შეგვიძლია თუ არა, თავი ფუტკრად წარმოვიდგინოთ?
წარმოიდგინეთ, რომ ფუტკარი ხართ — ადამიანზე 700 ათასჯერ პატარა ზომის, თუმცა თითქმის ყველაფერი მასზე ბევრი გაქვთ. ოთხის ნაცვლად, ექვსი ექვსგანყოფილებიანი კიდური გაბიათ. მთლიანად ბეწვით ხართ დაფარული და ეს უხეში ჯაგარი სახესა და ტანზე სითბოს შენარჩუნებაში, ყვავილის მტვრის შეგროვებასა და მოძრაობის აღქმაშიც კი გეხმარებათ. ენა ყბის მიღმაც გიგრძელდებათ, თუმცა გემოებს მისით კი არა, სპეციალური ბუსუსების, სენსილების მეშვეობით აღიქვამთ, რომლებითაც იმ ნივთიერებებს შეიგრძნობთ, თქვენი სხეულის კონკრეტულ ნაწილებს რომ ეხება.
ხუთი თვალი გაქვთ. ორ მათგანს რთული თვალი ჰქვია, 6 900 ციცქნა ლინზისაგან შედგება და თქვენი სახის ნახევარს იკავებს. თითოეული ლინზა სხვადასხვა "პიქსელს" გიგზავნით და სწორედ მათი დახმარებით ხედავთ სამყაროს. წითელი თქვენთვის შავია, სამი ძირითადი ფერი კი — ლურჯი, მწვანე და ულტრაიისფერი. მოძრაობას საოცრად მარტივად აღიქვამთ, თუმცა გამოსახულებათა კონტურები თქვენთვის ბუნდოვანია და ფერადი შუშიდან არეკლილივით არაერთგვაროვანი. დანარჩენი სამი თვალი მხოლოდ სინათლის ცვლილებას გამცნობთ, რათა მოულოდნელ თავდასხმას აარიდოთ თავი.
ახლა, როცა ფუტკარი ხართ, ბევრი ახალი რამ შეგიძლიათ. თქვენს ოთხ ფრთას წუთში 11 400-ჯერ იქნევთ, ჰაერში გაფანტულ ნივთიერებებს ყნოსავთ და თქვენი კოლონიის დანარჩენ წევრებს ნექტრის ადგილმდებარეობას ცეკვით ამცნობთ. თუმცა, განა, რამდენს გვეუბნება ეს აღწერილობა ფუტკრად ყოფნის ნამდვილი შეგრძნებების შესახებ?
ჩვენ ყველამ ვიცით, რას ნიშნავს, ვიყოთ საკუთარი თავი — ვაცნობიერებდეთ ჩვენ გარშემო სამყაროს და ამ გაცნობიერების აღქმის უნარიც გვქონდეს. თუმცა, სხვა ადამიანებისა და არსებების ცნობიერების მნიშვნელობა ფილოსოფოსებისთვის, ბიოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისა და იმ ადამიანებისთვისაც კი რთული საკითხია, ვისაც ერთხელ მაინც უფიქრია, ძაღლები და რვაფეხები ერთნაირად თუ შეიგრძნობენ ყოფას. ზოგადად, ცნობიერად ის არსებები მიიჩნევიან, რომელთა მიერ სამყაროს აღქმა გარკვეულწილად უნიკალური და სუბიექტურია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ადამიანური წარმოსახვის შეზღუდული უნარი ჩვენ არცერთი სხვა არსების ცნობიერის წარმოდგენის საშუალებას არ გვაძლევს. განა, როგორ უნდა გავიგოთ, ფუტკრების ქცევა გაცნობიერებულია თუ, უბრალოდ — გამაღიზიანებლებზე რეაქციები? ამ საკითხის გამოსაკვლევად ფილოსოფიისა და მეცნიერების მხარდამხარ მოშველიებაა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ მითები და ცრუ წარმოდგენები საპირისპიროს ამბობს, მეცნიერული კვლევებით დგინდება, რომ ფუტკრებს გარკვეული ცნობიერება აქვთ. სიდნეის მაკუორის უნივერსიტეტში ცნობიერების შემსწავლელმა მეცნიერმა, ენდრიუ ბარონმა ამ საკითხზე TED Talk-ში ისაუბრა და მოჰყვა, როგორ გაბრაზდა, როცა ერთხელ ჰკითხეს, ფუტკრებს ტვინი აქვთ თუ არაო. ფუტკრებს ტვინი, რაღა თქმა უნდა, აქვთ.
თუმცა, მათ ცნობიერებაში გარკვევის მცდელობა, ალბათ, წყლის ნაყვაა. ძალიან ძნელია, თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო, ამბობს ენდრიუ ბარონის კოლეგა, ფილოსოფოსი კოლინ კლაინი. "ადამიანების შემთხვევაში ეს ბევრად მარტივია. შეგიძლია, სხვებს დაელაპარაკო, ანდაც წიგნები წაიკითხო, თუმცა საკუთარი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გადააზრება მაინც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ყველაზე რთული კი თავის იმ არსებების ადგილას წარმოდგენაა, რომლებსაც ცხოვრების ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული გამოცდილებები აქვთ. გადააზრება იმაზე ფიქრით შეგვიძლია დავიწყოთ, თუ რა კრიტერიუმებით განსხვავდება ფუტკრისმაგვარი არსების ცხოვრება ჩვენისაგან: როგორ შეიცნობენ ისინი სამყაროს, ანდაც საერთოდ ჩვენსავით აღიქვამენ სივრცეს თუ არა", — აღნიშნავს კლაინი.
ფილოსოფოსი თომას ნაგელი 1974 წლის ესეში, ღამურად ყოფნის თავისებურებანი, წერს, რომ სხვა არსებად თავის წარმოდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი ობიექტს ცნობიერება აქვს. "თუკი ორგანიზმი ცნობიერი გამოცდილების მქონეა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ ორგანიზმად ყოფნა რაღაცას ჰგავს. ფუნდამენტურად, ორგანიზმს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობა, თუკი ამ ორგანიზმად ყოფნას მახასიათებლები აქვს", ვკითხულობთ ესეში. ამ თავსატეხს თუკი განვავრცობთ, უნდა ითქვას, რომ თავის სხვა არსებად წარმოსახვა ადამიანად ყოფნის გამოცდილებითაა შეზღუდული. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ღამურასავით აპკიანი ფრთები, ანდაც ფუტკარივით ხუთი თვალი გვაქვს, თუმცა ამ ქმნილებებისთვის დამახასიათებელი კონკრეტული შეგრძნებები და შესაძლებლობები ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელია. "მინდა წარმოვიდგინო, როგორ შეიგრძნობს ღამურა ღამურად ყოფნას, თუმცა წინ ჩემივე გონი მეღობება და მზღუდავს. არც ჩემი აწმყო გამოცდილებისათვის რაიმეს დამატება ან მოკლება ცვლის რამეს", — წერს თომას ნაგელი.
"ამ სირთულეების მიუხედავად, გვინდა გავიგოთ, ფუტკრები და სხვა მწერები სამყაროს სუბიექტური პერსპექტივით აღიქვამენ თუ არა", — წერენ კლაინი და ბარონი 2016 წელს The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ცნობიერების მრავალი, სხვადასხვა სირთულის ფორმა არსებობს. ჩვენ, ადამიანებმა, ვიცით, რომ ამ სამყაროში ვარსებობთ და ამ ცოდნასაც ვაცნობიერებთ. უფრო მარტივი ცნობიერების მქონე არსებებს, სავარაუდოდ, თვითგააზრების ეს უნარი არ გააჩნიათ. ამაზე უფრო მარტივი ცნობიერების მქონეებს კი მხოლოდ გარე სამყაროს შეზღუდული აღქმა აქვთ.
თუმცა, დევიდ ჩალმერსის აზრით, ამგვარი იერარქია ზედმეტადაა გამარტივებული. ჩალმერსი ავსტრალიელი ფილოსოფოსია ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან და, ძირითადად, გონის ფილოსოფიაზე მუშაობს. "გონებრივი ანდაც ცნობიერების დონეების იერარქიული დაყოფის სხვა გზებიც უნდა არსებობდეს. უფრო რთული იმის ზუსტად განსაზღვრაა, ცნობიერება სად მთავრდება — სავარაუდოდ, ევოლუციური განვითარების ყველაზე დაბალ დონეებზე, თუმცა, ეს ძალიან რთული საკითხია", — ამბობს ფილოსოფოსი.
ჩალმერსის აზრით, ადამიანებსა და ფუტკრებს ცნობიერების ზოგიერთი მახასიათებელი — მაგალითად, მხედველობა — საერთო აქვთ, ზოგიერთი კი სრულიად განსხვავებული: "ჩვენგან განსხვავებით, ფუტკრებს ზოგიერთი სახის მგრძნობელობითი სისტემა არ გააჩნიათ და არც ენისმაგვარი კონცეფციები აქვთ".
კლაინი კი განსხვავებას ბევრად სპეციფიკურად განმარტავს: "ჩვენი აზრით, ფუტკრების გამოცდილებებს მათთვის გარკვეული მნიშვნელობები აქვთ, თუმცა, ისიც გვგონია, რომ თავად ამ გამოცდილებათა ქონას ვერ იაზრებენ. შეუძლებელია, ფუტკარი დაფრინავდეს და ფიქრობდეს, აჰ, რა კარგი ამინდია, ერთი ამ ყვავილს შეხედეო. მისი ცნობიერება საამისოდ საკმარისად დახვეწილი და რეფლექსური არ არის".
ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებთან შედარებითაც კი საოცრად მცირე ზომის ტვინის ქონის მიუხედავად, ფუტკრების ქცევა და აზროვნება მაინც გასაოცრად კომპლექსურია. ბოლო ათწლეულებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ მათ ემოციების განცდა, სხვადასხვა იარაღის გამოყენება, სოციალური ქცევების სწავლა შეუძლიათ და ნულის აღქმაც კი აქვთ. კოკაინის ზემოქმედების ქვეშ ფუტკრები უფრო ენერგიულად ცეკვავენ და შეგროვებული ნექტრის რაოდენობას გადამეტებულად აფასებენ. თუკი ნახავენ, პლასტმასის ფუტკარს როგორ გააქვს კარში გოლი, შაქრიანი წყლით დაჯილდოების შემთხვევაში, ფუტკრები თავადაც იმავეს იმეორებენ. განა, ეს კომპლექსური ქცევები საკმარისი არაა, ფუტკრებში ცნობიერის არსებობის დასამტკიცებლად? ენდრიუ ბარონის თქმით, სულაც არა: "ფუტკრებს, სხვა მწერებისგან განსხვავებით, ბევრად ჭკვიანური ქცევები ახასიათებთ, რის საფუძველზეც, ხშირად ვარაუდობენ, რომ მათ ცნობიერება აქვთ. მე ასე ვერ ვიტყოდი".
აბა, დაფიქრდით, რამდენ, დიდი ალბათობით, უგონო არსებას შეუძლია კომპლექსურად მოქმედება. რობოტები ჟონგლიორობენ და პიანინოზეც კი უკრავენ, თუმცა, რამდენადაც ვიცით, ამას გაცნობიერებულად არ აკეთებენ. რობოტ მტვერსასრუტებს გადაწყვეტილებების მიღება, ნავიგაცია და ადაპტაცია შეუძლიათ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკუთარ არსებობას შეიგრძნობდნენ. მეხსიერება კი ზოგიერთ მცენარესაც აქვს: თუ ისინი ძირს დავარდნას ბევრჯერ განიცდიან, დროთა განმავლობაში ამაზე აღარ რეაგირებენ. თუმცა ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც იმის მტკიცებას მოჰყვება, რომ მცენარეები ცნობიერი არსებები არიან.
"ვფიქრობ, ბიჰევიორისტული მიდგომის მთავარი პრობლემა ყველა ჭკვიან არსებაში ცნობიერების ძიებაა. ცნობიერება რომ ფართოდ გავრცელებული იყოს, ის ისეთ არსებებშიც გამოვლინდებოდა, რომელთაც ცნობიერის ქონასთან ასოცირებული ქცევა არ ახასიათებთ", — ამბობს კლაინი.
თუკი ქცევა ფუტკრების შინაგან სამყაროზე საკმარის ინფორმაციას არ გვაწვდის, შესაძლოა, პასუხები მათი მარცვლის ზომის ტვინის სტრუქტურაში უნდა ვეძებოთ. კვლევების თანახმად, ადამიანის ცნობიერება შუა ტვინში, ევოლუციურად შედარებით ადრე განვითარებულ ნაწილშია მოთავსებული. 2016 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ბარონმა და კლაინმა ფუტკრის ტვინის სტრუქტურა შეისწავლეს, რომელიც, როგორც ირკვევა, ადამიანის ტვინის მსგავსი ნაწილებისგან შედგება. "ფუტკრის ტვინი გაცილებით პატარა, განსხვავებული წყობისა და ფორმისაა, თუმცა მასში მიმდინარე გამოთვლები ადამიანის შუა ტვინში მიმდინარე პროცესებს ძალიან ჰგავს. თუკი ჩავთვლით, რომ ფუტკრის ტვინი ჩვენს ცნობიერებაზე პასუხისმგებელი შუა ტვინის მსგავსია, მწერებიც ცნობიერი არსებები გამოდიან", — ამბობს კლაინი.
