მეცნიერები პირველი ტიპის დიაბეტის ვაქცინაზე მუშაობენ
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დაახლოებით 1.6 მილიონი ამერიკელი პირველი ტიპის დიაბეტით იტანჯება. გლობალურად, ადამიანების რიცხვი, რომლებიც პირველი ტიპის დიაბეტით ცხოვრობენ, დაახლოებით 3-4%-ით იზრდება ყოველ წელს.
ვინაიდან ეს დაავადება უმეტესად ბავშვებში და თინეიჯერებში შეიმჩნევა, იგი აქამდე ახალგაზრდების დიაბეტის სახელით იყო ცნობილი. თუმცა, ამ ტიპის დიაბეტით შუახნის მოზრდილებისა და მოხუცების დიაგნოზირების შემთხვევებიც არსებობს.
სამწუხაროდ, მისი წამალი არ გვაქვს. მკურნალობის მთავარი ვარიანტები მოიცავს ნახშირწყლებისა და შაქრის მიღების შემცირებას, ასევე, ყოველდღიურად ინსულინის ინექციას. მიუხედავად იმისა, რომ ინსულინის ინექციის ჩანაცვლება ინსულინის ტუმბოებმა დაიწყეს, პაციენტების დიდ ნაწილს ამ მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებთან არ აქვთ წვდომა და სიცოცხლის ბოლომდე ყოველდღიურად ინსულინის მიღება უწევთ. რა თქმა უნდა არსებობს სხვა ვარიანტებიც, თუმცა მათ სერიოზული რისკები ახლავთ თან.
თუ მეორე ტიპის დიაბეტის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესითა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებითაა შესაძლებელი, პირველი ტიპის დიაბეტის თავიდან ასაცილებლად ვერაფერს გააკეთებთ. სწორედ ამიტომ მეცნიერები მთელი მსოფლიოს გარშემო მუშაობენ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე, რომლებიც პაციენტებს ამ დაავადებასთან ბრძოლაში დაეხმარება და, საბოლოოდ, მოქმედ მკურნალობის გზას შესთავაზებს მათ.
ვაქცინის შექმნის სტრატეგიები პირველი ტიპის დიაბეტისთვის
- ანტიგენსპეციფიკური ვაქცინები
პირველი ტიპის დიაბეტი მაშინ ვითარდება, როდესაც სისხლის თეთრი უჯრედების — T ლიმფოციტების გარკვეული ნაწილი ვერ აღიქვამს ინსულინის წარმომქმნელ ბეტა უჯრედებს, როგორც პანკრეასის ნორმალურ ნაწილს.
T ლიმფოციტებს ინსულინის წარმომქმნელები უცხო სხეულებში ეშლებათ, რომლებიც პანკრეასს ესხმიან თავს. შედეგად, ეს ორგანიზმში ინსულინის წარმოქმნის შემცირებას იწვევს.
ჩვეულებრივი ვაქცინები იმუნურ პასუხს უცხო ანტიგენებზე იმუნური სისტემის კონტროლირებადი ზემოქმედებით აძლიერებენ. ამის საპირისპიროდ, პირველი ტიპის დიაბეტის ვაქცინის მიზანი არის არასწორი იმუნური პასუხის ჩამოყალიბება ბეტა უჯრედების წინააღმდეგ. ამას ინვერსიული ვაქცინაცია ეწოდება.
ვინაიდან T ლიმფოციტების რიცხვის შემცირება ან მათი ფუნქციონირების დასუსტება გავლენას მოახდენს მთელ იმუნურ სისტემაზე, ამის სანაცვლოდ მეცნიერები ანტიგენსპეციფიკურ ვაქცინებს იკვლევენ, რომლებიც მხოლოდ დიაბეტის ავტოანტიგენებზე იმუნური სისტემის ტოლერანტობის სტიმულირებისთვის იმოქმედებენ.
- ერთი პეპტიდის ვაქცინა
ეს ვაქცინები პანკრეასის სპეციფიკურ ნივთიერებაზე არიან დაფუძნებულნი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შენაერთებს, სახელწოდებით პეპტიდებს, რომლებიც ორგანიზმს ბაქტერიებთან ბრძოლასა და ჭრილობის შეხორცებაში ეხმარებიან, ანთების საწინააღმდეგო რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ტიპის დიაბეტი პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების ანთებით იწყება, რასაც სისხლის თეთრი უჯრედების კუნძულების ინსულინ-წარმომქმნელ ბეტა უჯრედებზე შეტევა იწვევს.
