რატომ და რა შემთხვევაშია ცივი წყლით ბანაობა სასარგებლო — რა უნდა ვიცოდეთ
ცივი წყლით ბანაობის სარგებელი არ ვრცელდება გულის დაავადების მქონე პირებზე, რომელთა შემთხვევაშიც ეს პირიქით, სახიფათოც შეიძლება აღმოჩნდეს.
დილით ცივი შხაპი შესაძლოა, დღის დასაწყებად მთლად სასიამოვნო გზაც არ იყოს, თუმცა ბევრი ადამიანი ცდილობს ამ ჩვევის ჩამოყალიბებას, რადგან ცივ წყალში ბანაობას ჯანმრთელობისთვის მრავალი სარგებელი მოაქვს, ფიზიკური იქნება ეს თუ ფსიქიკური.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნებით ცივი შხაპის გამოყენება მე-19 საუკუნის ადრეულ პერიოდში დაიწყო. ექიმები მეთოდს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და ციხეში მყოფ ადამიანებზე იყენებდნენ, რათა "ცხელი, ანთებიანი ტვინები გაეცივებინათ, შიში ჩაეგონებინათ და მგზნებარე სურვილები მოეთვინიერებინათ".
მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან ვიქტორიანელებმა გაიაზრეს, რომ შხაპის გამოყენება სხვაგვარადაც შეეძლოთ, კონკრეტულად ადამიანების დასაბანად, ეს კი თბილი წყლით უკეთესიც იქნებოდა. შესაბამისად, უსიამოვნების მისაყენებლად გამოყენებული ხერხი, რომელიც საათ-ნახევარი გრძელდებოდა, მეტად სასიამოვნო, ხუთწუთიან აქტივობად გადაიქცა.
მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებლის გამო ცივი აბაზანის მიღების პრაქტიკა არასოდეს გამქრალა და, როგორც ჩანს, კვლავ ცოცხლდება კიდეც, განსაკუთრებით სილიკონ ველის კლასებში.
რაზე მეტყველებს ფაქტები?
ნიდერლანდებში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც ცივ აბაზანას იღებდნენ, ავადმყოფობის გამო იმაზე იშვიათად ისვენებდნენ სამსახურიდან, ვიდრე ისინი, ვინ თბილი წყლით ბანაობდნენ.
3 ათასზე მეტი ადამიანი 4 გუნდად დაყვეს და ყოველდღიურად თბილი შხაპის მიღება დაავალეს. ერთი გუნდის წევრებს მოსთხოვეს, ბანაობის ბოლო 30 წამის განმავლობაში ცივი წყალი გამოეყენებინათ, მეორე გუნდელებს 60 წამი მოეთხოვებოდათ, მესამეებს კი — 90.
საკონტროლო ჯგუფი მარტოოდენ თბილ წყალს უნდა დასჯერებოდა. მონაწილეებს ამგვარი გეგმის შესრულება ერთი თვით ევალებოდათ (თუმცა 64 პროცენტს ცივი წყლის რეჟიმი ისე მოეწონა, რომ კვლევის შემდეგაც განაგრძო).
თანმდევი სამთვიანი პერიოდის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჯგუფებს, რომლებიც ცივ წყალს მოიხმარდნენ, სამსახურში ავადმყოფობასთან დაკავშირებული გაცდენების რიცხვი 29 პროცენტით შეუმცირდათ. საინტერესოა ის, რომ ცივი წყლის მიღების ხანგრძლივობას ავადობის არარსებობაზე გავლენა არ ჰქონია.
მიზეზი, რის გამოც ცივი წყლის ჭავლი შესაძლოა, ადამიანებს ავადმყოფობას არიდებდეს, დაზუსტებული არ არის, თუმცა ზოგი კვლევის მიხედვით, ეს იმუნური სისტემის სტიმულირებას უკავშირდება. ჩეხეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც "ათლეტური ახალგაზრდა კაცები" ცივ წყალში კვირაში სამჯერ ბანაობდნენ, მათ იმუნურ სისტემას ცოტაოდენი ბიძგი მიეცა. მათი პრაქტიკა ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ამ მიგნებათა დასადასტურებლად მეტი და უფრო მასშტაბური კვლევაა საჭირო.
ნერვული სისტემა
როგორც ჩანს, ცივი წყალი სიმპათიკურ ნერვულ სისტემასაც ააქტიურებს — ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც "ბრძოლა ან გაქცევის რეაქციას" მართავს (ავტომატური ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როდესაც მოვლენას სახიფათოდ, სტრესულად ან საშიშად აღვიქვამთ. ამ დროს წყდება, სიტუაციას შებრძოლებით ვუპასუხებთ თუ გაქცევით).
როდესაც იგი გააქტიურებულია, ორგანიზმში ჰორმონ ნორადრენალინის რაოდენობა იზრდება. დიდი ალბათობით, ცივ წყალში მოხვედრისას სწორედ ეს იწვევს პულსის აჩქარებასა და სისხლის წნევის მატებას და ეს ჯანმრთელობის სარგებელთანაცაა დაკავშირებული.
სისხლის მიმოქცევა
დაბალი ტემპერატურის მქონე წყალი სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს. როდესაც ცივი წყლით ვბანაობთ, კანს სისხლი ნაკლებად მიეწოდება, ხოლო როდესაც ამას დავასრულებთ, სხეულს საკუთარი თავის თავიდან გათბობა უწევს, ამიტომაც კანის ზედაპირს მეტი სისხლი მიეწოდება.
ზოგი მეცნიერის აზრით, ამან შესაძლოა, სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესოს. ერთ-ერთ კვლევაში ცდისპირები ვარჯიშის შემდეგ იღებდნენ ცივ შხაპს, მეცნიერებმა კი აღმოაჩინეს, რომ ოთხი კვირის შემდეგ კუნთებამდე (და თავად კუნთებიდანაც) სისხლის მოძრაობა გაუმჯობესებული გახლდათ.
წონის კლება
გარკვეული მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ცივი შხაპი შესაძლოა, წონის კლებაშიც დაგეხმაროთ. კვლევამ აჩვენა, რომ 14 გრადუსიან წყალში ბანაობამ მეტაბოლიზმი 350 პროცენტით დააჩქარა — მეტაბოლიზმი პროცესია, რომლის მეშვეობითაც სხეული მიღებულ საკვებსა და სასმელს ენერგიად გარდაქმნის. უხეშად რომ ვიანგარიშოთ, შედარებით მაღალი მეტაბოლიზმი მეტი რაოდენობის ენერგიას დაგვახარჯვინებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და დეპრესია
ფიზიკური უპირატესობების გარდა, ცივმა წყალმა შესაძლოა, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იქონიოს დადებითი ზეგავლენა. არსებობს მოსაზრება, რომ ზემოხსენებული "ბრძოლა ან გაქცევის რეაქციის" სტიმულაციის შედეგად, ცივ წყალში ბანაობა ფხიზელ გონებასაც მოგვიტანს. როგორც ჩანს, შედარებით ასაკოვან ხალხში სახესა და კისერზე ცივი წყლის მოხვედრა ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.
ცივმა შხაპმა შესაძლოა, დეპრესიის სიმპტომებიც შეამსუბუქოს. ამის სავარაუდო მექანიზმი ისაა, რომ კანში სიცივის ბევრი რეცეპტორი გვაქვს, ცივი წყალი კი პერიფერიული ნერვული დაბოლოებებიდან ტვინს აურაცხელი რაოდენობის ელექტრულ იმპულსებს უგზავნის, რასაც შესაძლოა, ანტიდეპრესანტული ეფექტი ჰქონდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის, მაინც საკმარისი მტკიცებულება გვაქვს იმის საფიქრად, რომ ცივი წყლით ბანაობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ეს ყველაფერი კარგია, თუმცა სანამ ბანაობის ბოლოს ცივი წყლის მოშვებას გადაწყვეტდეთ, არსებული რისკებიც უნდა გაითვალისწინოთ. ცივი წყლის უცაბედი ნაკადი სხეულს შოკურ მდგომარეობაში აგდებს, რაც შესაძლოა, გულის დაავადების მქონე ადამიანებისათვის სახიფათო იყოს და გულის შეტევაც კი დააჩქაროს.
კომენტარები