მკურნალი მზესუმზირები — რატომ რგავენ მცენარეებს ბირთვული კატასტროფების შემდეგ
2011 წლის 11 მარტის შუადღე გადასული იყო, როდესაც იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს სტიქიური უბედურება დაატყდა თავს.
მიაგისა და ფუკუშიმას პრეფექტურებს კატასტროფული, 9,0 მაგნიტუდის მქონე, მიწისძვრა დაატყდა თავს თანმდევი ცუნამით, რომელმაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხე შეიწირა. გამანადგურებელი ფინალის სახით, შემდგომში ფუკუშიმა დაიჩის ატომურმა ელექტროსადგურმა გადაიტანა აფეთქებათა სერია ოკუმაში, რამაც ახლომახლო რადიოაქტიური ნარჩენების გამოყოფა გამოიწვია.
"3.11-ად" ცნობილი კატასტროფის შედეგები დღესაც იგრძნობა, იაპონია კი კვლავაც გაჭირვებით ცდილობს გზების ძიებას, რათა მილიონობით ტონა რადიოაქტიურ ჩამდინარე წყალსა და ამის ნახევარ მყარ ნარჩენს გაუმკლავდეს. მიუხედავად ამისა, მთელ ამ საკამათო და მაღალტექნოლოგიურ ვარიანტთა შორის, წმენდის კიდევ ერთი ტექნიკა არ უნდა გამოგვრჩეს: მზესუმზირები.
"ჩვენ მზესუმზირები მოგვყავს, მინდვრის მდოგვი, ჯიჯლაყა და ქათმისქოჩორა, რომელთაც, ხალხის რწმენით, რადიაციის შეწოვა შეუძლია. ამ დრომდე მინიმუმ 200 ათასი ყვავილი გავზარდეთ და კიდევ უფრო მეტი თესლი გავავრცელეთ. ფუკუშიმაში აყვავებული მინიმუმ 8 მილიონი მზესუმზირა აქედან წარმოიშვა", — კატასტროფიდან რამდენიმე თვის შემდეგ უთხრა Reuters-ს კოიუ აბემ, ახლომდებარე ბუდისტური ეკლესიის მთავარმა მღვდელმა.
როგორც ირკვევა, ეს ყველაფერი იაპონური ხალხური სიბრძნისგან შორსაა და ზურგს ზუსტი მეცნიერება უმაგრებს, რომლის მიხედვითაც მზესუმზირის ყვავილები ფანტასტიკურად ასუფთავებენ გარემოდან რადიოაქტიურ ნარჩენებს. სწორედ ამიტომ დაირგა ისინი სადრენაჟო თხრილებში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ,1986 წელს.
"მზესუმზირები კონკრეტულ რადიოაქტიურ იზოტოპებს შესანიშნავად შთანთქავენ და სწორედ ესაა ჩვენ მიერ აღმოჩენილი კავშირი მზესუმზირებსა და ატომურ ელექტროსადგურებს შორის. ჩერნობილის ინციდენტის რადიოაქტიური ნალექების წყალობით დაზიანებულ რეგიონებში მზესუმზირების დარგვის აზრამდე მივედით", — ახსნა ნიადაგის მეცნიერმა მაიკლ ბლეილოკმა 2011 წლის ინტერვიუში.
რატომ მზესუმზირები?
ბედნიერების მასხივებელი მცენარეები მათი გარეგნობის გამო სულაც არ შეურჩევიათ (თუმცა კი ნამდვილად შესანიშნავი ბონუსია). მზესუმზირებს არაერთი პრაქტიკული თვისება აქვს, რომელიც ბირთვულ ნარჩენთა გასუფთავებისათვის ზედგამოჭრილ მცენარეს შეეფერება: იზრდება სწრაფად, მარტივად და თითქმის ყველგან. მით უკეთესია ის, რომ იგი ბიომასის ძირითად ნაწილს ფოთლებსა და მთავარ ღეროში იტევს, ამიტომაც შთანთქმული რადიოაქტიური მასალის მოშორება ფესვების ამოთხრის გარეშეა შესაძლებელი.
ფიტორემედიაცია, ანუ მცენარეების საშუალებით გარემოდან ტოქსინების გაწმენდა, ჩერნობილისათვის დიდი წარმატება აღმოჩნდა, სადაც ბირთვულმა კატასტროფამ შორიახლოს მიწა და ნიადაგი რადიოაქტიური ელემენტებით, ცეზიუმითა და სტრონციუმით დაამძიმა. პროცესი მოქმედებს, რადგან იზოტოპები იმ საკვები ნივთიერებების იმიტაციას აკეთებენ, რომელსაც მზესუმზირა ბუნებრივადაც შთანთქავდა — ცეზიუმი კალიუმს განასახიერებს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის სჭირდებათ, სტრონციუმი კი — კალციუმს, რომელიც მათ სტრუქტურულ სიმყარეს უზრუნველყოფს.
"წყლისთვის ძალიან ეფექტური იყო, ნიადაგთან კი პროცესი განსხვავებულად წარიმართა, ვინაიდან ცეზიუმი მიწაში ცოტა არ იყოს და რთული საკითხია. მიუხედავად ამისა, შესაბამის გარემოებებში, შესაძლოა ფუკუშიმას ნიადაგისათვის დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილება ეფექტურად მოხერხდეს", — თქვა ბლეილოკმა.
საუბედუროდ, ჩერნობილის წარმატებისდა მიუხედავად, ფუკუშიმაში ფიტორემედიაციის მცდელობები, საბოლო ჯამში, კრახად მიიჩნევა. ექსპერიმენტზე ბევრი ლიტერატურა არ მოიპოვება, მაგრამ წამოყენებული რამდენიმე კვლევის შედეგად ვერ იპოვეს ვერც ერთი მცენარე, რომელიც მიწაში რადიოაქტიური იზოტოპების დონის შემცირებას ეფექტიანად შეძლებდა, რაც სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ზედმეტად ბევრი განსხვავებაა ფუკუშიმასა და ჩერნობილს შორის, რომ ექსპერიმენტები ანალოგიურად წარიმართოს.
"ჩერნობილში მივხვდით, რომ ფაქტიდან წლების შემდეგ მოვედით ამ ტექნიკამდე. ცეზიუმს ძალიან ბევრი დრო ჰქონდა ნიადაგში მყარად ჩარჩენისთვის, ეს კი ნიადაგის ტიპებზე ძალიან იქნება დამოკიდებული. ნიადაგებიდან, რომელთაც ქარსის, გარკვეული თიხების ძალიან დიდი შემცველობა აქვს, უკვე მყარად ჩამჯდარი ცეზიუმის მოცილება ძალიან რთული იქნება", — განაცხადა ბლეილოკმა.
მიუხედავად იმისა, რომ მზესუმზირებმა ვერ დაიხსნა ფუკუშიმა რადიოაქტიური ნალექებისგან, გამოჯანმრთელების პროცესს მაინც არაერთი გზით დაეხმარა.
"ასობით ადგილობრივთან ერთად ყვავილების შეგროვებით ვკავდებით ხოლმე. ეს რადიაციის დავიწყებაში მეხმარება", — უთხრა Reuters-ს ადგილობრივ სოფელში მცხოვრებმა ტომოემ მას შემდეგ, რაც მისი მშობლიური მხარე განადგურდა.
კომენტარები