ფილმის წარმატებისთვის მსახიობთა უნაკლო შესრულება აუცილებელია. ალბათ ყველას გვახსოვს მსოფლიო კინოს ლეგენდები, რომელთაც დაუვიწყარი როლებით თავი დაგვამახსოვრეს. ჯეკ ნიკოლსონი, მერილ სტრიპი, ალ პაჩინო, სოფია ლორენი თუ მაცივარი ის მსახიობები არიან, რომელთა სახელიც ყველას სმენია.

თუმცა უბადლო გარდასახვის ოსტატი მაცივრები რატომღაც ნაკლებად დაფასებულები არიან, ამ სტატიით კი სწორედ მათ შრომას დავაფასებთ და იმ 5 ფილმს გავიხსენებთ, რომელშიც მაცივრების ოსტატობამ ადამიანებიც კი დაჩრდილა.

1. Indiana Jones And The Kingdom Of The Crystal Skull (2008)

ინდიანა ჯონსი ჩვენი უმეტესობისთვის ბავშვობის საყვარელი გმირია. თავგადასავლების მოყვარე არქეოლოგის თავბრუდამხვევი ამბები თუ გახსოვთ, ფილმის მე-4 ნაწილში ახალი ვარსკვლავის გამოჩენაც გემახსოვრებათ. თავდადებულმა მაცივარმა ფილმის მთავარი გმირი სიკვდილისგან იხსნა და ამით ახალ თავგადასავალში გამავალი კარი შეაღო. ჰარისონ ფორდს ფანების მხარდაჭერა არასდროს მოჰკლებია, მაცივრის ნიჭი კი არავინ დააფასა.

2. Ghostbusters (1984)

სჯობს მაცივარი ფრთხილად გამოაღოთ, ზოგიერთ მათგანში ხომ მონსტრი სახლობს. ამაში სიგურნი უაივერის მაცივრისგან დატერორებული პერსონაჟიც დაგარწმუნებთ. უნიჭიერესმა მაცივარმა საშინელებათა ჟანრის დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა, თუმცა ამისთვის ვერცერთი დაჯილდოების ნომინაცია მოიპოვა.

3. Requiem For A Dream (2000)

Requiem For A Dream ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფილმია, რომლის ყურებაც ემოციურ გამოფიტვას იწვევს. დარენ არანოვსკის შესანიშნავი ფილმი ვარსკვლავებით არის დახუნძლული: ჯენიფერ კონელი, ჯარედ ლეტო და ელენ ბერსტინი მართლაც გამორჩეულ შესრულებას გვთავაზობენ, თუმცა არც მაცივრის ეპიზოდური როლი უნდა დავივიწყოთ.

4. Love, Death and Robots [Ice Age]

ნეტფლიქსის ამ შესანიშნავი სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად მაცივრის შინაგანი სამყაროს ჩვენებას ემსახურება და ამავდროულად კაციობრიობის ისტორიაზე გვაფიქრებს. მაცივრის საყინულეში აღმოჩენილი ცივილიზაცია ხომ ისეთივე გზას გადის, როგორიც ადამიანებმა უძველესი დროიდან დღემდე გაიარეს.

5. Modern Family [Snapped]

ჭკვიანი მაცივარი Modern Family-ს ერთ ეპიზოდში გამოჩნდა და კინაღამ მთავარი გმირების ოჯახური იდილია დაანგრია. მის მიერ შესრულებული Shallow კი ლედი გაგას შესრულებაზე უკეთესი თუ არ არის, ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება. საბოლოოდ მიჩელის, ქემერონის და ბრიჯიტის (კი, ამ მაცივარს სახელი აქვს) სასიყვარულო სამკუთხედი არ შედგა, თუმცა ძალიან სახალისო ეპიზოდი ვიხილეთ.

ალტა კომპიუტერული და საოჯახო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზიაა, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობს და მომხმარებელს ათასობით პროდუქტს სთავაზობს. აქ მაცივრების დიდი არჩევანი დაგხვდებათ.