებას ამახვილებს ბავშვთა ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლებზე და ვაქცინაციისკენ განსაკუთრებით მოუწოდებს მშობლებს.
"როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, საქართველოში მაღალია ბავშვების ინფიცირება კოვიდით, რაც, რეალურად, უფროსების პასუხისმგებლობაა. უფროსების დაუდევრობის შედეგია, რომ საქართველოში ამდენი ბავშვი ინფიცირდება ყოველდღიურად.
საქართველომ უკვე დაკარგა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე სამოქალაქო ომში, რომელიც 90-იან წლებში გადავიტანეთ და ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ეს არის რეალური კატასტროფა, რომელსაც სჭირდება გონივრულად დახვედრა და სიცოცხლის გაფრთხილებაზე მზრუნველობა. ეს არის მოვალეობა ყველა სასულიერო პირისა", — ამბობს სონღულაშვილი.
ჩვენთან საუბრისას სხვდასხვა რელიგიის სასულიერო პირები ერთხმად მოუწოდებენ მრევლს, აიცრან და დაიცვან როგორც საკუთარი, ისე სხვების ჯანმრთელობა.
კომენტარები