გეგუთის მე-14 პენიტენციური დაწესებულების პატიმარი, ლევან გულუა ადმინისტრაციას მუქარასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც "ინფო იმერეთთან" საუბარში გულუა აცხადებს, ციხის ხელმძღვანელობა მას პატიმრებზე ინფორმაციის მიწოდებასა და თანამშრომლობას სთხოვდა. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კი მას სისტემატურად შეურაცხყოფდნენ.

გულუამ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა. მისივე თქმით, მსგავსი ფორმით პროტესტი სხვა პატიმრებმაც გამოხატეს.

"გუგა წირაქაშვილი არის გეგუთის დაწესებულების დირექტორი, ეგ და უსაფრთხოების უფროსი ითხოვდნენ ჩემგან ინფორმაციებს, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა ჩემზე. მივმართე გიორგი კიკალიშვილს, დეპარტამენტის წარმომადგენელია, ავუხსენი ყველაფერი, მოვუყევი და პირიქით, მეცხრე დღეს გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან გადამიყვანეს გეგუთის მეორე დაწესებულებაში. მამუკა ზირაქიშვილი — დაწესებულების ხელმძღვანელი ვინც არის მე-14-ში, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უსაფრთხოების უფროსი არის ტარიელ მეგრელიშვილი. ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მოვხდი. ამოვიკერე პირი, იძულებული გავხდი. ჩემთან ერთად ბიჭებმაც ამოიკერეს პირი. მივმართეთ ამ პროტესტის ზომას, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გაგვაჩნდა", — თქვა პატიმარმა.

პატიმარმა ასევე განაცხადა, რომ ის ამჟამად მე-10 დაწესებულებაში იმყოფება — ის იქ თავისი ნებით გადავიდა. ის სახალხო დამცველს სიტუაციაში გარკვევისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"გვინდა საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და კეთილი ინებოს, იოსელიანი რომ გამოდის იქ და დაზეპირებულ ტექსტებს რომ ყვება, შესულები ვიყავით და არაფერი არ ხდებაო. მომისმინოს აბა მე და გავარკვევ ყველა დეტალში. თუ უნდა რამე რეაგირებს გაკეთება, გააკეთოს", — ამბობს პატიმარი ლევან გულუა "ინფო იმერეთთან" ინტერვიუში.