2 400 წლის გვამის ბოლო სადილის ანალიზით ადამიანის მსხვერპლშეწირვის ნიშნები აღმოაჩინეს
მკვლევრებმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს და ტოლუნდის კაციდან ამოღებული საკვების ნაწილაკები თავიდან გამოიკვლიეს.
არქეოლოგიური ნარჩენები წარსულზე ბევრ ინფორმაციას გვაწვდის და იმის წარმოდგენასაც გვიმარტივებს, თუ როგორი იყო დედამიწა, როცა დინოზავრები ჯერ კიდევ თავისუფლად დაძრწოდნენ, ან კიდევ უფრო ადრე. ასევე ვინტერესდებით ხოლმე, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და ვინ იყვნენ ჩვენი ახლო ნათესავები. წარსულს რომ თვალი შევავლოთ, რადენიმე ნარჩენია ტოლუნდის კაცივით კარგად შემონახული, ახლახანს Cambridge Core-ში გამოქვეყნებული კვლევა კი მისი ბოლო სადილის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას.
1950 წლის 6 მაისს დანიაში, სილკებორგთან ახლოს, ბიოლდსკოვდალში, ტორფის თხრისას მიწაში 2,5 მეტრით ჩაფლული მამაკაცის სხეული იპოვეს. მათ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, რომელმაც წინასწარი ანალიზის შემდეგ ნარჩენები სილკებორგის მუზეუმს გადასცა. მეცნიერული კვლევის შემდეგ მუზეუმმა განაცხადა, რომ კარგად შემონახული სხეული 2 400 წელზე ძველი გახლდათ და ტოლუნდის კაცის ლეგენდაც სწორედ ასე გაჩნდა. აქედან მოყოლებული, სილკებორგის ფეოდალის სახლში განთავსებულმა შემთხვევით ნაპოვნმა ნარჩენმა მთელი მსოფლიოდან ათასობით სტუმარი მიიზიდა.
მას შემდეგ, რაც ნარჩენები იპოვეს, მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ თავად კაცისა და მისი დროის, ადრეული რკინის ხანის ადამიანების ცხოვრების წესის შესახებ. წლობით მიმდინარე კვლევის შემდეგ, მეცნიერები შეთანხმდენენ, რომ ტოლუნდის კაცი ჩამოახრჩვეს და შემდეგ ჭაობში მოათავსეს, რაც ღმერთების სათაყვანებლად განკუთვნილი რიტუალის ნაწილი გახლდათ. ბრიტანული ჩამოხრჩობის სტილისგან განსხვავებით, რომელიც კისრის მალებს ამტვრევდა და მოხრჩობით კლავდა, ტოლუნდის კაცი თოკით გაგუდეს, მისი კისრის მალები კი დაუზიანებელი დარჩა. ექსპერტებს ასევე სჯერათ, რომ ის ნაზად ჩააწვინეს ჭაობში განსასვენებლად, როცა თვალები და პირი უკვე დახუჭული ჰქონდა.
მაშინ, როცა 1950 წელს ნარჩენები იპოვეს, მუცლის შიგთავსი, წვრილი და მსხვილი ნაწლავები ფრთხილად მოაცილეს და განცალკევებით შეინახეს. მაშინ განხორციელებულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კაცმა ბოლო სადილად ქერისა და სელისგან დამზადებული ფაფა მიირთვა, რომელიც ველური მცენარეების — წითელი წალიკასა და წიწმატა სელის თესლებს შეიცავდა.
ახალ კვლევაში სილკბორგის მუზეუმის, ეროვნული მუზეუმისა და დანიის ორჰუსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შიგთავსი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხელახლა გააანალიზეს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ქერისა და სელის გამოყენებასთან ერთად, საკვებს ველური მცენარის, წითელი წალიკას თესლებიც ასევე განზრახ ჰქონია შერეული და შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, ვინაიდან მარცვლეულის გარეცხვა და გასუფთავება პრაქტიკაში მაშინაც არსებობდა. მკვლევრები გვთავაზობენ, რომ ეს გამიზნული დანამატი შესაძლოა მსხვერპლშეწირვის რიტუალის ნაწილი ყოფილიყო ან იქნებ, ულუფის კვებითი სარგებლის გასაზრდელადაც ჩაამატეს.
ამ ულუფისა და თანამედროვე საკვების ენერგეტიკული ღირებულების შედარების ხარჯზე, მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სადილი ღარიბული სულაც არ ყოფილა და არც საკვების ნაკლებობის რაიმე კვალი შეიმჩნევა. ძირითადი ინგრედიენტები, ქერი და სელი სხვადასხვა სეზონებზე მოჰყავთ, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მოვლენამდე მოსავალი კარგი იყო.
ქოლესტერინის რაოდენობის კვლევით მეცნიერებმა ისიც დაასკვნეს, რომ სადილის ნაწილი ცხიმიანი თევზიც ყოფილა. მუცლის დანახშირებული შიგთავსი გვთავაზობს, რომ საკვები თიხის ქვაბში მოუმზადებიათ.
მკვლევრები იმასაც ამატებენ, რომ ტოლუნდის კაცი სამი სხვადასხვა პარაზიტით იყო ინფიცირებული: ტრიქოცეფალუსით, ნაწლავის ჭიით და თასმისებური ჭიით. ეს პირველი შემთხვევაა, სადაც თასმისებური ჭიით ინფიცირება დაფიქსირდა ტორფნარში ნაპოვნ სხეულში და მიგვითითებს, რომ ტოლუნდის კაცმა სიკვდილამდე, სავარაუდოდ, უმი ან არასათანადოდ მომზადებული ხორცი მიირთვა.
CNBC-ის ცნობით, ტოლუნდის კაცის გარდა, 100-ზე მეტი სხეულია ტორფიან ჭაობში აღმოჩენილი, მაგრამ მხოლოდ 12 მათგანია ასევე კარგად შემონახული.
კომენტარები