დნმ-ის ანალიზით, ეტრუსკების ცივილიზაციის წარმომავლობა გაირკვა
ახალმა გენეტიკურმა ანალიზმა ეტრუსკების წარმომავლობას ნათელი მოჰფინა. ეტრუსკები იდუმალი ხალხი იყო, რომელთა ცივილიზაცია რომის დაარსებამდე საუკუნეებით ადრე დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე არსებობდა.
კვლევის თანახმად, ეტრუსკების გენეტიკა ლათინოენოვან მეზობლებსაა მიმსგავსებული. ეს აღმოჩენა ეწინააღმდეგება ადრინდელ თეორიებს, რის მიხედვითაც ეტრუსკები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ამჟამად დავიწყებულ, არაინდოევროპულ ენაზე, მათი მეზობლებისგან განსხვავებით სხვა ტერიტორიებიდან მოვიდნენ.
ახლა კი, როგორც ჩანს, მათ ლათინურ ენებზე მოსაუბრე მეზობლებთან მეტი საერთო აქვთ და ეს ორივე ჯგუფი მიგრანტია პონტო-კასპიის სტეპებიდან. შესაბამისად, ბრინჯაოს ხანაში იტალიაში ჩასვლის შემდეგ, ადრეულმა ეტრუსკელებმა ფესვები დაიმკვიდრეს და სხვა ენათა მომხსენებლები საკუთარ კულტურაში აითვისეს. საბოლოოდ ასე განვითარდა დიდი ცივილიზაცია.
"ჩვენი დასკვნები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რის მიხედვითაც, გენები ენების შესაბამისია და მიუთითებს უფრო კომპლექსურ სცენარზე, რომელშიც ჩართული უნდა ყოფილიყო ადრეულ იტალიურზე მოლაპარაკეთა ასიმილაცია. ეს პროცესი ძვ.წ. მეორე ათასწლეულში უნდა მომხდარიყო", — ამბობს დევიდ კარამელი, ფლორენციის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი, რომელიც კვლევაში იღებდა მონაწილეობას.
ეტრუსკების ცივილიზაცია მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ. მათ ისეთივე დახვეწილი ქალაქები ჰქონდათ, როგორც ძველ ბერძნებს. სავაჭრო ქსელებით ფინიკიელებს ჰგავდნენ და უზარმაზარი სიმდიდრით არც ძველ ეგვიპტელებს ჩამოუვარდებოდნენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეტრუსკული ცივილიზაცია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის პირველი ცნობილი ზესახელმწიფოა. ძვ.წ. VII საუკუნეში ცენტრალურ იტალიაში ძალაუფლების მომატების შემდეგ, ეტრუსკები საუკუნეების განმავლობაში დომინირებდნენ რეგიონში რომის რესპუბლიკის განვითარებამდე.
არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ რომის იმპერიას სწორედ ეტრუსკებისგან გადაეცა სხვდასხვა რელიგიური რიტუალი, ლითონის დამუშავება, გლადიატორების ბრძოლები და ინოვაციები არქიტექტურასა თუ ინჟინერიაში, რამაც რომი ოდესღაც ჩვეულებრივი დასახლებიდან დიდ ქალაქად აქცია. თუმცა, ბევრი არაფერი იყო ცნობილი ეტრუსკების გეოგრაფიული წარმოშობის და მათი იდუმალი, ნაწილობრივ გაუგებარი ენის შესახებ.
ძველი ბერძენი მწერალი ჰეროდოტე, რომელსაც ხშირად პირველ ისტორიკოსადაც მოიხსენიებენ, თვლიდა, რომ ეტრუსკები წარმოიშვნენ ანატოლიელი და ეგეოსელი ხალხებიდან, რომლებიც შიმშილს დასავლეთით გაექცნენ. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად დასავლეთ თურქეთის ნაწილია. კიდევ ერთი ბერძენი ისტორიკოსი, დიონისე ჰალიკარნასელი კი მიიჩნევდა, რომ წინა რომაული ცივილიზაცია, ბერძნული ჩვეულებებისა და არაინდოევროპული ენის მიუხედავად, იტალიის ნახევარკუნძულის მკვიდრი იყო.
სწორედ დიონისე ჰალიკარნასელის სასარგებლოდ მეტყველებს ბოლო კვლევა. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, შეკითხვებს დნმ-ის შესწავლის გზით უპასუხა. ამისათვის, მათ ეტრურიიდან სამხრეთ იტალიამდე რეგიონში, ძვ. წ. 800 ახ. წ. 1000 წლამდე პერიოდის 82 ინდივიდის დნმ მოიძიეს და სხვა ძველ და თანამედროვე მოსახლეობათა დნმ-ს შეადარეს.
ამით დადგინდა, რომ ეტრუსკების გენეტიკური პროფილი მეზობელ პოპულაციების საზიაროა. საუბარია ლათინებზე, რომლებიც იმავე პერიოდში ცხოვრობდნენ რომში. ამის ფონზე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი ენობრივი და კულტურული განსხვავებებია.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი სხვა ევროპული მოსახლეობის მსგავსად, ამ გენეტიკური პროფილის დიდი წილი სტეპებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, კვლავ უცნობია, როგორ წარმოიქმნა ასეთი დიდი სხვაობები ეტრუსკებსა და მათ მეზობლებს შორის.
ამასთან, უძველესი დნმ-ის მონაცემები მეტყველებს, რომ როდესაც რომის იმპერია აღზევდა, ეტრუსკების მოსახლეობაში მნიშვნელოვანი გენეტიკური ცვლილებები დაიწყო. როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა რეგიონიდან მოსული ხალხი იტალიურ მოსახლეობას აქტიურად შეერია. ამის მიზეზი კი რომაელების მიერ მონებისა და ჯარისკაცების შემოყვანა შეგვიძლია მივიჩნიოთ.
"ეს გენეტიკური ცვლილებები ასახავს რომის იმპერიის როლს ხალხთა ფართომასშტაბიან გადაადგილებაზე", — ამბობს მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი იოჰანეს კრაუსი.
ახლა, როდესაც უძველესი დებატები საბოლოოდ დასრულდა, მეცნიერები გეგმავენ უფრო ფართო გენეტიკური კვლევის ჩატარებას რომის იმპერიის სხვა რეგიონების უძველესი დნმ-ის გამოყენებით. ეს არა მხოლოდ ეტრუსკთა წარმოშობის დადგენაში დაგვეხმარება, არამედ მათი დავიწყებული ენის შესახებ ახალ დეტალებს გახდის ცნობილს და რაც მნიშვნელოვანია, კვლევაში რომის იმპერიის სხვა რეგიონების მონაცემებიც იქნება ჩართული.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები