რუსი "ფრანკენშტეინი", რომელმაც აფხაზეთში ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა სცადა
Humanzee-ის ექსპერიმენტი.
თქვენი აზრით, შიმპანზესა და ადამიანის ჰიბრიდი რომ შეექმნათ, რა ერქმეოდა? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სტატიაში სწორედ ამ ორი სახეობის ჰიბრიდიზაციის მცდელობის ისტორიას განვიხილავთ, რომელშიც მას, როგორც Humanzee-ს (წარმოქმნილი სიტყვებისგან human და chimpanzee) მოვიხსენიებთ.
რუსი ილია ივანოვიჩი ცხოველთა ჰიბრიდიზაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაში განსწავლული ბიოლოგი გახლდათ, რომელმაც ექსპერიმენტთა სერიას დაუდო საფუძველი ისეთი შერეულ სახეობიანი ცხოველების შესაქმნელად, როგორიცაა Zedonk (წარმომდგარი სიტყვებისგან zebra და donkey) და გვინეას გოჭ-თაგვა.
ამისდა მიუხედავად, განხორციელებულ ყველა უჩვეულო ექსპერიმენტს შორის Humanzee-ის შექმნის მცდელობა მის კარიერაში ყველაზე სენსაციურ და საკამათო საკითხად რჩება.
Humanzee-ს ექსპერიმენტის დასაწყისი
ივანოვმა იდეა პირველად 1910 წელს წამოაყენა, ზოოლოგთა მსოფლიო კონგრესზე ავსტრიის ქალაქ გრაცში. მისი აღწერით, ერთ დღეს, ადამიანისა და მისი მონათესავე სახეობების ჰიბრიდების გამოყვანა ხელოვნური განაყოფიერების გზით გახდებოდა შესაძლებელი. ამ დროს, ეს შეხედულება მხოლოდ და მხოლოდ შეხედულებად რჩებოდა, მაგრამ 1917 წლის რუსეთის რევოლუციამ დიდ ცვლილებებს მისცა დასაბამი.
1924 წელს ივანოვმა მთავრობას ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდიზაციის ექსპერიმენტი შესთავაზა. მიუხედავად სამეცნიერო საზოგადოების უარისა, ივანოვმა ნებართვასთან ერთად დაფინანსებაც მიიღო აფრიკიდან შიმპანზეების ჩამოსაყვანად. დოკუმენტები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება ბოლშევიკური მთავრობის მოწინავე წევრთა მიერ იქნა მიღებული.
პასტერის ინსტიტუტიდან, რომელიც გვინეაში (იმ დროს ფრანგული დასავლეთ აფრიკის ნაწილი) პრიმატულ ცენტრს მართავდა, მხარდაჭერის გარანტიის მიღების შემდეგ, ივანოვი 1926 წელს აფრიკისკენ დაიძრა. გვინეას მარტის ბოლოს მიაღწია, მაგრამ ინსტიტუტის შიმპანზეებიდან რეპროდუქციულ ასაკში არც ერთი არ იმყოფებოდა. ნოემბერში ივანოვი გვინეაში კიდევ ერთი ცდისთვის დაბრუნდა.
Humanzee-ის ექსპერიმენტი აფხაზეთში
ივანოვის მცდელობებისდა მიუხედავად, ნაყოფი ვერც ერთ შიმპანზეში ვერ ჩაისახა და ფრანგულ გვინეაში ჩატარებულმა მისმა ექსპერიმენტებმა კრახი განიცადა, მაგრამ მეცნიერის შემართების წყალობით თავი ახალმა იდეამ იჩინა: მდედრი ადამიანის განაყოფიერება მამრი შიმპანზისაგან აღებული სპერმის საშუალებით.
ივანოვმა შერჩეულ შიმპანზეებთან ერთად გეზი შინისაკენ აიღო, მაიმუნების ახალი ინკუბატორის მოსაწყობად, რისთვისაც სუბტროპიკული აფხაზეთის საბჭოთა რესპუბლიკა ზედგამოჭრილი აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში, მინიმუმ ხუთმა ქალმა გამოთქვა უცნაურ ექსპერიმენტში მოხალისეობის სურვილი, მაგრამ ივანოვის მიერ ჩამოყვანილი მაიმუნები უცხო გარემოცვაში წარმატებით ვერ ვითარდებოდნენ და 1929 წლისთვის, საქმისათვის კარგად შემზადებულ მეცნიერს მხოლოდ ერთი მამრი ორანგუტანიღა დარჩენოდა, 26 წლის ტარზანი, რომელიც ტვინის ჰემორაგიით მოკვდა.
