NASA-ს მოხეტიალემ მარსზე ახალ ადგილს მიაღწია, რომელიც მილიონობით წლის წინ, წყლის ფენით იყო დაფარული
NASA-ს Perseverance მოხეტიალემ იეზეროს კრატერის გარშემო მოგზაურობისას დანიშნულების ახალ ადგილს მიაღწია. მოხეტიალეს მისიის მიზანი აქ უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძიებაა.
"მე ახალ პუნქტს მივაღწიე. ახლა იმ ადგილს გადავყურებ, რომელსაც Séítah-ს ვეძახით", — დატვიტა მოხეტიელის ოფიციალურმა გვერდმა ცოტა წინ. "ამ დიუნებით დაფარულ ტერიტორიაზე და მის გარშემო არაერთი კარგი სამეცნიერო სამიზნეა. რამდენიმე მათგანს აქედან დავაკვირდები, შემდეგ კი მათ გარშემო ვიმოძრავებ და მათ შესწავლას განვაგრძობ", — დასძინა მან.
Perseverance-ს მიერ გადაღებული ხედები იმის ერთგვარი შეხსენებაა, თუ კიდევ რამდენი საოცარი რამ გვაქვს აღმოსაჩენი ამ პლანეტაზე.
ექვსბორბლიანმა მოხეტიალემ ოქტავია ბატლერის დაშვების ადგილი 1 ივნისს დატოვა და ოფიციალურად გადავიდა სამეცნიერო ფაზაში. მას შემდეგ მან, გეოლოკაციის მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, 917 კილომეტრი გაიარა და შემოგარენის შესწავლისას გზად რამდენჯერმე გაჩერდა.
მოხეტიალე ორ უნიკალურ გეოლოგიურ ერთეულს შეისწავლის. პირველი მათგანი, რომელსაც Crater Floor Fractured Rough ეწოდება, იეზეროს კრატერის ფსკერია, მეორე კი, მისი მომიჯნავე Séítah ("ქვიშით გარშემორტყმული" ნავახოს ენაზე), რომელიც ქედებით, ქვიანი ქანებითა და ქვიშის დიუნებითაა დაფარული.
"ეს ტერიტორია 3.8 მილიარდი წლის წინ, 100 მეტრი სისქის წყლის ფენით მაინც იყო დაფარული. ჩვენ არ ვიცით, რას გვიამბობენ აქაური ქანები, მაგრამ ამ ყველაფრის შესწავლა ძალიან ამაღელვებელია", — ამბობს NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ასტრობიოლოგი, კევინ ჰენდი 9 ივნისის განცხადებაში.
Perseverance-ს ჭკვიანი "AutoNav" რეჟიმის წყალობით, რომელიც მას თვითმართვად მანქანად აქცევს, მოხეტიალე მალე დაიწყებს მუშაობას.
კომენტარები