რუსეთის ჭირისა და საშიში პათოგენების კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის მკვლევარი "უცნობი წარმოშობის" ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ციმბირში მდებარეობს. ამჟამად იქ კარანტინში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფება. რუსულმა უწყება "როსპოტრებნადზორმა", რომელიც ინფექციურ დაავადებებს აკონტროლებს, მკვლევრის გარდაცვალებასა და მის საქმიანობას შორის კავშირი უარყო. ამის მიუხედავად, შემთხვევამ იმ ინფექციის შესახებ გააჩინა კითხვები, რომელიც ფილტვების ანთებას იწვევს.

ასევე იხილეთ: "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში (CDC) აცხადებენ, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ის რუსეთის ჯანდაცვის უწყებებთან მუდმივ კონტაქტზეა, რათა დეტალები დაადგინოს, მათ შორის: რა კვლევები ტარდება და არსებობს თუ არა საერთაშორისო საფრთხეები.

"არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ფართო საზოგადოებისთვის რისკი დაბალია", — განაცხადა ჯანმოს პრესსპიკერმა. მანვე დასძინა, რომ საფრთხეების შეფასება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

რა არის პნევმონიური ჭირი?

პნევმონიური ჭირი იშვიათი და სასიკვდილო ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია Yersinia pestis იწვევს. მეცნიერები მას ამ დაავადების ყველაზე საშიშ ფორმად მიიჩნევენ. არსებობს ამავე ბაქტერიით გამოწვეული სხვა ფორმებიც, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოს აზიანებს.

ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუბონური ჭირია. ის ხშირად რწყილის ნაკბენით ან კანის დაზიანებულ ადგილში ბაქტერიის შეღწევით ვითარდება. ინფექცია ლიმფური კვანძების შეშუპებასა და ტკივილს იწვევს, რის გამოც, შესაძლოა, სეპტიცემიურ ჭირშიც გადაიზარდოს.

სეპტიცემიური ჭირი სისხლის მიმოქცევის სისტემას აზიანებს და ხშირად ორგანოების გათიშვას იწვევს. ეს ფორმაც შეიძლება უშუალოდ რწყილის ნაკბენით გავრცელდეს. ფარინგეალური ჭირი კი ყელს აზიანებს და ინფიცირებული ხორცის მიღების შედეგად ვითარდება.

ბაქტერია Yersinia pestis იწვევს ჭირს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულ — ბუბონურ ჭირს, რომელიც, როგორც წესი, ინფიცირებული რწყილის ნაკბენით გადაეცემა. პნევმონიური ჭირი ამ დაავადების ყველაზე მძიმე ფორმაა.

ფოტო: Centers for Disease Control and Prevention/Getty Images

ჭირის გავრცელება და სიმპტომები

პნევმონიური ჭირი ბაქტერიული ინფექციის ერთადერთი ფორმაა, რომელიც ადამიანისგან ადამიანს პირდაპირ გადაეცემა. ის ჰაერწვეთოვანი გზით — ხველის ან ცემინების დროს — ვრცელდება. ინფექციის გადატანა ინფიცირებულ ცხოველებსაც შეუძლიათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანიდან ადამიანზე პნევმონიური ჭირის გადადების ბოლო ოფიციალური შემთხვევა 1924 წელს, ლოს-ანჯელესში გავრცელების დროს, დაფიქსირდა.

პნევმონიური ჭირისას ბაქტერიები ფილტვებში იბუდებენ და მძიმე პნევმონიას იწვევენ, რომელიც სუნთქვას ართულებს. სიმპტომები, შესაძლოა, ინფიცირებიდან 24 საათშიც გამოვლინდეს.

დაავადებას ასევე ახასიათებს სიცხე, კანკალი, თავის ტკივილი, სხეულის ტეხა, თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება და დიარეა.

როგორ მკურნალობენ პნევმონიურ ჭირს?

ჭირის მკურნალობა მინიმუმ 10-14-დღიანი ანტიბიოტიკოთერაპიით მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად ციპროფლოქსაცინს, ლევოფლოქსაცინს, მოქსიფლოქსაცინს, გენტამიცინსა და სტრეპტომიცინს იყენებენ. პაციენტებს, რომლებიც ანტიბიოტიკებს ინფიცირებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში იღებენ, გადარჩენის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.

