Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
ფოტო: 9to5Google
Gemini-ს აქტიური მომხმარებელი თუ არ ხართ, კარგი ამბავი გვაქვს: Anthropic-ის Claude-ს უკვე Google Docs-ის, Sheets-ისა და Slides-ის გვერდითა პანელშიც გამოიყენებთ.
Google Workspace-ის აპლიკაციებში Gemini-ს გამოყენება აქამდეც შესაძლებელი იყო. მეორე მხრივ, Claude-ის მომხმარებლებს დღეიდან მიეცემათ საშუალება, საყვარელი ასისტენტი Google-ის ეკოსისტემაშიც ჩართონ.
ამის საშუალებას Claude for Google Workspace-ის ახალი ჩანართი იძლევა, რომელიც საჯარო ბეტავერსიაში 6 ოქტომბრიდან გახდა ხელმისაწვდომი. Docs-ის, Sheets-ისა თუ Slides-ის ფაილებთან ერთად სპეციალური გვერდითი პანელი იხსნება, რომელიც დოკუმენტების შექმნაში, რედაქტირებასა და სხვადასხვა დავალების შესრულებაში დაგეხმარებათ.
Anthropic-ის ცნობით, Google Docs-ში Claude-ის ინტეგრაცია მართლწერის შესწორებაში, ტექსტის ნაწილების გადაწერასა თუ სტილის შეცვლაში დაგეხმარებათ — ისე, რომ არსებული ფორმატი არ დაირღვეს. Sheets-ში Claude-ს ფორმულების დაწერა ან კონტექსტზე დაყრდნობით ცხრილების აგებაც შეუძლია. ამასთან ერთად, ახალი მონაცემების შესაქმნელად შეგიძლიათ დამატებითი დოკუმენტებიც ატვირთოთ. რაც შეეხება Slides-ს, ხელოვნურ ინტელექტს არსებული დიზაინით ახალი სლაიდების აგება ან იმ ელემენტების მონიშვნა შეუძლია, რომლებიც განახლებას საჭიროებს.
ამ ფუნქციების უმეტესობას Gemini-ც ასრულებს, თუმცა სიახლე განსაკუთრებით Claude-ის ერთგული მომხმარებლებისთვისაა მოსახერხებელი.
ინსტრუმენტს აქვს სპეციალური რეჟიმიც "შეკითხვა რედაქტირებამდე", რომლის დროსაც Claude ცვლილებების შეტანამდე მომხმარებელს მათ წინასწარ გადახედვას სთავაზობს.
Claude for Google Workspace-ის ბეტავერსიით სარგებლობა Claude-ის ფასიანი პაკეტის მომხმარებლებს Google Workspace Marketplace-იდან შეუძლიათ.
ამასთან ერთად, Docs-ის, Sheets-ისა და Slides-ისთვის Claude-ის ახალი მაერთებლებიც გამოჩნდა, რომლებიც საშუალებას იძლევა, Google Workspace-ის ფაილები პირდაპირ Claude-ის ჩატში ჩასწორდეს — ამისათვის მხოლოდ ფაილის ბმულის ჩასმაა საჭირო.
კომენტარები