სანამ 1930 წელს ახალი მაიმუნები ჩამოაღწევდნენ, ივანოვი საბჭოთა მეცნიერების მასობრივ წმენდაში მოყვა და ყაზახეთში იქნა გადასახლებული. მიუხედავად მომდევნო წელს მისი გათავისუფლებისა, იგი გადასახლებაში დარჩა, ხოლო 1932 წელს ინსულტისგან მოკვდა და ადამიანი-შიმპანზეს შექმნის საბჭოთა მცდელობებიც თან გაიყოლა.
ილია ივანოვიჩი, როგორც "წითელი ფრანკენშტეინი"
ილია ივანოვიჩი ბევრისათვის სადავო ავტორიტეტის მქონე მეცნიერსა და მკვლევარს წარმოადგენდა და, მიუხედავად მისი აუხდენელი ოცნებისა, თვლიან, რომ აქამდე არნახული ჰიბრიდების შექმნით მისმა ექსპერიმენტებმა ბუნების კანონებს მნიშვნელოვანი გამოცდა წამოუყენა.
- ივანოვი გონივრული ტაქტიკით მივიდა საბჭოთა ხელისუფლებასთან, რათა ბოლშევიკი ლიდერები დაერწმუნებინა და მისი ექსპერიმენტისათვის დაფინანსება მიეღო. ბოლშევიკების მიდგომა, რომელიც ანტი-რელიგიური გრძნობების გაღვივებით რელიგიური ლიდერებისა და სასულიერო პირების გავლენის შესუსტებას ემსახურებოდა, მეცნიერს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. გამომდინარე აქედან, შიმპანზესა და ადამიანის ჰიბრიდი მათ მეცნიერებათა აკადემიაზე ადრე წარუდგინა, რათა განემტკიცებინა დარვინის თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანთა მოდგმის სათავე მაიმუნებში უნდა ვეძიოთ. მან განაცხადა, რომ დარვინის მოსაზრების გამყარებით მტკიცე რელიგიურ ძალებს დიდი დარტყმა მიადგებოდა.
- ვორონოვი, მიხეილ ბულგაკოვის ცნობილი რუსული ნაწარმოების "ძაღლის გული", მთავარი პერსონაჟი, სწორედაც რომ ილია ივანოვის პროტოტიპს ეფუძნება. წიგნი რუსული ლიტერატურის შედევრადაა აღიარებული და ბოლშევიკური მმართველობისა და ადრეული საბჭოთა კავშირის სატირას ასახავს.
- მიუხედავად იმისა, რომ ივანოვის ექსპერიმენტები და, მათ შორის, შრომა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შესაქმნელად, მალევე იქნა მივიწყებული, როდესაც 1990-იან წლებში რუსულ არქივებში Humanzee-ის შექმნის მცდელობის ისტორია გამოაშკარავდა, კვლავაც მოიცვა ინფორმაციამ პრესა, ივანოვს კი საბჭოთა ერის "წითელი ფრანკენშტეინი" უწოდეს. გავრცელებულმა სიახლეებმა მედიაში საბჭოთა პერიოდში მონსტრების შესაქმნელად ჩატარებული ექსპერიმენტებისა და საიდუმლო საზოგადოებათა არსებობის შესახებ არაერთი ვარაუდი აღძრა.
- შეთქმულების თეორიათა ავტორები ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა მმართველი იოსებ სტალინი ძლიერი მაიმუნ-ადამიანის შექმნით იყო დაინტერესებული და ივანოვის Humanzee-ის იდეას უჭერდა მხარს. თავისთავად, ამის დასადგენად საჭირო მონაცემები არ არსებობს.
