თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობენ ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი კორპორაციები, S&P 500-ის ინდექსს უნდა შეხედო. S&P 500 არის ინდექსი, რომელიც აშშ-ში მოქმედი 500 უმსხვილესი კომპანიის აქციების ფასებს ზომავს. ეს მაჩვენებელი იმ ფირმების ფასიან ქაღალდებს აკვირდება, რომლებიც საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობენ.

რა არის S&P 500-ის ინდექსი?

S&P 500 ინდექსი ფინანსური მომსახურების კომპანია Standard & Poor’s-მა 1957 წელს შექმნა. 500 კომპანია, რომელსაც ეს ინდექსი აერთიანებს, სხვადასხვა სექტორსა და ინდუსტრიაში საქმიანობს. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში და როგორ მიდის საფონდო ბირჟის უმსხვილესი მოთამაშეების საქმე.

S&P 500-ის ინდექსში მასში შემავალი ყველა კომპანიის არსებული მდგომარეობაა ასახული. როგორც სხვა მსგავს მაჩვენებლებში, აქაც თითოეული ფირმა საკუთარი წონით, ანუ საბაზრო კაპიტალიზაციით არის წარმოდგენილი. ის კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია მაღალია, ინდექსის ზრდასა და კლებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე შედარებით მცირე მოთამაშეები.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაში მისი აქციების ფასისა და რაოდენობის ნამრავლი იგულისხმება. ამით კომპანიის ზომის დადგენაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ფირმები საკუთარი ზომის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან — შესაბამისად, თითოეულ კომპანიას ინდექსის ფორმირებაზე განსხვავებული გავლენის მოხდება შეუძლია. მაგალითად, ისეთი გიგანტი ფირმები, როგორებიც Apple და Amazon-ია ინდექსის ზრდისა და კლების პროცესში უფრო მეტად მონაწილეობენ, ვიდრე შედარებით მცირე კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, Macy’s და Harley-Davidson.

S&P 500-ის ინდექსში სხვადასხვა ზომის კომპანიებს შეხვდებით. ამასთან, რამდენიმე მსხვილი ფირმის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს 200-ჯერ მეტია შედარებით მცირე კომპანიების ზომაზე, რომელთა ჯამური კაპიტალიზაცია 6 დან 7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ამ ინდექსის მოცულობა მასში შემავალი კომპანიების შეწონილი მონაცემების მიხედვით მუდმივად ცვალებადია.

რომელი კომპანიები შედიან S&P 500-ში?

ფოტო: freepik

ინდექსი 500 კომპანიის 505 აქციას აერთიანებს, რადგან ზოგიერთი ფირმა სხვადასხვა კლასის ფასიან ქაღალდებს უშვებს. მაგალითად, Alphabet Class C და Alphabet Class A ერთი კომპანიის განსხვავებული კლასის აქციებია და ორივე მათგანი S&P 500-ში შედის.

ინდექსის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ეს 5 კომპანია ახდენს: Apple, Microsoft, Amazon, Facebook, Alphabet. აღსანიშნავია, რომ S&P 500-ის კალათში არსებული კომპანიებს საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა აქვთ. მათ შესახებ არსებული ინფორმაცია აშშ-ის საფონდო ბირჟის დაახლოებით 80%-ს მოიცავს.

S&P 500-ის ინდექსი, როგორც ანალიზის ინსტრუმენტი

ფოტო: freepik

იქიდან გამომდინარე, რომ S&P 500 აშშ-ს საფონდო ბირჟის დიდ ნაწილს მოიცავს, ინვესტორებისთვის მასზე დაკვირვება მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. როდესაც ინვესტორს გააჩნია პორტფელი, ბუნებრივია, მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი აქტივების მოგება/ზარალი, თუმცა მსგავსი ინდექსების საშუალებით გაკეთებული ანალიზი მთლიან ბაზარზე არსებული სიტუაციის შეფასებაში გვეხმარება.

ზოგიერთი ინვესტორი ცალკეული აქციების შეძენის ალტერნატივად გაცვლით სავაჭრო ფონდებში ფულის დაბანდებას განიხილავს. ამ შემთხვევაში საუბარია აქციების კრებულში ფულის ჩადებაზე, რომელიც, როგორც წესი, დივერსიფიცირებულიც არის და სხვა რისკებისგანაც მნიშვნელოვნად დაზღვეულია. მსგავსი ფონდები სწორედ ინდექსებს ემყარებიან. მაგალითად, თქვენ, როგორც ინვესტორმა, შეგიძლიათ შეიძინოთ აქციების კრებული და ფლობდეთ S&P 500-ის ნაწილს — ამ შემთხვევაში თქვენი კაპიტალი ინდექსის ზრდისა და კლების მიხედვით შეიცვლება.

რა განსხვავებაა S&P 500-ისა და დოუ ჯონსის ინდექსებს შორის

ფოტო: freepik

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ორივე ინდექსის, ისევე როგორც სხვა მსგავსი მაჩვენებლების, მიზანია ინვესტორებსა და დაინტერესებულ პირებს ბაზარზე დაკირვების საშუალება მისცეს.

რაც შეეხება განსხვავებას, ეს, ძირითადად, მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიას ეხება. დოუ ჯონსის ინდექსი მასში შემავალი კომპანიების აქციების ფასების მიხედვით იწონება. ამასთან, ეს ინდექსი მხოლოდ 30 კომპანიას აერთიანებს. ამ მხრივ, უპირატესობას ფლობს S&P 500, რომლისთვისაც დაკვირვების არეალი გაცილებით ფართოა.

მაგალითად, Goldman Sachs-ის აქციების ფასი თითქმის სამჯერ აღემატება Walmart-ის აქციების ფასს. შესაბამისად, დოუ ჯონსისის ინდექსის ცვლილებისას Goldman-ს უფრო მეტი წონა აქვს. ამ დროს, Goldman-ის საბაზრო კაპიტალიზაცია Walmart-ის 1/4-ია, რაც ამ უკანასკნელს S&P 500-ის ინდექსში უპირატესობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტების უმრავლესობის აზრით, S&P 500 ბაზრის ანალიზისთვის უკეთესი მაჩვენებელია.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.