ამასთან, ექიმები პაციენტებს ზოგჯერ დამატებით თერაპიასაც უტარებენ, რაც ჟანგბადის მიწოდებას, სითხეებით უზრუნველყოფასა და დასვენებას გულისხმობს.

რაც შეეხება ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინებს, ისინი XIX საუკუნიდან გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, იცავს თუ არა ადამიანს უშუალოდ პნევმონიური ჭირისგან.

ჯანმო მასობრივ ვაქცინაციას რეკომენდაციას არ უწევს. გამონაკლისი მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებია, მაგალითად, ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებსაც ინფიცირების საფრთხე მუდმივად ემუქრებათ.

რატომ გვხვდება ისტორიული შავი ჭირის გამომწვევი ინფექცია დღესაც?

ინფექციონისტი ტაილერ ევანსი აღნიშნავს, რომ ადამიანთა უმეტესობას ჭირი ბიბლიიდან ან ისტორიული ლიტერატურიდან ეცნობა, ზოგი კი მას ეპიდემიების მეტაფორად აღიქვამს. მიუხედავად ამისა, ის დღესაც არსებობს.

XIV საუკუნეში, როდესაც მას "შავ ჭირს" უწოდებდნენ, ინფექციამ ევროპაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ანტიბიოტიკებმა დაავადების მართვა გააადვილა, თუმცა ის ოკეანეთის გარდა, ყველა კონტინენტზე კვლავ გვხვდება. ჯანმოს მონაცემებით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანების ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა აფრიკაში დაფიქსირდა.

CDC-ის ცნობით, აშშ-ში პნევმონიური ჭირით გარდაცვალების ბოლო შემთხვევა არიზონაში, 2025 წლის ივლისში, დაფიქსირდა. ახალგაზრდა კაცი დაავადებულ კატებთან მუშაობდა და, სავარაუდოდ, ინფექცია სწორედ მათგან გადაედო. კატებთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს დაავადების ნიშნები არ გამოვლენიათ.

ევანსი აცხადებს, რომ ჭირის გავრცელების რისკი ეკოლოგიურ ცვლილებებსაც უკავშირდება, ასევე — სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სუსტ მხარდაჭერას. მისივე თქმით, ჭირის დიაგნოსტირება საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი. "ამ დროს პირველი და მეორე რიგის ანტიბიოტიკები ძალიან ეფექტიანია", — დასძენს იგი.

1994 წლის 27 სექტემბერს, პნევმონიური ჭირის აფეთქების დროს, ჯარისკაცები ინდოეთში მდებარე საავადმყოფოს იცავდნენ. ჯარისკაცები ადგილზე მას შემდეგ განათავსეს, რაც კარანტინს 50-ზე მეტი ადამიანი გაექცა.

ფოტო: John Moore/AP/File

რამდენად საგანგაშოა სიტუაცია გლობალური მასშტაბით?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი დაბალია. ინფექციონისტ რუტულ დალალის თქმით, პნევმონიური ჭირით დაავადებულები მდგომარეობის დამძიმებას ძალიან სწრაფად გრძნობენ, რაც ინფექციის შესაძლო გავრცელების რისკს ამცირებს.

"ინფიცირებულს გადაადგილება და ყოველდღიური საქმიანობა უჭირს, მოგზაურობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია", — აღნიშნავს დალალი.

მისი თქმით, მაგალითად, რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები არაა, ამიტომ სანამ ინფიცირებული აშშ-ში ჩაფრინდება, მისი სიმპტომები უკვე აშკარად გამოვლინდება.

"რა თქმა უნდა, სიფრთხილე მაინც გვიმართებს. დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, ამ ეტაპზე ეს საფრთხე კოვიდპანდემიის მასშტაბებს არ შეედრება და, იმედია, ლოკალიზებული დარჩება", — ამბობს ექიმი.

სამედიცინო პერსონალი, რომელიც პნევმონიური ჭირით დაავადებულებს მკურნალობს, ვალდებულია, დამცავი აღჭურვილობა ატაროს და პრევენციისთვის ანტიბიოტიკები მიიღოს. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებსა და ოჯახის წევრებს კი ჯანდაცვის სპეციალისტები მეთვალყურეობას გაუწევენ და დაავადების გამოვლენამდე ანტიბიოტიკებს მიაწვდიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.