გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები გამრავლებას ვეღარ შეძლებენ
ამერიკის არმიის კვლევით ლაბორატორიებში მომუშავე მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება კოღოების, კონკრეტულად Aedes Aegypti-ს გენეტიკურად დამუშავება, რაც მათ პოპულაციას და შესაბამისად ზიკასა და დენგეს ციებ-ცხელებას მოსპობს
გენეტიკური ჩარევა მამრ კოღოებს არაფერტილურს ხდის, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მდედრებთან შეჯვარების შემდეგ, ისინი მათაც "აავადებენ" და სამომავლო განაყოფიერების შანსებს უკლავენ. კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
"ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს სინთეტიკური ბიოლოგია და გენური ინჟინერია" — ამბობს ჯეიმს ბურგესი, არმიის კვლევითი ლაბორატორიის, DEVCOM პროგრამის ხელმძღვანელი.
"ამ შემთხვევაში სიზუსტე ძალიან მაღალია, ფაქტობრივად ელექტრო ხერხიდან სკალპელზე გადავედით და ბევრად უფრო ზუსტი დარტყმა მივაყენეთ კოღოების პოპულაციას, ეს კი მომაკვდინებელი ინფექციების გადატანას საგრძნობლად შეამცირებს" — ყვება ჯეიმს ბურგესი კვლევაში
იმისათვის, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს, მდედრი კოღო რამდენიმე მამრთან უნდა შეჯვარდეს იზოლირებულ გარემოში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ 4 საათი გენეტიკურად დამუშავებულ მამრებთან გალიაში ყოფნის შემდეგ მდედრი კოღოების ნაყოფიერება 20 პროცენტამდე დაეცა.
"ყველა მდედრი ფაქტობრივად სტერილური გახდა" — ამბობს კალიფორნიის სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ბიოლოგი და კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი კრეიგ მონტელი.
"ამით დამტკიცდა, რომ მამრებს სპერმის გამოუმუშავებლად შეუძლიათ მდედრების ნაყოფიერების შემცირება".
ახალი მეთოდის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ თუ გარეული მდედრი კოღოები გენეტიკაშეცვლილ მამრებთან შეჯვარდებიან, მათი ნაყოფიერება ისევ 80%-იან კლების შემდეგ მაინც გაიზრდება — გვიხსნის მონტელი
ეს არ ნიშნავს რომ მეთოდი არ მუშაობს, უბრალოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს გენეტიკურად დამუშავებული მამრი კოღოების ბუნებაში რამდენჯერმე გადასმა, რათა პოპულაციის კლების ტენდენცია მუდმივად შენარჩუნდეს, რაც დაავადებების გავრცელებასაც შეამცირებს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები