ბოსტონში დაფუძნებულმა კომპანიამ, SmartFlower Solar-მა შექმნა მზის პანელები, რომლებსაც მზესუმზირის ფორმა აქვთ და სხივებს დაჰყვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სტანდარტულ მზის პანელებთან შედარებით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

მოწყობილობა სიმაღლეში 5 მეტრია და მზის მდგომარეობის მიხედვით ხან იშლება, ხან იკეცება. ის ყოველწლიურად 5 000 კილოვატი დენის გამომუშავებას შეძლებს. ამ რიცხვებით გამოდის, რომ მზესუმზირისებრი პანელი სტანდარტულ პანელებთან შედარებით 40%-ით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.

მეტიც, SmartFlower-ს თავისი ენერგიის დამგროვებელი ელემენტებიც მოჰყვება. 2019 წელს SmartFlower Solar-მა ინტეგრირებული ელემენტები, SmartFlower +Plus წარადგინა. კომპანია NEC Energy Solutions-თან თანამშრომლობს. სწორედ ეს უკანასკნელი აწვდის მათ +Plus-ის ელემენტებს, რაც შემდგომში მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ გამოიმუშაონ და და დააგროვონ სუფთა ენერგია.

"მზის პანელების მწარმოებელი და დამმონტაჟებელი კომპანიები შეძლებენ გამოიყენონ ჩვენი ორღერძიანი სისტემა, რათა პანელმა მზის სხივებზე მიყოლა შეძლოს. მზის პანელებსა და ენერგიის შემნახველ სისტემებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და SmartFlower +Plus ინდუსტრიას თავდაყირა დააყენებს" — განაცხადა SmartFlower-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ გორდონმა

ახალ პანელებს ექსტრემალურ პირობებში მუშაობაც შეუძლიათ. SmartFlower -40 გრადუსიდან +60-მდე ნებისმიერ ტემპერატურაში თამამად გაძლებს. მას ორჯერ მეტი ენერგიის დაგროვება შეუძლია და სტანდარტულ პანელებთან შედარებით 50-ჯერ უფრო დიდი სასიცოცხლო ციკლიც აქვს. ახალი ტექნოლოგია სწრაფ დატენვასაც უზრუნველყოფს და სტანდარტულ ტყვიის მჟავიან ელემენტებზე 100-ჯერ უფრო სწრაფად იტენება.

2021 წლის მარტში, Vodafone Spain სრულად ასეთ მზის პანელებზე გადავიდა. კომპნიამ მზის პანელები ესპანეთში, მადრიდის სათაო ოფისისთვის დაამონტაჟა.

2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ამერიკაში SmartFlower-ის 350 მზესუმზირისებრი პანელია დამონტაჟებული, ხოლო ევროპაში უკვე 1 800. მას შემდეგ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდებოდა. როგორც ჩანს, SmartFlower-ს დიდი წარმატება ელის, თუმცა მას კონკურენტებიც მალე გამოუჩნდებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.