მიკრობების მეშვეობით, შესაძლოა, მარსზე რაკეტებისთვის ბიოსაწვავი შევქმნათ
კაცობრიობა მარსზე კოლონიების დაარსებას გეგმავს, თუმცა ასტრონავტებს დედამიწაზე დასაბრუნებლად საკმარისი რაოდენობის საწვავი დასჭირდებათ. მსგავსი ნივთიერებების წონიდან გამომდინარე, მათი წითელ პლანეტაზე წაღება მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მეცნიერები რაკეტებისთვის ენერგიის წყაროს იქვე მოპოვებას განიხილავენ.
აშშ-ში მდებარე ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად ახალი კონცეფცია წარადგინეს, რომელიც მიკრობების მეშვეობით წითელ პლანეტაზე საწვავის შექმნას გულისხმობს. გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ამისთვის ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები და კოლი-ბაქტერია, იგივე ნაწლავის ჩხირია საჭირო. მარსზე განთავსებული უზარმაზარი ფოტობიორეაქტორის დახმარებით, პირველი მათგანი შაქრების წარმოქმნას შეძლებს, მეორე კი მას ორგანულ ნაერთად, 2,3-ბუტანდიოლად გადააქცევს.
2,3-ბუტანდიოლი არც ისეთი მძლავრი საწვავი გახლავთ, რის გამოც მისი საშუალებით დედამიწიდან კოსმოსური აპარატების გაშვება ეფექტიანი არაა. სამაგიეროდ, ის რაკეტებს მარსის ზედაპირიდან აფრენისთვის გამოადგება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე არსებული გრავიტაცია შედარებით სუსტია, შესაბამისად, ამ ნივთიერების წყალობით გამომუშავებული ენერგია ხომალდის დასაძრავად სრულიად საკმარისი იქნება.
ამ მიზნის მისაღწევად, წითელ პლანეტაზე სპეციალური ფოტობიორეაქტორი უნდა აშენდეს. ის ზომით 4 საფეხბურთო მოედანს გაუტოლდება. სისტემა ნახშირორჟანგსა და მზის სხივებზე იმუშავებს, რომლებიც მარსზე უხვი რაოდენობით გვხვდება. შედეგად, კოსმოსური მისიების ხარჯები საგრძნობლად შემცირდება და 44 ტონა სუფთა ჟანბადი დაგვრჩება, რომელსაც კოლონისტები იქ ადამიანისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად გამოიყენებენ.
კომენტარები