რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა.

აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების დაცვისა და დაზარალებული დაწესებულებებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს და მკაცრად ურჩევენ, რუსეთში გამგზავრება არ დაგეგმონ.

"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ირკუტსკის რეგიონში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ასევე ირკუტსკში დაწესებული საკარანტინო ზომებისა და საავადმყოფოების დახურვის შესახებ. ჩვენ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. აშშ-ის მთავრობას რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, ამერიკის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს შესაძლოა კონკრეტულ რეგიონებში პირადი და სამსახურებრივი გადაადგილების დამატებითი შეზღუდვები დაუწესდეთ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთისთვის დაწესებული მოგზაურობის მე-4 დონის რეკომენდაცია ("არ იმოგზაუროთ") კვლავ ძალაშია და რუსეთში ამჟამად მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, კვლავ მკაცრად ურჩევენ, არ იმოგზაურონ რუსეთში უკანონო დაკავებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო", — წერს საელჩო.

რეკომენდებული ზომები:

  • რეგიონში მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები, მოერიდონ დაზარალებულ დაწესებულებებს და სიცხის ან რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
  • დაავადების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიონ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გვერდს ჭირის შესახებ.
  • რუსეთის შესახებ კონკრეტული სამედიცინო განახლებებისთვის გაეცნონ CDC-ის მოგზაურთა ჯანმრთელობის გვერდს.
  • თუ იმოგზაურეს დაავადების გავრცელების ზონაში, მოგზაურობის შემდეგ 14 დღის განმავლობაში აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
  • ჯანმრთელობის შესახებ ზოგადი ინფორმაციისთვის გაეცნონ აშშ-ის საელჩოს რუსეთის გვერდს.
  • გაეცნონ საელჩოს მიერ რეკომენდებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების სიას.
  • საზღვარგარეთ ავად გახდომის შემთხვევაში სამედიცინო ევაკუაციის შესაძლებლობებთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ სამოგზაურო დაზღვევის კომპანიას.
  • საგანგებო ვითარებაში ქვეყნის დატოვების გეგმა ჰქონდეთ, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე არ იქნება დამოკიდებული.
  • განახლებებისთვის თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიას და მზად იყვნენ გეგმების შესაცვლელად.
  • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ განახლებების მისაღებად დარეგისტრირდნენ Smart Traveler Enrollment Program-ში (STEP).

რუსულ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.

რუსეთში შესაძლო შავი ჭირის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა. აშშ-ს სახდეპმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან და ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

მეტი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე: