ისტორიაში პირველად, დეპრესიის მქონე პაციენტს ტვინის იმპლანტით უმკურნალეს
დეპრესია საკმაოდ მძიმე აშლილობაა, რომელიც მრავალ ადამიანს აწუხებს. ხდება ისეც, რომ მათზე სხვადასხვა თერაპია თუ მედიკამენტი ვეღარ მოქმედებს, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს.
ეს დაემართა 36 წლის სარასაც, რომელსაც დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან აღენიშნებოდა. თუმცა, მეცნიერთა ახალი მიგნების წყალობით, მან მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო, რაშიც აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტთა მიერ შექმნილი ტვინის იმპლანტი დაეხმარა.
"ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. მწვავე დეპრესიაში ვიყავი. ვიცოდი, რომ თუ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდი და წინ ვერ წავიდოდი, ამ ყველაფერს ვეღარ გადავიტანდი. ასეთ სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა", — აცხადებს სარა.
საბედნიეროდ, მან მონაწილეობა მიიღო კვლევაში, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ტვინის სტიმულირების მეთოდებს ცდიდნენ. ეს ხერხი პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ მათთან შედარებით, დეპრესია ბევრად კომპლექსურია.
გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ სარას დეპრესიის ბიომარკერი, კერძოდ, ტვინში წარმოქმნილი კონკრეტული იმპულსები მოეძებნათ, რომლებიც დაავადებასთან ასოცირდებოდნენ. ერთი ელექტროდი მათ სწორედ მსგავს რეგიონში ჩანერგეს, ხოლო მეორე — შესაბამის ნერვულ წრედში.
ბიომარკერის აღმოჩენისას სტიმულატორი სამიზნე არეალში 6 წამის განმავლობაში სუსტ ელექტრულ იმპულსებს უშვებდა. შედეგად, სარას მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
"პირველ თვეებში დეპრესია სწრაფად და საგრძნობლად შესუსტდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს დიდხანს გასტანდა, თუმცა ნამდვილად ასე მოხდა. ნელ-ნელა გავაანალიზე, რომ იმპლანტი თერაპიის მიღწევებსა და საკუთარი თავის ხელში აყვანის მცდელობებს აძლიერებდა", — ამბობს სარა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბიომარკერი ყველასთვის სხვადასხვაა, ამიტომ შედეგის მისაღებად ტვინის პერსონალიზებული სტიმულირებაა საჭირო. ამან, შესაძლოა, ერთ დღეს დეპრესიის მქონე ადამიანების ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.
კომენტარები