"შემდეგი ბიჭი იქნება", "ბიჭი შვილი მაინც სხვაა", ეს და მსგავსი ფრაზები არაერთხელ გვსმენია. 2019 წლის მონაცემებით, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში საქართველოში ოჯახების 31% ბიჭს მიანიჭებდა უპირატესობას (CRRC). ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში არსებული დრომოჭმული წარმოდგენაა, რომლის თანახმადაც, ბიჭი მშობლების მთავარი მხარდამჭერი და ოჯახის "მარჩენალია".

რა არის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა და რა იწვევს მას

დაბადებამდე ნაყოფის სქესის ნიშნით შერჩევა გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. საქართველოში დაბადებისას სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვის დაბადება-არდაბადების საკითხი ხშირად სქესის ნიშნით წყდება.

1990-იანი წლებიდან დაბადებული გოგოების წილმა ბიჭთან შედარებით შემცირება დაიწყო და სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის (SRB) საგანგაშო ნიშნული 2003-2004 წლებში დაფიქსირდა, როცა 100 გოგოზე 114 ბიჭი მოდიოდა. მონაცემმა მხოლოდ 2016 წელს მიაღწია ნორმალურ მაჩვენებელს და დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა ბიოლოგიურ ნორმას მიუახლოვდა. 2020 წლის მონაცემებით კი, ყოველ დაბადებულ 100 გოგოზე 109,3 ბიჭი მოდის.

მიუხედავად SRB ინდიკატორის გაუმჯობესებისა, სიტუაცია სოფლად და ზოგიერთ რეგიონში კვლავაც რთულია და ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია.

2010 წლის კავკასიის ბარომეტრის გამოკვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელს ეყოლება მხოლოდ ერთი შვილი, გამოკითხულთა 46% ამჯობინებს ბიჭს, 9% გოგოს და 45%-ისთვის კი შვილის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

ISET-ის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, მაკა ჭითანავა გვიყვება, რომ სქესთა შორის რაოდენობრივ დისბალანსს მიზეზების ერთობლიობა ქმნის.

"ხალხს ურჩევნია ბიჭის ყოლა. რატომ? ეს წარმოდგენა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. საქართველოში იმიტომ ურჩევნიათ, რომ "ბიჭი არის გვარის გამგრძელებელი", "ასაკში მშობლებს ბიჭმა უნდა მიხედოს", — ასეთი გენდერული ნორმა გვაქვს. აქედან გამომდინარე, თითოეულ ოჯახში ერთი ბიჭი მაინც უნდათ", — ამბობს ის.

UNFPA-ს კვლევაში, რომელმაც საქართველოში სქესის შერჩევის პრაქტიკა და დაბადებისას სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობაზე მოქმედი ფაქტორები შეისწავლა, განხილულია, რომ საქართველოში ნათესაური კავშირი უმეტესად მამის ხაზით გრძელდება და ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, სწორედ ამ ტრადიციას ინახავს.

"ეს, როგორც წესი, გულისხმობს ქონების, უფლებების, გვარისა და წოდების მემკვიდრეობით გადაცემას მამის ხაზით. ასეთ სისტემებში ვაჟები ოჯახის მარჩენალებად და ხანდაზმული მშობლების მთავარ მხარდამჭერებად განიხილებიან. ხოლო ქალები სტერეოტიპულად აღიქმებიან როგორც ბუნებრივი მომვლელები, რომელთა ძირითად პასუხისმგებლობას შვილებზე ზრუნვა და საყოფაცხოვრებო მოვალეობების შესრულება წარმოადგენს", — ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოში გენდერული ნიშნის შერჩევის პრაქტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შობადობაც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შობადობის მაჩვენებელმა კლება დაიწყო, რაც სოციალურ-ეკონომიკური პირობებითაც იყო განპირობებული. კერძოდ, ოჯახები ბიუჯეტზე წნეხის შემცირების ერთ-ერთ სტრატეგიად ოჯახის ზომის შემცირებას განიხილავდნენ.