ამგვარი ბიოლოგიური მიდგომის მიხედვით, ცნობიერება მხოლოდ ფუტკრებს კი არა, ნაკლებად ჭკვიან არსებებს, მაგალითად, კარტოფილის ხოჭოებსაც აქვთ. მართალია, ისინი ნაკლებად საინტერესონი ჩანან, მაგრამ ეს მათში ცნობიერის არსებობას სულაც არ გამორიცხავს. ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მწერების ტვინის ნეირონულ დონეზე შესწავლაა შესაძლებელი, ჯერ სულ ახალია. "თუკი ისინი მართლაც ინსტინქტურად მოქმედებენ, ეს მათი ტვინის შესაძლებლობებზე რაღაც ახალს მაინც გვეტყვის. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ პირიქითაა, გაცილებით კომპლექსურ საკითხთან გვექნება საქმე", — აღნიშნავს ბარონი.
ეს ტექნოლოგია იმ არსებების ტვინებზე დაკვირვების საშუალებასაც მოგვცემს, რომელთაც, დიდი ალბათობით, ცნობიერება არ გააჩნიათ. Caenorhabditis elegans მრგვალი ჭიაა, რომელსაც სამეცნიერო კვლევების პროცესში ხშირად იყენებენ. ბოლო წლებში მეცნიერებმა ამ დაახლოებით ერთი მილიმეტრის სიგრძის არსების ტვინის კომპლექსური რუკა, კონექტომა შექმნეს. "მათ ტვინში 302 ნეირონია მაშინ, როცა ფუტკრისაში — 960 ათასი, ადამიანისაში კი — 86 მილიარდი. ვფიქრობთ, რომ ეს ჭიები განვითარებულ რობოტებს ჰგვანან. ისეთ გამღიზიანებლებზე, როგორიც შიმშილი და საფრთხეა, მათ კონკრეტული, პროგნოზირებადი რეაქციები აქვთ. აი, ფუტკრის შემთხვევაში კი ერთგვარ თვისებრივ ნახტომთან გვაქვს საქმე, როცა ტვინი, როგორღაც, მეტია, ვიდრე მისი ნეირონული კავშირები", — ამბობს კლაინი.
მსგავსი ნეირობიოლოგიური ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მრგვალი ჭიები, რობოტები და მცენარეები საკუთარ თავს ვერ შეიგრძნობენ, ფუტკრებზე კი იმავეს ვერ ვიტყვით. თუმცა, გაურკვეველია, როგორ ვარირებს ცნობიერება მრგვალი ჭიებიდან ფუტკრებამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ნეირობიოლოგია ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს, ჩალმერსის თქმით, "ის ცნობიერებაზე კითხვებს პასუხს ბოლომდე ვერ სცემს. ხშირია შემთხვევები, როცა ორი ადამიანი ნეირობიოლოგიურ დეტალებზე თანხმდება, იმაზე კი ვერ, თუ რას გვეუბნება ეს ყველაფერი ცნობიერებაზე". ფილოსოფოსს აქვე თევზის მაგალითი მოჰყავს, რადგან მათი ნეირობიოლოგიური კვლევა ერთმნიშვნელოვნად ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, ეს არსებები ტკივილს გრძნობენ თუ ვერა.
შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორია, როცა ბალნით დაფარული ექვსი ფეხი გაბია, პიქსელებით ხედავ, ნექტარს აგროვებ ანდაც ისეთი ცოცხალი სუპერორგანიზმის ნაწილი ხარ, როგორიც სკაა. ფუტკრად ყოფნისა და სამყაროს მისეული აღქმის წარმოსახვა კი შეუძლებელი რამაა. თუმცა, როგორც ირკვევა, ფუტკრად არსებობა ერთგვარი სპეციფიკური გამოცდილებაა. ეს კი სულ არაფრის ცოდნას ნამდვილად სჯობს.
კომენტარები