- იყო ნავარაუდევი, რომ ივანოვის მოღვაწეობის მხარდამჭერი ბოლშევიკი ლიდერები რეალურად გამაახალგაზრდავებელი სამკურნალო პროცედურებით იყვნენ დაინტერესებულნი, რაც ნაკლებად დატოვებს არასანდო შთაბეჭდილებას იმ კავშირების გათვალისწინებით, რომელიც ივანოვს პარიზში აღიარებულ ქირურგ სერგეი ვორონოვთან ჰქონია, რომელსაც "გამაახალგაზრდავებელი თერაპიის" გამოგონება მიეწერება. ეს მეთოდი 1920-იანი წლების მდიდარ ფენებში საკმაოდ მოდური ყოფილა. მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, საბჭოთა პოლიტიკოსებს გამაახალგაზრდავებელი პროექტის დასამალად ჰიბრიდის კიდევ უფრო უცნაური იერსახის მქონე ექსპერიმენტი გამოეყენებინათ.
- სხვა სავარაუდო მოტივის თანახმად, ივანოვის მომხრე ბოლშევიკები მეცნიერის მოღვაწეობის ევგენიკის სფეროში გამოყენებით იყვნენ დაინტერესებულნი, რაც უნაკლო საბჭოთა მუშაკის "მოშენების" პერსპექტივას იძლეოდა, ალბათ, იმის მსგავს სასურველ თვისებათა სიხშირის გაზრდით, როგორიც კომუნალურად მუშაობის სურვილია.
ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდთა სხვა ექსპერიმენტები
ამერიკელი ფსიქოლოგი გორდონ გალეპი ამტკიცებდა, რომ ადამიანისა და შიმპანზეს ჰიბრიდი წარმატებით იქნა მიღებული 1920-იან წლებში, ფლორიდაში, ორინჯ პარკის ლაბორატორიაში. მან მისი ყოფილი ლექტორის მონათხრობის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ექსპერიმენტში ჩართულ მკვლევრებს უმალ შეეცვალათ აზრი ექსპერიმენტის მორალურ-ეთიკური მხარის შესახებ, რის გამოც ჩვილს ევთანაზია ჩაუტარდა.
2019 წელს ესპანურ გაზეთში (El Pais) გამოჩნდა ინფორმაცია მკვლევართა საერთაშორისო გუნდის შესახებ, რომელმაც ადამიანისა და მაიმუნის უჯრედების შემცველი ქიმერული ემბრიონები შექმნა. კანონთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, სადავო პროექტი ჩინეთში წარიმართა და მის არსებით მიზანს ადამიანისათვის გადასანერგად ვარგისი, სიცოცხლისუნარიანი ორგანოების გამოზრდა წარმოადგენდა, მაგრამ ინკუბატორში გამოზრდილ ორგანოებს განვითარება მხოლოდ 10 000-ობით უჯრედამდე შეეძლო, რამაც კვლევის შეფერხება განაპირობა.
მეცნიერებისა და ეთიკოსების განცხადებით, სამუშაოს გაგრძელების საკითხი მრავალ პრობლემასთან ასოცირდება. ნაშრომი 2021 წელს დეტალურად გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
ასევე, 2021 წელს გამოაქვეყნა დეტალები ფრანგი ბიოლოგის პიერ სალვატიეს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ გუნდმა ადამიან-მაიმუნის ქიმერების შექმნის მცდელობის შესახებ. ფრანგმა მკვლევრებმა ადამიანის 10 და მაიმუნის 250 ცალი უჯრედისაგან შემდგარი ემბრიონის გაზრდა მოახერხეს, რომელმაც მხოლოდ შვიდ დღეს იარსება.
შიმპანზესა და ადამიანის ცოცხალი ჰიბრიდის შექმნა მეცნიერებისათვის კვლავაც დიდ შესაძლებლობასა და გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ Humanzee-დ წოდებული ჰიბრიდის ცხოველმყოფლობის იდეა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს კვეთს, ადამიან-შიმპანზეს ქიმერას განვითარება შეიძლება ახლო მომავალში სრულებითაც მიღწევადი გახდეს.
თუ ეს ოდესმე რეალობაში განხორციელდება, ნავარაუდევია, რომ ეს ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების შესწავლაში დიდ წვლილს შეიტანს, რაც მეცნიერებს დაავადებათა სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მიღწევის პოტენციური დიდებულებისა, კაცობრიობას იგი შესაძლოა ეთიკური პრინციპების უარყოფის ფასად დაუჯდეს. სწორედ ამიტომ, ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნა უკვე საუკუნეზე მეტია საორჭოფო საკითხს წარმოადგენს.
კომენტარები