NASA-ს მოხეტიალემ მარსზე უძველესი ქვის თაღი აღმოაჩინა
და როგორც ამბობენ, ამაში უცხოპლანეტელი არქიტექტორის ხელი ნამდვილად არ ურევია.
NASA-ს მოხეტიალემ — Curiosity მარსის ზედაპირზე რაღაც საინტერესო აღმოაჩინა. ეს პატარა, ბუნებრივად ფორმირებული ქვის თაღია გეილის კრატერში.
აღნიშნულის ამსახველი NASA-ს ოფიციალური ფოტოს ნახვა აქ შეგიძლიათ, თუმცა თაღის შესახებ ფართო საზოგადოებამ მაინც NASA-ს JPL-ის ინჟინრის — კევინ გილის ფოტოკოლაჟიდან გაიგო, რომელმაც ამ აღმოჩენას ტვიტი მიუძღვნა. კოლაჟი თაღის შესახებ უფრო სრულფასოვან შთაბეჭდილებას გვიქმნის.
"მეცნიერებს დავუტოვებ იმის ახსნას, თუ რა ჯანდაბა ხდება აქ", — დატვიტა კევინ გილმა.
არის თუ არა რამე შანსი, რომ ეს უძველესი ქვის თაღი უძველესი მარსიანული ცივილიზაციის შესახებ ცნობებს გვინახავს? — არა. ამის შანსი არ არის. არამხოლოდ მარსზე, დედამიწაზეც უამრავი თაღია, რომელიც ბუნებრივად ფორმირდება და არ არსებობს რამე მიზეზი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მსგავსი პროცესი მარსზე შეიძლება განსხვავებულად მიმდინარეობდეს.
ესეც რომ არა, უცხოპლანეტელი არქიტექტორებისთვის ამ ქმნილების მიწერა შეიძლება შეურაცხმყოფელიც კი ყოფილიყო, რადგან თაღი მხოლოდ 15 სანტიმეტრის ზომისაა.
NASA-ს პლანეტარულმა გეოლოგმა, აბიგაილ ფრაემანმა ეს სანახაობა შემდეგნაირად აღწერა: "ქვის საინტერესო ტექსტურის გამოსახულება. [...] არ მინელდება განცვიფრება იმ ტექსტურებით, რომელსაც ფოტოზე ვხედავთ. განსაკუთებით სანტიმეტრის ზომის ბორცვებისა და კვანძების დანახვისას, რომლებიც თაღის ძირიდან გამოდის".
აღსანიშნავია, რომ მოხეტიალე Curiosity ამჟამად ამოწმებს გარდამავალ ზონას "თიხის შემცველ ერთეულსა" და "სულფატის შემცველ ერთეულს" შორის. აქედან ერთი თიხის მინერალებით მდიდარი ტერიტორიაა, მეორე კი კალციუმის სულფატსა და ეპსომის მარილს შეიცავს. ეს ორივე ზონა მიანიშნებს რეგიონში შესაძლო წყლის კვალზე და ასევე, კარგი ადგილია იმის შესასწავლად და საბოლოოდ დასადგენად, არსებობდა თუ არა მარსზე მიკრობული სიცოცხლე.
კომენტარები