ევროკავშირი 2 მილიონი ევროთი დააფინანსებს სამეცნიერო პროექტს, რომელიც კომერციული ბაზრებისთვის ლაბორატორიული ხორცი შექმნაზე მუშაობს.

ეს ყველაფერი კორონავირუსით მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომელიც ევროკომისიამ გასულ წელს, React-EU-ს სახელით შეიმუშა. დაფინანსების პროგრამაში მოხვდა ორი ჰოლანდიური კომპანია — Nutreco და Mosa Meat. მათი დავალება ლაბორატორიულ ხორცზე მუშაობა იქნება. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დროს, ხორცის ფასი ევროკავშირში მკვეთრად გაიზარდა.

პროგრამა დააფინანსებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები შეეცდებიან იპოვონ ამინომჟავების, ვიტამინებისა და მინერალების საუკეთესო კომბინაცია და შემდეგ მათ უნდა შეძლონ ძროხის კუნთოვანი ქსოვილის ლაბორატორიულად შექმნა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამით მესაქონლეობა ახალ საფეხურზე გადავა. ლაბორატორიულად შექმნილი ხორცი უფრო ჯანსაღი უნდა იყოს. ჩლიქოსანი ცხოველების გაზრდისთვის ფერმერები უამრავ ხელოვნურ დაანამტს იყენებენ, ლაბორატორიული ხორცი კი ნატურალურად სუფთა იქნება. ასეთმა ხორცმა ევროპული ბაზრის უმეტესი ნაწილი უნდა მოიცვას.

კვლევა აჩვენებს, რომ თუ ხორცის წარმოების ამ ორ მეთოდს შევადარებთ, ლაბორატორიულ ხორცს 92%-ით ნაკლები გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებაზე, ის 93%-ით უფრო ნაკლებად დააბინძურებს ჰაერს. ასევე, ლაბორატორიული ხორცის წარმოებას განუზომლად დიდი ფერმებიც არ დასჭირდება, მის წარმოებას 95%-ით უფრო ნაკლები ტერიტორიაც ეყოფა. ასევე, ლაბორატორიული ხორცის წარმოება 78%-ით უფრო ნაკლებ წყალსაც მოითხოვს.

გასულ თვეს გამოქვეყნებულმა ერთ-ერთმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტის სათბური აირების ერთ მესამედს სწორედ ხორცის ბიზნესი წარმოქნის.

Mosa Meat-ის თანადამფუძნებელი, პეტერ ვერსტრატე ამბობს, რომ ამ გრანტით ევროკომისიამ გზა გაუხსნა უჯრედოვანი ხორცის წარმოების განვითარებას.

"ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი უნდა იყოს ისეთი, რომ მომხმარებელს იგივე შეგრძნებები დაუტოვოს, როგორც ეს ბუნებრივი ხორცის მირთმევისას ხდება და თან ეს ყველაფერი კონკურენტუნარიან ფასად უნდა მოხდეს", — ამბობს ვერსტრატე.

ის განმარტავს, რომ უჯრედები, რომლებსაც ისინი ლაბორატორიებში ზრდიან, ზუსტად ისეთივეა, როგორც ძროხის კუნთოვან სისტემაში. მათ ღეროვან უჯრედებს უწოდებენ.

"მეცნიერები ცდილობენ დააკოპირონ ეს ბიოლოგიური პროცესი ცხოველის გარეშე. ჩვენ განვაგრძობთ კვლევას, რათა უკეთ გავიგოთ თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი", — პეტერ ვერსტრატე.

უჯრედებს, რომლებსაც ჯანმრთელი ცხოველისგან იღებენ (ცხოველი პროცესში არ კვდება) უჟანგავი მეტალის კონტეინერში ათავსებენ. აქ მას საჭირო ნივთიერებებით კვებავენ, მანამ სანამ გაყოფასა და ზრდას არ დაიწყებენ. ამ პროცესს, დაახლოებით, 3 კვირა სჭირდება, რაც ხორცის სახეობაზეა დამოკიდებული.

Nutreco და Mosa Meat იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი ლაბორატორიული ხორცი ჯანსაღი იქნება და წარმატებასაც მიაღწევს. წარმოების პროცესი კი ბუნებისთვის მინიმალურად საზიანო იქნება.