5 რამ, რაც მეტავერსზე უნდა ვიცოდეთ
ფეისბუქის რებრენდინგის შემდეგ, რომელიც კომპანიის "მეტავერსზე" ფოკუსირებას ასახავს, ახლა Microsoft-მა გამოაცხადა, რომ ამ მხრივ ისიც იაქტიურებს.
ასევე: Microsoft "მეტავერსების" ბრძოლაში ერთვება
ამის ფონზე, აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა როგორც კომპანიამ სახელიც გადაირქვა (არა როგორც აპლიკაციამ) და მას ახლა "Meta" ეწოდება. ახალი სახელწოდება პირდაპირაა დაკავშირებული მეტავერსთან, რაც საბოლოოდ საშუალებას მოგვცემს ვირტუალურ რეალობაში "გადავეშვათ". გამოვიყენოთ რა ეს სივრცე განათლებაში, სამუშაოსა და სოციალურ კონტექსტში.
მეტავესრი როგორც იდეა არ არის ახალი. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორმა ნილ სტიფენსონმა გამოიყენა ტერმინი "მეტავერსი" თავის 1992 წლის კიბერპანკ რომანში "Snow Crash". წიგნში წარმოდგენილია 3D ვირტუალური სამყარო, რომელშიც ადამიანებს, წარმოდგენილებს როგორც ავატარებს, შეეძლოთ ურთიერთქმედება ერთმანეთთან.
თუმცა, ერთია სიტყვა და მეორეა თუ როგორი იქნება მეტავერსი რეალურად. სტატიაში ვისაუბრებთ 5 მნიშვნელოვან ფაქტორზე, რაც მეტავერსზე უნდა ვიცოდეთ.
ასევე: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
1 — ვირტუალური სამყარო
ეს მეტავერსის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თქვენ შეგეძლებათ ჩაერთოთ ამ სამყაროში კომპიუტერის, სათამაშო კონსოლის, მობილურის, ან სხვა მოწყობილობის გამოყენებით. ასე თქვენ აღმოჩნდებით 3D ციფრულ რეალობაში. ეს იქნება ვირტუალური რეალობა, სადაც სპეციალური ჩაფხუტის თუ იდეალურად მსგავსი მოწყობილობის გამოყენებით თქვენ ვირტუალურ სამყაროში აღმოჩნდებით.
2 — ვირტუალური რეალობა
იმისთვის რათა ვირტუალურ რეალობაში მოვხვდეთ გვჭირდება სპეციალური ჩაფხუტი. იდეა აქ არის ის, რომ თქვენ ჩაძირული ხართ ვირტუალურ სამყაროში, ასე რომ თქვენ ციფრულ სამყაროში კიდევ უფრო გადაეშვებით. ასეთ დროს რთული იქნება ვირტუალური და "ყოველდღიური" რეალობის გარჩევა. ყოველ შემთხვევაში ეს მანამ, სანამ ოთახში შემთხვევით მაგიდას არ დაეჯახებით.
3 — სხვა ადამიანები (მომხმარებლები)
მეტავერსი სოციალურია. შესაბამისად, ამ ვირტუალურ რეალობაში ადამიანები როგორც "ავატარები" ისე იქნებიან წარმოდგენილნი. ამ ავატარებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს ბოტი, ვირტუალური აგენტი ან ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა გამოვლინებები. თქვენ ამ ვირტუალურ რეალობაში სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია შეგეძლებათ, იქნება ეს გართობა თუ საქმიანი ურთიერთობები. სოციალური ასპექტი, სავარაუდოდ, ცენტრალური იქნება ფეისბუქის მეტავერსიისთვის, მისი, როგორც სოციალური ქსელის ისტორიის გათვალისწინებით.
მეტავერსის თაყვანისმცემლები და ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ კომუნიკაცია შეიძლება იყოს უფრო ბუნებრივი, ვიდრე ეს ვიდეო კონფერენციაა — რადგან, ასეთ დროს შეგეძლებათ გამოიყენოთ მზერა იმის საჩვენებლად, თუ ვის მიმართავთ (თქვენს ავატარს შეეძლება თავი მოაბრუნოს და შეხედოს სხვა ადამიანს). ამასთან, თქვენს ავატარს შეეძლება სივრცეში მოძრაობა, კონკრეტულ მომხმარებელთან მიახლოება და მის გვერდით დაჯდომა.
4 — გამძლეობა
ეს ნიშნავს, რომ ვირტუალური სამყარო ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, როდესაც გსურთ მისი მონახულება. ექსპერტების თქმით, მეტავერსში შეგეძლებათ შექმნათ და შეცვალოთ ვირტუალური შენობები, ან სხვა ობიექტები. რაც მთავარია, ცვლილებები ადგილზე დარჩება შემდეგ ვიზიტამდე.
მეტიც, თქვენ შესაძლოა შეძლოთ "საცხოვრებელი ადგილის" დაკავება და მისი ნაწილის ფლობა. მეტავერსი დაეყრდნობა თქვენს მიერ შექმნილ კონტენტს — თქვენს ციფრულ შემოქმედებას და პირად ისტორიებს — ისევე, როგორც დღეს სოციალური მედია აკეთებს ამას.
5 — კავშირი რეალურ სამყაროსთან
მეტავერსში ჩაშვებისას, ვირტუალურ რეალობაში შეგვეძლება ვისწავლოთ კონკრეტული ნივთების გამოყენება, რა ცოდნასაც შემდგომში "რეალურ სამყაროშიც" გამოვიყენებთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს როგორც ავტომობილის ტარების სწავლება, ისე სხვა ნებისმიერი.
დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ მეტავერსი გარკვეული სახით ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ. ის თუ ზუსტად როგორი იქნება მეტავერსი ამას ალბათ დრო გვიჩვენებს, ერთი რამ ფაქტია, ინტერნეტი დროსთან ერთად იცვლება და ამ ცვლილებებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: მეტავერსი — ინტერნეტის მომავალი
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები