მეცნიერებმა შექმნეს ოთახი, რომელიც მოწყობილობებს უსადენოდ დატენის
წარმოიდგინეთ, შედიხართ ოთახში და თქვენი ტელეფონი, თუ ლეპტოპი ავტომატურად იტენება. ასეთი სივრცის არსებობა ყველას ოცნებაა.
მიჩიგანისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ელექტროენერგიის ჰაერში უსაფრთხოდ გაგზავნის მეთოდი, რომელიც გამოიმუშავებს 50 ვატ ენერგიას მხოლოდ მაგნიტური ველების გამოყენებით. პროექტს აქვს პოტენციალი შენობები უკაბელო დამუხტვის სადგურებად აქციოს.
"ეს ჩვენს ცივილიზაციას წინ წასწევს. მოწყობილობები თავისით, ავტომატურად დაიტენება, ყველანაირი სადენის გარეშე. ამასთან, არსებობს მრავალი კლინიკური პროგრამა, მაგალითად, დღევანდელი გულის იმპლანტები, რომლებიც საჭიროებენ მავთულს, რათა გარე კვების ბლოკამდე მიაღწიონ. მომავალში მსგავსი მავთულები საჭირო აღარ იქნება, ეს როგორც პაციენტების ცხოვრების ხარისხსს გააუმჯობესებს, ისე შემცირდება ინფექციების რისკი", — თქვა ალანსონ სემპლმა, მიჩიგანის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის პროფესორი.
შესაბამისად, ამ ახალი ტექნოლოგიებით დამუხტვა შესაძლებელია არა მხოლოდ ტელეფონებისა და ლეპტოპების, არამედ სამედიცინო მოწყობილობებისა და რობოტექნიკისაც.
მკვლევარები მუშაობენ იმაზეც, რომ ინოვაციური დამუხტვის სისტემა ძალიან პატარა იყოს. ასეთი სისტემის ყუთში მოთავსება მარტივი იქნება ეს კი ნიშნავს, რომ მის თან ტარებასაც შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ ამ ტექნოლოგიის წინა ვერსიები არსებობდა, მაგრამ იყენებდნენ პოტენციურად მავნე მიკროტალღურ გამოსხივებას. ახალი ვერსია, მკვლევრების თქმით, სრულიად უსაფრთხოა. მეტიც, მისი შენობაში დამონტაჟება ბევრად უფრო მარტივია და ეწყობა ძველ ნაგებობებსაც.
ეს ყველაფერი ახალი სისტემის — ერთიანი კონდესატორების დამსახურებაა. სისტემა თავსდება კედლის ღრუში, რათა წარმოქმნას ძლიერი მაგნიტური ველი, რომელსაც შეუძლია რეზონანსი მოახდინოს ოთახებში, ხოლო ელექტრული ველები დააკავშიროს კონდენსატორებთან.
ახლა მკვლევრები სისტემის დანერგვას მიჩიგანის უნივერსიტეტში ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ეს ტექნოლოგიები ჩვენს ყოველდღიურობაში კიდევ რამდენიმე წელი არ გამოჩნდება.
თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ დატენვის მომავალზე, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ის უსადენოა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები