მეცნიერებმა დიდი რაოდენობით ყავის სმასა და დემენციას შორის კავშირი იპოვეს
სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ახალი მასობრივი კვლევა აჩვენებს, რომ ყავის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება მომავალში დემენციის განვითარების რისკს უკავშირდება.
გაერთიანებული სამეფოს Biobank მონაცემთა ბაზიდან 17 702 მოხალისეს სამედიცინო ანგარიშის შესწავლის შემდეგ, სამხრეთ ავსტრალიის მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ დღეში შვიდი ან მეტი ფინჯანი ყავის სმა დემენციის განვითარების რისკის 53%-ით ზრდას უკავშირდება.
თუმცა, სამწუხაროდ, პრობლემას მხოლოდ დემენცია არ წარმოადგენს. კვლევა, რომელიც გუნდმა გასულ თვეს ჟურნალ Nutritional Neuroscience-ში გამოაქვეყნა, ასევე აჩვენებს კავშირს დიდი რაოდენობით ყავის მიღებასა და ტვინში მიმდინარე ფიზიკურ ცვლილებებსა თუ სხვა ნევროლოგიურ დაავადებებს შორის.
"ყველა შესაძლოა ცვლილების გათვალისწინებით, მუდმივად ვაწყდებოდით იმის ნიშანს, რომ დიდი რაოდენობით ყავის მოხმარება მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული ტვინის მოცულობის შემცირებასთან", — აღნიშნა უნივერსიტეტის პრეს რელიზში კვლევის მთავარმა ავტორმა და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, კიტი ფემმა. "დღეში ექვს ფინჯან ყავაზე მეტის მირთმევამ, შესაძლოა, თქვენი ტვინი დემენციისა და ინსულტის რისკის ქვეშ დააყენოს".
ყავა ის სასმელია, რომელსაც, ღვინოსა და შოკოლადის მსგავსად, დაუსრულებლად იკვლევენ და ვერ შეთანხმებულან, აუმჯობესებს თუ ანადგურებს იგი ადამიანის ჯანმრთელობას. ფაქტია რომ მისი სასარგებლო თვისებების შესწავლა ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად მისი შესწავლისას კვლევები სხვა მიმართულებით მიჰყავთ. მიუხედავად ამისა, ზემოთ აღნიშნული კვლევის მასშტაბი მას გარკვეულ სანდოობას ანიჭებს.
მკვლევრების თქმით, მათ ჯერ დარწმუნებით არ იციან, თუ როგორ არის დაკავშირებული ამდენი ყავის სმა ინსულტისა და დემენციის გაზრდის რისკთან. მათ ისიც აღნიშნეს, რომ, მიუხედავად ამისა, დღეში ნორმალური რაოდენობის (დღეში 1-2 ფინჯანი) ყავის მიღებისგან თავის შეკავება არ დაგჭირდებათ.
კომენტარები