ყველაზე იმედის მომცემი პეპტიდი DiaPep277-ია — სტაბილური 24 ამინომჟავის პეპტიდი, რომელიც ანთების საწინააღმდეგო და მარეგულირებელ სისხლის თეთრ უჯრედებს ააქტიურებს. ამ პეპტიდს შეუძლია აღნიშნული ბეტა უჯრედების გამანადგურებელი იმუნური პასუხის შესუსტება და მის მიერ ამავე უჯრედების დაცვის დარეგულირება. ვაქცინა უკვე შემოწმებების მესამე ფაზაშია.
- შეცვლილი პეპტიდური ლიგანდის ვაქცინები (APL ვაქცინები)
APL ვაქცინები დაფუძნებულია ამინომჟავების შემცვლელებით მოდიფიცირებულ პეპტიდურ ფრაგმენტებზე, რომლებიც ჰისტოთავსებადობის ძირითადი კომპლექსის მოლეკულებს (MHC molecules) უკავშირდებიან. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გენების ჯგუფს, რომლებიც იწვევენ პათოგენების დაფიქსირებას და იმუნური სისტემის პასუხს მათ წინააღმდეგ. APL ვაქცინები ამ პროცესის მანიპულაციას ახდენენ ისე, რომ გამოიწვიონ სისხლის თეთრი უჯრედების პასუხი და ამით პანკრეასის ბეტა უჯრედებზე მათი თავდასხმის პრევენცია მოახდინონ. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ ვაქცინებს პირველი ტიპის დიაბეტის შეყოვნება შეუძლიათ.
- ადიუვანტით სტიმულირებული დიაბეტის ვაქცინები
ერთი პეპტიდის ვაქცინის შეზღუდვების დასაძლევად მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მის გასაძლიერებლად ამ უკანასკნელისთვის გარკვეული ინგრედიენტები დაემატებინათ.
ეს ეხება ანტიგენსპეფიციკურ იმუნოთერაპიას — Dyamid-ს, რომელიც შვედურმა კომპანია Diamyd Medical-მა შექმნა. იგი დაფუძნებულია პროტეინ GAD65-ზე — ენდოგენურ ანტიგენზე, რომელიც ავტოიმუნური დიაბეტის პათოლოგიაში მონაწილეობს.
კლინიკურ კვლევებში მკურნალობის ამ მეთოდმა გააძლიერა შერჩევითი იმუნური პასუხი, რაც ორგანიზმს დაეხმარა ბეტა უჯრედების დაცვასა და ინსულინის წარმოებაში.
Dyamid ამჟამად ფართომასშტაბიანი კვლევის მესამე კლინიკურ ფაზაშია.
- ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა
მასაჩუსეტსის საერთო ჰოსპიტლის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო BCG ვაქცინას, რომელიც 1921 წელს შეიქმნა, ასევე შეუძლია სისხლში შაქრის დონის დარეგულირება T ლიმფოციტების Foxp3 მარეგულირებელი გენის საშუალებით — პირველი ტიპის დიაბეტის დროს, ჩვეულებრივ, სწორედ ეს გენი არის ხოლმე შეცვლილი.
მთავარ იმუნურ უჯრედებში ნორმალური გენების ექსპრესიის აღდგენით, ვაქცინას შეუძლია ბეტა უჯრედების განადგურების შემცირება და სისხლში შაქრის მოხმარების გაზრდა გლუკოზის დონის დასაბალანსებლად.
ამჟამად, მასაჩუსეტსის საერთო ჰოსპიტალი ამ ვაქცინის პედიატრიული შემოწმებების დაწყებას აპირებს და FDA-ის დასტურს ელოდება.
როგორც ხედავთ, პირველი ტიპის დიაბეტის საწინააღმდეგო ვაქცინის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე არიან და რომლებსაც აქვთ პოტენციალი, მკურნალობის ეფექტიან საშუალებებად იქცნენ. ეს მეთოდები მხოლოდ დაავადების პრევენციით შემოიფარგლებიან თუ მის განკურნებასაც შეძლებენ? — ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. თუმცა, ორივე შემთხვევაში ეს ძალიან კარგი სიახლე იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირველი ტიპის დიაბეტი აქვთ, ან მისი განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან.
კომენტარები