სომხეთის უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის 1/4 სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევა
სომხეთის უმსხვილესი სამრეწველო კომპანიის, ზანგეზურ სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის 25%-იანი წილის მფლობელობა მთავრობას გადაეცემა. OC Media წერს, რომ აქციები რუსულ ინდუსტრიულ კომპანიაზე გადავა, რომელიც ქარხნის საკონტროლო აქციების 60%-ს ფლობს.
სომხეთის მთავრობისათვის კომპანიის აქციების 25%-ის გადაცემის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დოკუმენტებით გავრცელდა.
ამავე დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. მოსალოდნელია, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უახლოეს ათ დღეში გაფორმდება.
Civilnet-ის თანახმად, ინდუსტრიული კომპანია სააქციო საზოგადოებაა, რომელიც მოსკოვშია რეგისტრირებული. კომპანიის ცნობილი აქციონერები არიან რუსეთის ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი, მიხეილ ზურაბოვი, ასევე, სიუნიკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, ვაჰე ჰაკობიანის ძმა და ოპოზიციის ლიდერის, რობერტ ქოჩარიანის ახლო მოკავშირე, აიკ ჰაკობიანი.
სპილენძისა და მოლიბდენის გადამამუშავებელი ქარხანა, ზანგეზურის სპილენძისა და მოლიბდენის კომბინატი სომხეთის სამხრეთ პროვინცია სიუნიკში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, რომელსაც, დაახლოებით, 4 500 თანამშრომელი ჰყავს.
მიმდინარე წელს სომხეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, ქარხანა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ოფიციალურმა პირებმა საწარმოს თანამშრომლები მუშებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. საუბარი იყო მუშების იძულებაზე ხმა ოპოზიციური სომხური ბლოკისთვის მიეცათ და მმართველი პარტიის, ნიკოლ ფაშინიანის სამოქალაქო შეთანხმების აქციებში მონაწილეობა არ მიეღოთ.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გამოქვეყნდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები