ჩინეთში 1 500 წლის წინანდელი, "სამარადისოდ ჩახუტებული" ჩონჩხები აღმოაჩინეს
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ორი სამუდამოდ ჩახუტებული შეყვარებულის ჩონჩხები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 1 500 წლის წინ დამარხეს ერთად.
მკვლევრების თქმით, შესაძლოა, ქალმა, რომელიც მარცხენა არა თითზე მეტალის ბეჭედს ატარებდა, თავი შესწირა, რათა თავის ქმართან ერთად დაემარხათ.
ჩინეთში კაცისა და ქალის გაერთიანებული სამარხები იშვიათი რამ არ არის, თუმცა ეს ქვეყანაში პირველი შემთხვევაა, რა დროსაც სხეულები ერთმანეთზე ჩახუტებული იპოვეს — "ერთმანეთთან მჭიდროდ მიხუტებული ორი ჩონჩხი, რომელიც გაბედულად გამოხატავს სიყვარულს", რამაც შესაძლოა იმდროინდელ ჩინურ საზოგადოებაში სიყვარულისადმი შეხედულებათა ცვლილებები გამოსახოს.
"ეს მთელს ჩინეთში, ნებისმიერ პერიოდში, პირველი წყვილია, რომელიც ჩახუტებულები იპოვეს", — განუცხადა Live Science-ს კვლევის მთავარმა ავტორმა ქიან ვანგმა, ბიოსამედიცინო მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ტექსასის სტომატოლოგიურ კოლეჯში.
არქეოლოგებმა სამარხი 2020 წლის ივნისში აღმოაჩინეს სასაფლაოს გათხრისას, რომელიც შანხაის პროვინციაში სამშენებლო სამუშაოებისას გამოაშკარავდა. სასაფლაო დაახლოებით 600 სამარხს მოიცავდა სიანბეიდან — უძველესი მომთაბარე ჯგუფი ჩრდილოეთ ჩინეთში, რომელიც ჰანის ჩინურ კულტურას შეეთვისა — და ჩრდილოეთ ვეის დინასტიით (386-534 წლები) თარიღდებოდა, როგორც საფლავის ფორმები და კერამიკის ნაწარმები მიანიშნებს.
გამომდინარე წყვილის სამარხის უნიკალურობიდან, არქეოლოგებმა გადაწყვიტეს, მთლიანად არ ამოეთხარათ ჩონჩხები და ამის ნაცვლად ერთმანეთზე შემოხვეული დატოვეს, რათა მომავალში გამოსაჩენ ადგილას განათავსონ მუზეუმში.
არქეოლოგებმა ორი სხვა წყვილიც აღმოაჩინეს იგივე სასაფლაოზე, ერთად დამარხული, თუმცა ეს წყვილები ასე ახლოს არ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და არც ქალები ატარებდნენ ბეჭდებს.
მართალია, ბეჭდიანი საყვარლები ბოლომდე არ ამოუთხრიათ, თუმცა მათზე ასეც ბევრი შეიტყვეს. კაცს, რომელიც 161,5 სანტიმეტრი სიმაღლისა იქნებოდა, რამდენიმე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის გატეხილი მკლავი, დაკარგული თითის ნაწილი მარჯვენა ხელზე, ხოლო მარჯვენა ფეხზე კი ძვლოვანი წანაზარდები. მკვლევრების თქმით, იგი სავარაუდოდ 29-35 წლის ასაკში მოკვდა.
ამისგან განსხვავებით, ქალი სიკვდილისას საკმაოდ ჯანმრთელი გახლდათ. იგი დაახლოებით 157,1 სანტიმეტრი სიმაღლისა იყო და მხოლოდ უმნიშვნელო სტომატოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მათ შორის კარიესი. იგი სავარაუდოდ 35-40 წლის ასაკში დაიღუპა.
"შესაძლოა, ქალი ბეჭედს დასავლეთ რეგიონებისა და აბრეშუმის გზის გადაღმა არსებული ადათების გავლენით ატარებდა. ეს შესაძლოა სიანბეის ხალხის ასიმილაციასაც მიეწეროს, რომელიც ჩინური და დასავლური კულტურის გაერთიანებას ასახავს", — განაცხადა ვანგმა.
ვისაც არ უნდა დაემარხა წყვილი, ნამდვილად დიდი სინაზე გამოუჩენია. კაცის სხეული ქალისკენ იყო გადმოხრილი და მარცხენა ხელი მისი სხეულის ქვეშ ამოედო. ქალს მარჯვენა მკლავით იხუტებდა, ხელი კი მის წელზე დაედო. როგორც მეცნიერები წერენ, ქალის სხეული "ჩასახუტებლად გამზადებულ პოზიციაში" იყო მოთავსებული, თავი კი ოდნავ ქვემოთ ჰქონია მიმართული, რაც მიანიშნებს, რომ შესაძლოა სახე კაცის მხარზე ედო. იგი მკლავებით პარტნიორის სხეულს ეხვეოდა.
მათი ვარაუდით, სცენა ცხოვრებაში წყვილის ერთმანეთისადმი თავდადებას ასახავს:
"სამარხის იდეა ნათელია — ქმარი და ცოლი გვერდიგვერდ წვანან და ერთმანეთს სამარადისო სიყვარულის ნიშნად ეხვევიან", — წერენ მეცნიერები.
გუნდს რამდენიმე მოსაზრება აქვს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა წყვილი ერთ საფლავში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ერთდროულად დაიღუპნენ ძალადობის, დაავადების ან მოწამვლის გამო, ვინაიდან ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მკვლევრების თქმით, შესაძლოა პირველი კაცი მოკვდა და შემდეგ ქალმა გასწირა თავი, რათა ერთად დაემარხათ.
ასევე შესაძლებელია, რომ პირველად ქალი მომკვდარიყო და კაცს გაეწირა თავი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქალი პარტნიორზე ჯანმრთელი ჩანდა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პირველ ათასწლეულში სიყვარულისადმი სწრაფვა და მისი თავისუფლად გამოხატვა ჩინეთის კულტურაში საკმაოდ თვალში საცემი გახლდათ. უხვადაა გამოგონილი სიყვარულის ისტორიები და ისტორიული ჩანაწერებიც კი იმის თაობაზე, თუ როგორ სწირავდა ხალხი თავს გრძნობებისათვის. ვანგის თქმით, სიყვარულისათვის ბრძოლასა და მის გამო თვითმკვლელობასაც კი მხარდაჭერის გამოცხადებით თუ არა, მიმღებლობით მაინც ხვდებოდნენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.
კომენტარები