როგორია ვირტუალური შეხება — Meta ტაქტილური ხელთათმანის ვიდეოს ავრცელებს
Meta ვირტუალური რეალობისთვის ხელთათმანებს ქმნის, რომლებიც საგნების აღქმისა და შეგრძნების საშუალებას მოგვცემს. განვითარების ამ ეტაპზე, ვირტუალურ რეალობაში არსებული თქვენი შინაური ცხოველის მოფერებას ან ცეცხლზე ხელის დაწვას ვერ შეძლებთ, თუმცა მკლევრები მიზნებს უახლოვდებიან.
Meta (ყოფილი Facebook) დიდი ხანია ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიებზე მუშაობს. უამრავ პროექტს შორის ერთ გამორჩულს კომპანია უკვე 7 წელია ხვეწს და ის ტაქტილური ანუ, შეხებითი შეგრძნებების მქონე ხელთათმანის შექმნას ისახავს მიზნად.
ტაქტილური ხელთათმანი
ხელთათმანზე Meta-ს დანაყოფი, Reality Labs მუშაობს და დღეს მათ პირველი პროტოტიპის რეალური ვიდეოკადრები გვანახეს. მოწყობილობა ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სხვა მოწყობილობებთან ერთად იმუშავებს.
მეტას ტაქტილური ხელთათმანი 15 ამობურცული ზოლის მქონე პლასტმასის გასაბერი ბალიშისგან შედგება, რომლებიც თითების გაყოლებაზე, თითის ანაბეჭდების ქვეშაა მოთავსებული და მათ მთავარი მექანიზმის როლი ექნებათ. ხელთათმანი ვირტუალური რეალობის სათვალის კონტროლერის როლსაც ასრულებს. მის უკანა მხარეს პატარა თეთრი ნიშნულებია, რომლებსაც კამერების ტრეკინგისთვის იყენებენ, რაც საშუალებას იძლევა ჩვენი მოძრაობა VR-ში რეალურ დროში აისახოს. ხელთათმანს სენსორები შიგნიდანაც აქვს, მათი გამოყენებით ის მომხმარებლის თითების მოხრილობის დონეს ადგენს.
როდესაც ხელთათმანს ხელზე ვიკეთებთ და ვირტუალური ან გაფართოებული რეალობის რეჟიმში შევდივართ, მართვის რთული სისტემა ბალიშებს საჭიროებისამებრს ბერავს და ხელის სხვადასხვა არეალს წნევით აწვება. თუ თქვენ ვირტუალურ ობიექტს თითის წვერებით მიწვდებით და ხელს მოუჭერთ, იგრძნობთ რომ თითქოს ობიექტი მყარად გიჭირავთ. თუ თქვენ ვირტუალური ნივთი ხელში გაქვთ, თითების გაყოლებაზე მყოფი ბალიშები დაიჭიმება და წინააღმდეგობის შეგრძნებას გაგიჩენთ, თითქოს მძიმე ნივთის ჭერა გიჭირთ. ეს შეგრძნებები ვიზუალურ და ხმოვან სიგნალებთან ერთად მუშაობს, რაც ფიზიკური შეხების ილუზიას კიდევ უფრო კარგად ქმნის.
ხელთათმანის ტექნოლოგია რბილი რობოტიკის ახალ მიმართულებას ეფუძნება. დიდი და მოუხერხებელი ძრავები თხელი ჰაერის მილებით ჩანაცვლდა. Meta, იგივე ყოფილი ფეისბუქი ამ ყველაფერზე მას შემდეგ მუშაობს, რაც 2014 წელს მარკ ცუკერბერგმა Oculus VR შეიძინა. ხელთათმანის პირველი პროტოტიპის არასრული ვერსია ჯერ კიდევ 2015 წელს ვიხილეთ.
Rality Labs-ის წარმომადგენელი, მიშელ აბრაში ყვება, რომ მოწყობილობის ხელზე მორგების პირველი ეფექტი საკმაოდ განსაცვიფრებელი იყო — "პირველად ხელი თეფშს მოვკიდე, ხელი ზუსტად ისე დაიჭიმა, თითქოს რაიმე მასის მქონე სხეული მეჭირა. ხელში აღებას თან ხმაც ახლდა და მცირე ვიბრაციაც. მე შევიგრძენი, რომ თეფში ხელში ნამდვილად მეჭირა".
ყველასთვის ხელმისაწვდომი ვირტუალური შეხება?
შეხების სიმულაციის შესაძლებლობა სიახლე ნამდილად არ არის. გაფართოებული რეალობის გარეშე, ვიბრაციული ძრავების მეშვეობით შეხების იმიტაცია შესაძლებელია. ეს SONY-მ Playstation 5-ის კონტროლეტისთვის გამოიყენა. მსგავსი ტექნოლოგიებით ხელთათმანებიც იქმნება, თუმცა მათ ძირითადად სამხედროები, ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლები ან კვლევითი ინსტიტუტები იყენებენ.
Meta-ს სურს, რომ მსგავსი მოწყობილობები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს და ჩვეულებრივ სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდეს. ამისთვის კომპანია მილიარდობით დოლარს ხარჯავს. Meta მეტავერსის შექმნას გეგმავს, შესაბამისად მსგავსი მოწყობილობები ვირტუალური სამყაროსთვის ნამდვილად გამოგვადგება. Meta იძლევა გარანტიას, რომ სისტემა Quest-ზეც იმუშავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეველოპერები მის ათვისებას დაიწყებენ.
ცხოვრება VR-ში
Reality Labs-ის აზრით, ხელთათმანები ერთ-ერთი ნაწილი იქნება იმ ყველა ატრიბუტს შორის, რომელთა მეშვეობითაც ვირტუალურ ან გაფართოებულ რეალობაში "ცხოვრებას" შევძლებთ. კომპანია ელექტრომიოგრაფიის (EMG) გამოყენებასაც გეგმავს. მისი მეშვეობით, მაჯის გავლით ნერული სიგნალების აღქმა და მათი გაციფრულებაა შესაძლებელი. Meta-მ ელექტრიომგრაფული სამაჯურების შესაქმნელად 2019 წელს CTRL-Labs შეიძინა. ეს ორი დანაყოფი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს, თუმცა მომავალში მათ დიდი თანაკვეთა ექნებათ.
ხელთათმანის შემთხვევაში, მკვლევართა გუნდს სურს, რომ შემსრულებელი მექანიზმების რაოდენობა გაიზარდოს და ბალიშები ზომაში დაპატარავდეს, რათა ხელის სხვადასხვა წერტილში შეგრძნებების დასარეგულირებლად მეტი არჩევანი ჰქონდეთ. ამჟამად ხელთათმანი 15 ძრავს იყენებს, Reality Labs-ს კი ამ რიცხვის გაზრდა მომავალ 5 წელში 1000-მდე სურს. ამჟამად ხელთათმანს მხოლოდ ობიექტის კონტურების აღქმა და მათზე შეხების იმიტაცია შეუძლია, სამომავლოდ კი ჩვენ შეხებისას თითოეული მილიმეტრი უნდა შევიგრძნოთ.
"ამჟამად თქვენ შეძლებთ მოეფეროთ ძაღლს, მაგრამ ვერ იგრძნობთ ბეწვის ტექსტურას. ამისათვის საჭიროა შეხების წერტილებში ძალიან ბევრი ბალიშისა და სენსორის მოთავსება, ეს კი ამ ხელთათმანს ჯერ არ შეუძლია" — ამბობს Reality Labs-ის ინჟინერი კატარინა ჰილი.
რა თქმა უნდა, მეტა ბეწვის აღქმაზე ორიენტირებული ჯერ არაა, თუმცა ეს ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისათვის, რომ დავინახოთ გავნვითარების რა ეტაპზეა ამჟამად ტექნოლოგია.
ასევე, აღსანიშნია, რომ ხელთათმანები ჯერჯერობით ზომაშიც ძალიან დიდია და მოუხერხებელი. კატარინა ჰილის თქმით, ხელთათმანების საბოლოო ვერსია იმდენად მსუბუქი უნდა იყოს, რომ მომხმარებელს მისი ხმარებისას დისკომფორტი არ ექმნებოდეს. ასევე, ხელთათმანის დასრულებული ვერსია სრულად უსადენო უნდა იყოს.
მეტას ხელთათმანების დამზადების პროცესში კიდევ არის ერთი სირთულე, ის ყველას ხელს უნდა მოერგოს, ბავშვებსაც, თინეიჯერებსაც და ზრდასრულებსაც. ამის გაკეთება 3D ქსოვის მეთოდით შეიძლება და ამ შემთხვევაში თითოეული ხელთათმანი კონკრეტულ მყიდველს მოერგება, მაგრამ უცნობია, რამდენად შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება დიდი მოთხოვნის შემთხვევაში. ასევე, საინტერესო იქნება ხელთათმანის მოვლის პროცედურებიც. მაღალტექნოლოგიური ნივთების გაწმენდა მარტივი არ არის, თუმცა კატარინა ჰელის თქმით, მათ გეგმის მიხედვით, ხელთათმანი საბოლოოდ გარეცხვადი უნდა იყოს.