"ზოგადად, საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, სადაც დაბადებისას სქესთა რაოდენობრივ თანაფარდობასა და შობადობას შორის კორელაცია უარყოფითია. თუმცა, დაბალი შობადობა მხოლოდ სხვა ფაქტორებთან კომბინაციით განაპირობებდა ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას", — აღნიშნულია კვლევაში.

გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის ერთ-ერთ დამხმარე, თუმცა არა გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია ნაყოფის სქესის დადგენის ტექნოლოგიების მზარდი ხელმისაწვდომობაც. მაგალითად, თუ არსებობს ვაჟის ყოლის ძლიერი სურვილი, ხშირად მშობლები მიმართავენ ნაყოფის სქესის დადგენის ტექნოლოგიებს, თუმცა, თავად ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, როგორც ცალკე მდგომი ფაქტორი, არ არის კავშირში სქესის შერჩევასთან.

"დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საზღვრების გახსნამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ახალი ულტრაბგერითი დანადგარების შემოტანა და საბჭოთა ტექნოლოგიების ახლით ჩანაცვლება. ამჟამად, საქართველოში ხელმისაწვდომი და შედარებით იაფია მაღალტექნოლოგიური რეპროდუქციული მომსახურება. ფეხმძიმობისას პრენატალური დიაგნოსტიკის მომსახურების მიღება არის ხშირად მოთხოვნადი და მარტივად ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებელს ხდის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას", — განმარტებულია კვლევებში.

აღსანიშნავია, რომ ანტენატალური მეთვალყურეობის პროტოკოლის თანახმად, 14 კვირამდე სქესის დადგენა არ არის რეკომენდებული, რადგან ნაყოფის სქესის განსაზღვრის სიზუსტე ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაბალია. კერძოდ, 13 კვირამდე ნაყოფის სასქესო ორგანოები ორივე სქესის შემთხვევაში მსგავსია და არ იძლევა სქესის განსხვავებისა და ზუსტად დადგენის საშუალებას. შესაბამისად, სქესის დადგენა რეკომენდებულია 18-21 კვირის პერიოდში შესრულებული ულტრაბგერითი კვლევის დროს. ამ პერიოდში სქესის დადგენის სიზუსტე 100%-ს უახლოვდება.

რა მდგომარეობაა ახლა

მაკა ჭითანავა აღნიშნავს, რომ ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში დისბალანსის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებულია და თუ სქესის შერჩევის პრაქტიკა ადრე უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, ახლა შემცირებულია.

2019 წელს UNFPA-სა და ISET-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ სწორედ ის ფაქტორები გამოკვეთა, რამაც ბოლო წლების მანძილზე საქართველოში სქესთა შორის რაოდენობრივი დისბალანსის შემცირება გამოიწვია.

შედეგები ცხადყოფს, რომ ეკონომიკურმა პირობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის ნორმალიზებაში, ხოლო სიღარიბის შემცირება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შემცირებაში აისახა.

ქალთა დასაქმების 1%-იანი ზრდა სოფლის მეურნეობის მიღმა ასოცირდება SRB-ის 0,25% პუნქტით შემცირებასთან.

ამასთან, ამის ერთ-ერთი მიზეზი შრომის ბაზრის დინამიკისა და ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია გახდა, კერძოდ, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები ქალებისათვის საბანკო, საცალო ვაჭრობისა და სხვა ადმინისტრაციული საქმიანობების სფეროებში, რამაც ხელი შეუწყო SRB-ის დისბალანსის შემცირებას.

"ჩვენმა რაოდენობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალთა დასაქმების 1%-იანი ზრდა სოფლის მეურნეობის მიღმა ასოცირდება ამ SRB-ის 0,25% პუნქტით შემცირებასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია", — მიუთითებს მაკა ჭითანავა.

მისივე განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლადი აღმოჩნდა როგორც სოციალურ კულტურული და გენდერული ღირებულებების ტრანსოფრმაცია, ასევე, კაცების განათლების დონის ამაღლება.

"აღმოჩნდა, რომ საქართველოში კაცების განათლების დონის ზრდა ხელს უწყობს სქესთა შორის დისბალანსის შემცირებას. ეს შემდეგი კვლევის საგანია, თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ, ოჯახში, სადაც კაცი არის განათლებული, ზეწოლა ქალის რეპროდუქციულ როლზე და მის გადაწყვეტილებაზე ნაკლებია", — განმარტავს ის.

თუმცა ჭითანავას თქმით, სქესის ნიშნით შერჩევის პრობლემა ისევ მწვავედ დგას რიგით მესამე და შემდგომ დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით:

"მესამე და შემდეგი შვილის სქესთა თანაფარდობას თუ შევხედავთ, საქართველოს მასშტაბით 2020 წელს 114 გვაქვს, რაც ბოლო 5 წლის მანძილზე ასეთივე მაღალი რჩება. ეს ნიშნავს, რომ პირველ ან მეორე ბავშვზე ნაკლებად მივმართავთ შერჩევას, ხოლო მესამე ბავშვიდან — აქტიურად", — განაცხადა მან.

პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებები გატარდეს, რაც გენდერული უთანასწორობის კულტურული და ტრადიციული ასპექტების გამოვლენასა და მათ მოგვარებას შეუწყობს ხელს.

მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთგვაროვანი არაა. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა (SRB) საქართველოში ბოლო წლების მანძილზე გაუმჯობესდა, რამდენიმე რეგიონში სიტუაცია განსაკუთრებით პრობლემურია. კვლევები აჩვენებს, რომ ურბანულ დასახლებებთან შედარებით GBSS-ი უფრო გავრცელებულია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის.

"ეს არის სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი. 2016-2020 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ სქესობრივი ნიშნით შერჩევის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სამცხე-ჯავახეთში ეს არის 114, ქვემო ქართლში 113 და კახეთში 113, რაც უკვე ნორმიდან გადახრაა", — აღნიშნავს ჭითანავა.

მისი განცხადებით, ამას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის, ქალების დასაქმების პრობლემა, სოციალური ნორმები და სხვა.

"პირველი — აქ გვყავს ეთნიკური უმცირესობები, თანაც ეს რეგიონები ესაზღვრება სომხეთსა და აზერბაიჯანს, სადაც საქართველოსთან შედარებით, უფრო მწვავედ დგას ეს პრობლემა. მეორე, რაც ჩვენი კვლევებით გამოიკვეთა, არის სოციალური ნორმების ტრანსფორმაცია, რომელიც აქ ისე სწრაფად არ მოხდა, როგორც სხვა რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სამ რეგიონზე, გამოვლინდეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები და მოხდეს იმ ასპექტების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უშლის მათ სოციო-ეკონომიკურ ინტეგრაციას.", — განაცხადა მან.

UNFPA-ის კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა და სიღრმისეულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მიუხედავად SRB-ის კლებადი ტენდენციისა, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა კვლავ რჩება საქართველოს საზოგადოებაში. ამ ფენომენის, როგორც საზიანო პრაქტიკის აღქმა, რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

კვლევის თანახმად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში რესპოდენტები გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას საზიანო პრაქტიკად არ აღიქვამენ და ხაზს უსვამენ გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას. მათგან განსხვავებით, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა უარყოფითი დამოკიდებულება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის მიმართ.

რატომ არის ეს პრაქტიკა საზიანო

UNFPA-ს კვლევებში ავტორები მიუთითებენ, რომ დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის გადახრილი დონე უარყოფითად მოქმედებს არაერთ ფაქტორზე, მათ შორის, საქართველოს დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

მაგალითად, მათი შეფასებით, შობადობის მაჩვენებლის ბოლოდროინდელი ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია შობადობის წლიური მაჩვენებლის კლება, რადგან ეტაპობრივად მცირდება რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა. უფრო მეტიც, კვლევაში აღნიშნულია, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გამო, რეპროდუქციული ასაკის ქალების რაოდენობა მეტად შემცირდება მომავალ წლებში, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს მოსახლეობის კლების პრობლემას.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ დაბადებისას სქესთა დარღვეული რაოდენობრივი თანაფარდობა იწვევს დემოგრაფიულ დისბალანსს. მკვლევარები გამოყოფენ, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა უდიდეს ზეწოლას ახდენს ქალებზე გააჩინონ ვაჟები, რამაც შეიძლება სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მეტიც, არასასურველი გოგონას გაჩენა შეიძლება გახდეს ოჯახური ძალადობის, მიტოვების ან განქორწინების მიზეზი.

როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა

დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსი დღეის მდგომარეობით საქართველოში გაუმჯობესებულია, მაგრამ ამ ტენდენციის შენარჩუნება და სხვადასხვა რეგიონზე გავრცელება კვლავ გამოწვევაა.

"ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, შედარებით ნელა მცირდება ვაჟთა უპირატესობის მინიჭება, მაგრამ თუ ეკონომიკური პირობები გაუარესდება, ისევ შეიძლება ძალიან სწრაფად დავუბრუნდეთ ამ მავნე პრაქტიკას", — ამბობს მკვლევარი.

საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა ვაჟისათვის ქონების დატოვება, მაშინ, როდესაც იურიდიულად ორივეს თანაბრად ეკუთვნის. შეგვიძლია, ამას მივხედოთ და ამ მხრივ ვიმუშაოთ.

მაკა ჭითანავა.

მკვლევარის თქმით, აუცილებელია, რომ შემცირდეს ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება, რაც თავის მხრივ, ძალიან კომპლექსური საკითხია და ბევრ ასპექტს მოიცავს.

"მაგალითად, საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა ვაჟისათვის ქონების დატოვება, მაშინ, როდესაც იურიდიულად ქონება ქალ და კაც შვილებს თანაბრად ეკუთვნით. შეგვიძლია, ამას მივხედოთ, ამ მხრივ ვიმუშაოთ. ეს არც ისე ღრმად გამჯდარია, როგორც წლების წინ იყო, იცვლება. მართალია, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების შემცირებას წლები და ათწლეულები სჭირდება, მაგრამ მე მგონი, სწორ გზას ვადგავართ", — ამბობს ის.

ამ პრაქტიკის საპასუხოდ მთავარი სტრატეგიაა გენდერული თანასწორობის მიღწევა, მათ შორის, კაცების ჩართულობის წახალისება და იმ სოციალური ნორმების ცვლილება, რომლებიც გოგოებს ბიჭებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან და ოჯახისათვის ნაკლებად ღირებულ პოზიციაში აყენებს. ამგვარი სტერეოტიპები ხშირად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულებებისა და პრაქტიკების ძირეულ მიზეზს წარმოადგენს.

გარდა ამისა, UNFPA-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე მიმართულებით არის სამუშაო. კერძოდ: აუცილებელია ცოდნის გაღრმავება და კვლევითი მიმართულების წახალისება, რათა ხელი შეეწყოს მტკიცებულბებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და ინიციატივების განხორციელებას. მნიშვნელოვანია ასევე, მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი, გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების ცვლილების ხელშეწყობა. ამ მხრივ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა სოფლებში მცხოვრები ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების გაძლიერება, გენდერული თანასწორობისთვის მუშაობა და ამ პროცესში კაცების ჩართულობის წახალისება, რათა საზოგადოების ყველა წევრი მონაწილეობდეს უფრო მდგრადი, ჰარმონიული და თანასწორი საზოგადოების მშენებლობაში.

მასალა მომზადდა პროგრამის "ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში", რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.