"რადიოაქტიური ბოისკაუტი", რომელმაც უკანა ეზოში ბირთვული რეაქტორი ააშენა
ჰობი ხომ ყველას სჭირდება? რაღაც, რაც მოწყენილობის გასაქარვებლად, მენტალური ჯანმრთელობისა და უნარების გასაუმჯობესებლად, სოციალური განვითარებისთვის გამოგვადგება. ჰობი კარგი რამეა, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროცესში ატომური ბომბის ფლობისათვის არ დაგაპატიმრონ.
1994 წელს დეივიდ ჰანი მეცნიერებით დაინტერესებული 17 წლის ბოისკაუტი გახლდათ მიჩიგანიდან, რომელსაც 7 წლით ადრე "ქიმიურ ექსპერიმენტთა ოქროს წიგნი" აჩუქეს და სამეცნიერო სამყარომ სწორედ ამის შემდეგ ჩაითრია.
"დიდი ამბავი", — შეიძლება იფიქროთ, "მეც სულ მიყვარდა მეცნიერება, ზუსტად ამიტომ ვკითხულობ ამას", — მაგრამ აქ დიდი განსხვავებაა: როდესაც ბევრი ადამიანი მეცნიერებისადმი სიყვარულს სახალისო მიმების გაზიარებითა და სოციალურ მედიაში ერთმანეთის "დატროლვით" გამოხატავს, დეივიდ ჰანმა უკანა ეზოში რეაქტორ-გამამრავლებელი ააგო.
რეაქტორ-გამამრავლებელი ბირთვული რეაქტორის ტიპია, რომელიც იმაზე მეტ ბირთვულ საწვავს გამოიმუშავებს, ვიდრე შთანთქავს. შესაძლოა დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ რეაქტორ-გამამრავლებლები, არც მეტი, არც ნაკლები, 75 წელია არსებობს და ფუნქციონირებს.
იგი პლუტონიუმ-239-ის ურან-238-ის გარსით მოცულ ბირთვს იყენებს: როდესაც პლუტონიუმი იშლება, მისი დაკარგული ნეიტრონები ურანის მიერ შთაინთქმება, რაც ურან-238-ს ურან-239-ად გარდაქმნის, რომელიც ფრიად არასტაბილურ იზოტოპს წარმოადგენს და ბეტა დაშლით სწრაფად გარდაიქმნება ნეპტუნიუმ-239-ად. ნეპტუნიუმის ეს იზოტოპი ურან-239-ზე სტაბილურია, მაგრამ მისი ნახევარ-დაშლის პერიოდი დაახლოებით 57 საათზე მეტს მაინც არ შეადგენს. ბეტა დაშლის სხვა რაუნდი თავიდან გარდაქმნის ნეპტუნიუმ-239-ს პლუტონიუმ-239-მდე, რომელიც საწვავი ბირთვის მარაგის შესავსებად გამოიყენება.
თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად კომპლექსურად ჟღერს ბოისკაუტისთვის, რომ დედამისის ფარდულის ტიპის საჩითილეში იჩხერკედელაოს, მაშინ მარტო ნამდვილად არ ხართ. ჰანი 1994 წლის აგვისტოში დააკავეს (დასაწყისში არ გაგვიბუქებია), როცა პოლიციამ მისი მანქანის საბარგულში ნაპოვნი რაღაც "შესაძლო ასაფეთქებელ თვითნაკეთ მოწყობილობად" მიიჩნია და მალე პრობლემები არა მხოლოდ ადგილობრივ პოლიციასთან, არამედ შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტთან, შეერთებული შტატების ბირთვულ-მარეგულირებელ კომისიასთან, FBI-სთან და გარემოსდაცვით სააგენტოსთანაც (EPA) შეექმნა. მიჩიგანის საშტატო პოლიციის ასაფეთქებელ მოწყობილობათა რაზმმა და ჯანმრთელობის საშტატო დეპარტამენტმა რადიოაქტიური თორიუმისა და ამერიციუმის საკმარისად მაღალი კონცენტრაციები იპოვეს იმისთვის, რომ სიცოცხლისთვის საშიშ რადიოლოგიურ სიტუაციებში სამოქმედო ფედერალური გეგმა ავტომატურად აემოქმედებინათ. დაკითხვისას ჰანმა ქმედება იმით ახსნა, რომ უბრალოდ არწივ-სკაუტის სამკერდე ნიშნის მიღება სურდა.
როდესაც რადიოლოგიურმა ექსპერტებმა ჰანის ლაბორატორია (დედამისის ფარდულის ტიპის საჩითილე) გამოიკვლიეს, ნორმალურ ფონურ გამოსხივებაზე 1000-ჯერ მაღალი რადიოაქტივობის მქონე მასალა იპოვეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით, ფარდული ფედერალური კანონის მიერ რეგულირებად ნივთიერებებს შეიცავდა და 1995 წლისთვის EPA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა, რომ "ფარდული საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის გარდაუვალ და მძიმე საფრთხეს წარმოადგენდა", მისი უსაფრთხოების ზომები კი — რამდენიმე ნიშანი აღწერით "გაფრთხლება" და "რადიოაქტიური" — სიმართლე რომ ითქვას, გამოუსადეგარი.
საფრთხიდან გამომდინარე, ჰანის ლაბორატორია 1995 წლის ივნისში დაშალეს კანონის ფარგლებში, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში გარემოსათვის ყველაზე სახიფათო კატასტროფებთან საბრძოლველად შეიქმნა. მის მიერ ექსპერიმენტებისათვის შეგროვებული ნივთიერებები კასრებში ჩატვირთეს და უტაიში, დიდი მარილის ტბის უდაბნოს შუაგულში, ქვიშაში ჩასამარხად წაიღეს.
ყოველ შემთხვევაში, ეს გადახდა თავს ნივთიერებებს, რომლებიც იპოვეს. ჰანმა მოგვიანებით Harper's magazine-ს გაუმჟღავნა, რომ ფარდულში დედამისი იქამდე შესულა და მოუშორებია მისი ყველაზე სახიფათო ექსპერიმენტები, ვიდრე სახელმწიფო მოხელეები მიაღწევდნენ იქამდე. EPA-სგან განსხვავებით, მან რადიუმის ფლაკონები, თორიუმის ტყვიები, რადიოაქტიური ფხვნილი და მუშა, ხელნაკეთი ნეიტრონების მტყორცნი იპოვა — და EPA-სგან განსხვავებით, უტაის სპეციალურ საცავში კი არა, ნაგვის ყუთში მოისროლა.
"სასაცილო ისაა, რომ EPA-მ მხოლოდ ნაგავი მიიღო, სანაგვემ კი — ყველაფერი კარგი", — უთხრა ჰანმა Harper's magazine-ს.
კომენტარები