"ჩვენ ისეთი ხელთათმანის შექმნა გვსურს, რომლის მოვლა და გარეცხვაც მარტივი იქნება. როგორ უნდა ვქნათ ეს? — ჯერ არ ვიცით, თუმცა ეს ჩვენი ხედვის ნაწილია და მომავალს დრო გვიჩვენებს".
უსაფრთხოება
თუ ხელთათმანები გაკომერციულდება, მას უსაფრთხოების ნორმებისა და პირადი ინფორმაციის კუთხით ბევრი დაბრკოლება შეხვდება. ყველა მოწყობილობა, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას აგროვებს. პოტენციურად ჩვენს პირად ინფორმაციას საფრთხის ქვეშ აყენებს.
მიშელ აბრაში EMG ტექნოლოგიით დამზადებულ სამაჯურებს კლავიატურას ადარებს. მისი აზრით, ის საფრთხედ არ უნდა აღიქმებოდეს. მაგრამ, მსგავსი მოწყობილობებით ადამიანების შესახებ ბევრი ინფორმაციის დადგენა შეიძლება. EMG ტექნოლოგიის მეშვეობით მედიცინაში პარკინსონის წინასწარ დიაგნოზსაც კი სვამენ.
Meta-ს წინ რთული გზა ელის, რადგან მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი მოწყობილობები უსაფრთხო იქნება. მათ უნდა დაადგინონ რა ინფორმაცია გაიცემა მომხმარებელთა მოწყობილობებიდან და ვის ექნება მათზე წვდომა. ჰაკერული თავდასხმის შემთხევაში, შესაძლოა, მომხამრებელთა ბიომეტრიული ინფორმაცია კრიმინალების ხელში აღმოჩნდეს.
"ჩვენ გარშემო სხვანაირი სამყაროა, სადაც არაფერი არ არის მყარი" — ყვება აბრაში.
ვირტუალური ნივთების გამოწვევა
ამჟამად ინჟინრეთა ჯგუფი ფიქრობს, თუ როგორ უნდა აღიქმებოდეს ობიექტები მყარ ნივთებად ვირტუალურ რეალობაში. მაგალითად, თუ ჩვენ რეალობაში მაგიდას ხელს მოვკიდებთ, ვიგრძნობთ როდის უნდა გავჩერდეთ და რამდენად უნდა მოვუჭიროთ ხელი, თუმცა გაფართოებულ რეალობაში ჩვენი ხელი მაგიდაში გაივლის, რადგან მას მყარი სხეული არ აქვს. ხელთათმანმა უნდა შეძლოს და გადმოსცეს ზუსტად ისეთი შეგრძნება, თითქოს თქვენი ხელი მაგიდას მიებჯინა და ამით თქვენ ხელის წინ მიწევის სურვილი მეტად აღარ უნდა გაგიჩნდეთ. ეს შექმნის ილუზიას რომ მაგიდა მართლაც მყარია.
"ტაქტილური ხელთათმანების ერთ-ერთი საინტერესო მხარე ისაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რეალური შეგრძნებებისა და წინაღობების ზუსტად გადმოტანა ვირტუალურ სამყაროში. ხმა და გამოსახულება კი შეგვიძლია იდეალურად დავაკოპიროთ", — გვიხსნის აბრაში.
მაღალი გარჩევადობის ეკრანზე გამოსახულება შეგვიძლია იდეალური ხარისხით ვნახოთ, კარგი ყურსასმენებით ბგერების გადმოცემაც მაღალ დონეზეა განვითარებული, მაგრამ ხელთათმანი იქ ვერ გაჩერდება, სადაც ვირტუალური ობიექტი იწყება. ამის მაგივრად, მან თქვენ უნდა შეგიქმნათ ისეთი შეგრძნება, რომ თქვენ მოგინდეთ ხელის გაჩერება და ჩათვალოთ, რომ ნივთი სწორად და მყარად გიჭირავთ.
"საბოლოოდ, ტაქტილური ხელთათმანებით ლეკვების მოფერებასაც შევძლებთ, ეს ვირტუალური ძაღლი იქნება, ცოტათი განსხვავებული შეგრძნებებით, მაგრამ ემპირიულად, ემოციურ დონეზე ეს რეალურ შეგრძნებებს მოგვცემს"
Meta-ს გეგმები ნამდვილად დიდია, კომპანია ტექნოლოგიების გასავითარებლად მილიარდობით დოლარს ხარჯავს და თან შედეგებიც უკვე აქვს. ოკულუსისა და Reality Labs-ის შეძენის შემდეგ, მარკ ცუკერბერგს რეალურად გაუჩნდა შესაძლებლობა შექმნას მეტავერსი, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ინტერაქციას, როგორც ჩანს, შეხების დონეზეც შეძლებენ.
კომენტარები