ბჟანია რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დაკანონებას ემხრობა
სტატია ქვეყნდება OC Media-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. ავტორები არიან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც იყენებენ მათთვის მისაღებ ტერმინოლოგიას. მასალას ვაქვეყნებთ უცვლელად, თუმცა სტატიაში ნახსენებ ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც სახელმწიფო, ასევე On.ge-ს რედაქცია არ აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად. შესაბამისად, ადგილმდებარეობებსა და წოდებებთან მოიაზრება სიტყვები: "ოკუპირებული" და "დე-ფაქტო".
აფხაზეთის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის დაკანონების სურვილი გამოთქვა. აფხაზეთში საცხოვრებელი სახლების გაყიდვისა და შეძენის უფლება წლების განმავლობაში ლიმიტირებული იყო — ეს მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის იყო შესაძლებელი.
ბჟანიამ ტყვარჩელში ვიზიტის დროს აღნიშნა, რომ სახლებისა და აპარტამენტების რუსებისთვის მიყიდვამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ინვესტიციებისა და მოსახლეობის ზრდას ზოგადად აფხაზეთში და განსაკუთრებით, ტყვარჩელის რეგიონში.
"ეს არ უნდა დავუკავშიროთ პოლიტიკური უფლებებისა და მოქალაქეობის მოპოვებას, ეს არის ეკონომიკური საკითხი", — განაცხადა მან და აქვე დასძინა, რომ აფხაზეთს "სჭირდება ხალხი და სპეციალისტები", რომლებიც არა მხოლოდ იმუშავებენ, არამედ შეიძენენ ადგილობრივ აფხაზურ პროდუქციას.
აფხაზეთში უცხოელებისთვის ქონების მიყიდვის საკითხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.
2015 წელს მაშინდელმა დეპუტატმა სერგეი შამბამ სცადა, რომ განსახილველად წარედგინა კანონპროექტი, რომელიც რუსების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენას ლეგალურს გახდიდა. ამ დოკუმენტმა სხვა დეპუტატებში აჟიოტაჟი გამოიწვია.
ერთ-ერთი დეპუტატი, ალმას ჯაპუა გადადგომით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში, თუ მისი კოლეგები მხარს არ დაუჭერდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქონების მიყიდვაზე მორატორიუმის მიღებას. ასეთი მორატორიუმი არ მიღებულა, რადგან რის აკრძალვასაც ის ითხოვდა, უკვე უკანონო იყო. პარალელურად, შამბამ თავისი ინიცირებული კანონპროექტი უკან გაიწვია.
მიუხედავად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვისა, ზოგიერთმა მაინც მოახერხა, რომ ნაწილობრივ მაინც აევლო გვერდი ამ შეზღუდვებისთვის.
ერთი წყვილი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა, OC Media-ს უყვება, რომ სახლი დაარესგისტრირეს, როგორც ერთობლივი რუსულ-აფხაზური ბიზნესისთვის აუცილებელი. სახლის ფასი ბიზნესში მათ შენატანად ჩაითვალა.
კიდევ ერთმა ოჯახმა OC Media-სთან განაცხადა, რომ მათ სახლი აფხაზეთის მოქალაქე მეგობარს შეაძენინეს. ისინი რამდენიმე წელია, რაც აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ, რათა საკუთარი სახლის კანონიერი მეპატრონეები გახდნენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
Chegemskaya Pravda-სთან ინტერვიუში აფხაზეთში მცხოვრებმა პოლიტიკის მეცნიერმა, ასტამურ ტანიამ განაცხადა, რომ მისი აზრით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის ლეგალიზების საკითხი, მთავრობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ იარაღად იქცა. შედეგად, საკითხზე, განსაკუთრებით, ეკონომიკაზე მის პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით, რაციონალური დისკუსია შეუძლებელია.
"ახლა შეუძლებელია ამის განხილვა, რადგან თუ ვინმე იტყვის, რომ სახლების გაყიდვის მომხრეა, მოღალატედ არის შერაცხული. და თუ ვინმე წინააღმდეგია, მაშინ ამბობენ, რომ ის ანტი-რუსია", — თქვა მან.
სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები