შეგიძლიათ ხმა მისცეთ პლატფორმას ენერგოეფექტური შენობების დანერგვისთვის — ქართველი ახალგაზრდების იდეა
2020 წლის მაისში საქართველომ კანონები "ენერგოეფექტურობის შესახებ" და "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" მიიღო, რომელთა მიზანი ენერგიის დაზოგვა, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ასევე შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაა. მიღებული კანონები ქვეყანას საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაში უნდა დაეხმაროს კლიმატის ცვლილებასთან ბრძლის საქმეში. კანონები გათვალისწინებულია საქართვალოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების პირობებით.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა — ლაშა ხუბაშვილმა, ელენე გოცირიძემ და ნიკა დათუნაშვილმა გადაწყვიტეს, გარკვეული წვლილი თვითონაც შეეტანათ ამ შეთანხმების შესრულებაში და საქართველოს მდგრადი შენობების პლატფორმა დაეარსებინათ. პლატფორმის მიზანი საქართველოში მდგრადი ენერგოეფექტური შენობების პოპულარიზაცია, ამ მიდგომის ინჟინრული გადაწყვეტის დანერგვა და ანგარიშის თანამედროვე მეთოდების შემოღებაა, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელ შენობა-ნაგებობებზე იქნება გათვლილი. პლატფორმის სრულყოფისთვის, დაფინანსების მოსაპოვებლად, გუნდი Big Idea Challenge-ში იღებს მონაწილეობას, რომლის გამარჯვებულიც 18 ივლისამდე მიღებული ხმების დათვლით გამოვლინდება. პლატფორმას ხმა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე გადასვლის შემდეგ მისცეთ.
"ენერგოეფექტიანი შენობების მშენებლობა გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა და დადებითად აისახება საერთო სოციალურ მდგომარეობაზე, რადგან ენერგოეფექტურობის მინიმალური პირობების შესრულების შემთხვევაში, ენერგიის 20%-ზე მეტი იზოგება, რაც თავისთავად გულისხმობს გადასახადების შემცირებას. ენერგიის მოხმარების შემცირება კი, თავის მხრივ, შეამცირებს მოთხოვნას ამ რესურსზე და შედეგად ნაკლები ენერგიის გამომუშავება გახდება საჭირო, რაც, რასაკვრიველია, დადებითად აისახება გარემოზე", — გვიყვება ლაშა ხუბაშვილი.
ლაშას თქმით, პლატფორმის შექმნის იდეა მას და მის მეგობრებს რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდათ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ყველა შენობას გააჩნია ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომლის გარეშეც ვერცერთი მათგანი ვერ შევა ექსპლუატაციაში. ამის შემდეგ ისინი დაინტერესდნენ, თუ საქართველოში რა მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით და გაარკვიეს, რომ აქ შენობების 90% არაენერგოეფექტურია.
"პროექტის დაწყებამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სპეციალური გადამზადებები გავიარეთ. გვქონდა პირდაპირი კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან, რომლებთანაც ტექნიკურ თუ მენეჯერულ კონსულტაციებს გავდიოდით. თავდაპირველად, პლატფორმის მომზადება პირადი სახსრებით დავიწყეთ — შევქმენით საქართველოს შენობებზე მორგებული კალკულაციის მეთოდი. მიუხედავად ამისა, მისი სრულყოფისთვის ჯერ კიდევ დიდი ხარჯებია საჭირო, ფინანსების მოძიების მიზნით კი Big Idea Challenge-ში გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება", — გვიყვება ლაშა.
გუნდის გამოცდილება
აღნიშნული მიმართულებით დამაარსებლებს აქვთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მრავალფეროვანი გამოცდილება. მათი ნაწილი მუშაობდა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა "ჭკვიანი სახლები", "შენობების მენეჯმენტის სისტემები", Radisson red, Hilton garden inn, Axis tower და ა.შ. გუნდი დაკომპლექტებულია ინჟინრებით და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებით.
"ჩვენი გამოცდილება და მაღალი მოტივაცია, პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, საშუალებას გვაძლევს, პროექტზე მუშაობის პირველი ნაბიჯები გადავდგათ — ეს კი საქართველოში, ამ მიმართულებით, პირველი წარმოწყებაა".
გუნდი პირველი ნაბიჯების გადადგმას ახლა იწყებს. ამჟამად მათ მჭირდო კომუნიკაცია აქვს Green Hero-სთან — უმსხვილეს ბრალიზიურ კომპანიასთან, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს შენობების ენერგოეფექტიანობის მიმართულებით. რამდენიმე წევრმა უკვე წარმატებით გაიარა ამ კომპანიის ტრენინგები და საკმაოდ საჭირო გამოცდილება და ცოდნა მიიღო.
ლაშა გვიყვება, რომ მომავალში ისინი არ აპირებენ, შემოიფარგლონ მხოლოდ ამ პლატფორმით და გეგმავენ ენერგოეფექტურობის ექსპერტთა გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომლის წევრებიც უკვე არსებული შენობებისთვის შეიმუშავებენ ეფექტიან ინჟინრულ გადაწყვეტილებას და გასცემენ რეკომენდაციებს ამ მიმართულებით. ექსპერტები ასევე იმუშავებენ ახალი შენობების მშენებლობის პროცესში ენერგოეფექტურობის სტანდარტების შემოწმებასა და მონიტორინგზე.
Big Idea Challenge-ის ფინალში
როგორც იცით, ნებისმიერი საქმიანობის დასაწყებად გარკვეული კაპიტალია საჭირო. ფინანსების მოსაპოვებლად და ინვესტორების მოსაძიებლად მათ გადაწყვიტეს, პროექტი ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებულ Big Idea Challenge კონკურსზე წარედგინათ, რომელიც მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი იდეები ბიზნესად აქციონ.
კონკურსში ოთხი ძირითადი მიმართულებაა: კლიმატის ცვლილება, სოციალური გავლენა, კრეატიულობა და ციფრული ტექნოლოგიები. 2021 წელს გუნდმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მისი ინოვაციების ცენტრის ინიციატივით კლიმატის ცვლილების კატეგორიაში წარადგინეს თავიანთი სტარტაპი. მათ უკვე გადალახეს კონკურსის რამდენიმე ეტაპი და ახლა უკვე ფინალში არიან, სადაც სტარტაპების ბედს უკვე ხმები წყვეტს. გამარჯვებულები დაფინანსებას ბრიტანეთისგან მიიღებენ და ბრიტანულ სპეციალისტებთან ერთად გაივლიან გადამზადებას.
"კონკურსის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ, ახლა კი ფინალში ვართ. გამარჯვების შემთხვევაში პერსონალურ მხარდაჭერას მივიღებთ ჩვენი სტარტაპის განვითარებისთვის, ასევე მივიღებთ დაფინანსებას, გვექნება ინვესტორების მოძიებისა და ლონდონში ბიზნეს შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობა. იმისთვის, რომ კონკურსში გავიმარჯვოთ და 150-მდე მონაწილე გუნდს გავუწიოთ კონკურენცია, საჭირო რაოდენობის ხმები უნდა დავაგროვოთ".
"პროექტი არამხოლოდ ჩვენი გუნდისთვის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვისაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თანამედროვე მეცნიერები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი მთავარი იარაღია. იმისთვის კი, რომ პროექტის გაგრძელება შევძლოთ, ძალიან დაგვეხმარება Big Idea Challenge კონკურსში გამარჯვება. კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის", — ამბობს ლაშა.
კიდევ ერთხელ, პლატფორმისთვის ხმის მისაცემად უნდა გადახვიდეთ ამ ბმულზე და დააკლიკოთ vote for this idea-ს. ხმის მიცემა ერთი მოწყობილობიდან მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.
კომენტარები