ფილმების VR-ში ნახვა ამბლიოპიის სამკურნალოდ — FDA-იმ ახალი მეთოდი დაამტკიცა
აშშ-ის მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) ამბლიოპიის, ანუ ზარმაცი თვალის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდი დაუშვა. მეთოდის შესაბამისად, პაციენტები სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებს სპეციალური VR ჩაფხუტის მეშვეობით ნახავენ, რათა მხედველობა გაიუმჯობესონ. ამის შესახებ ინფორმაციას მეთოდის ავტორი — კომპანია Luminopia ავრცელებს.
"ვამაყობთ, რომ FDA-ის დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილების ნაწილს წარმოვადგენთ, რომლის თანახმადაც პირველად მოხდა მსგავსი ციფრული ტიპის მხედველობის მკურნალობის მეთოდის დამტკიცება. პაციენტებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი საყვარელი სატელევიზიო შოუები და ფილმები, რომ გაიუმჯობესონ მხედველობა", — აცხადებს სკოტ შაო, Luminopia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ბავშვების დაახლოები 3%-ს აქვს ამბლიოპია, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ტვინი და თვალების კომუნიკაციის მხრივ პრობლემები არსებობს. ამ დროს ტვინი ამოიჩემებს ერთ თვალს, ამას კი მხედველობის პრობლემებთან მივყავართ. ეს ბავშვებში თვალის პრობლემების უმთავრესი მიზეზია. ძირითადად, მისი მკურნალობისთვის უფრო აქტიური თვალს ზღუდავენ, მაგალითად, სპეციალური საფარველით, შემდეგ კი ასე ვთქვათ, ტვინს აიძულებენ, უფრო სუსტი თვალის იმედად იყოს და მასზე დაყრდნობით მიიღოს ვიზუალური ინფორმაცია.
Luminopia-ს მიერ შემუშავებული მეთოდი იყენებს სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს, იმისათვის, "ზარმაცი" თვალის გამოცოცხლება შეძლოს. პაციენტები ჩაფხუტის გამოყენებისას გამოსახულებას ცალ-ცალკე იღებენ თითოეული თვალისთვის. აქტიური თვალისთვის განკუთვნილი გამოსახულება უფრო მკრთალია, ხოლო "ზარმაცი თვალისთვის" განკუთვნილი — მკვეთრად ჩანს.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიის კლინიკური ცდებისას ბავშვებს, რომლებმაც ამ ტიპის VR თერაპია მიიღეს, მეტად გაუუმჯობესდათ მხედველობა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს, რომლებშიც მკურნალობის ამ მეთოდის ნაცვლად მხედველობის კორექტირებისთვის განკუთვნილ სათვალეს იყენებდნენ. 12 კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, დღეში ერთი საათით, კვირაში ექვსი დღის განმავლობაში Luminopia-ს მეთოდის გამოყენებამ, მონაწილე ბავშვების 62%-ში მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საკონტროლო ჯგუფის ბავშვების მხოლოდ მესამედს ჰქონდა მსგავსი გაუმჯობესება 12 კვირის მანძილზე.
მეთოდის შესაქმნელად Luminopia-ს გუნდი კომპანიის ლაბორატორიაში 700 საათი მუშაობდა და თანამშრომლობდა ისეთ საბავშვო კონტენტის მწარმოებლებთან, როგორიცაა Nelvana და Sesame Workshop.
კლინიკური კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოპულარული ვიდეოების ნახვის შესაძლებლობა შეიძლება იყოს ის, რაც მათი პროგრამის წარმატებას განაპირობებს. მკურნალობის განრიგს 88%-ით ზუსტად ასრულებდნენ კვლევისას, მაშინ როცა თვალის საბურველების მეთოდის ინსტრუქციებს, საჭიროებისამებრ, პაციენტთა 50%-ზე ნაკლები იყენებს.
FDA-ის ამ ნებართვის შემდეგ, Luminopia უერთდება იმ ციფრულ კომპანიათა მცირე ჩამონათვალს, რომელთა პროდუქტების სამედიცინო კონდიციების სამკურნალოდ გამოყენების ნებართვაც ადმინისტაციას გაუცია. გასულ წელს FDA-იმ დაამტკიცა ვიდეოთამაში EndeavorRx, რომელიც 8-დან 12 წლამდე ბავშვებში ADHD-ს სამკურნალოდ იყენებენ. Luminopia-ს გამოყენება კი პაციენტებს 2022 წლიდან შეეძლებათ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები