ბრიტნი სპირსი სასამართლოს წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ მეურვეობის დასრულება სურს. სუპერვარსკვლავის თქმით, ის ტრავმირებულია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მას და მის ცხოვრებას 13 წელია აკონტროლებენ.

მომღერალი, რომელსაც პოპის პრინცესასაც უწოდებენ, წლების განმავლობაში პირველად წარსდგა სასამართლოზე მოწმის სახით და ეს მისი პირველი საჯარო სასამართლო ჩვენებაა მეურვეობის შესახებ. ბრიტნის მეურვეობის საქმე წლებია საზოგადოების ინტერესის საგანია, თუმცა ყურადღება მის შესახებ გამოსული დოკუმენტური ფილმის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

"მინდა, რომ მეურვეობა დასრულდეს, შეზღუდვების გარეშე ვიცხოვრო და აღარ ვიყო დამოკიდებული სხვების შეფასებებზე. ამავე დროს, მსურს, რომ თერაპევტი ჩემთან მოდიოდეს სახლში. აღარ მსურს მე წავიდე მასთან სხვა ქალაქში და გზად პაპარაცებმა დამაშინონ", — განაცხადა მან.

39 წლის სპირსმა, რომელიც 2008 წლიდან მეურვეობის ქვეშაა, განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში უამრავი მედიკამენტისა და ფსიქიატრიული დაკვირვებების ქვეშ იყო, ხოლო მამამისის კონტროლი მას ტრავმას აყენებდა. სასამართლოზე მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არ საუბრობდა, რადგან განცდა ჰქონდა, რომ მისი არავის სჯეროდა.

"არ მოვდიოდი სასამართლოზე, რადგან აქ ჩემი არავის სჯეროდა და არც მისმენდნენ", — განაცხადა მან სასამართლოზე.

ბრიტნის სიტყვით გამოსვლამდე The New York Times-ის მიერ მოპოვებული 2014 წლის დახურულ სასამართლო პროცესის ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრიტნის ცნობით, მამამისის ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებული იყო და მისი შემოწმება სურდა, რაზეც მოსამართლემ მიუგო: "მიუღებელია, ვინ ჰგონია თავი, ამას რომ ითხოვს სხვებისგან?" ჩანაწერებით ირკვევა, რომ სპირსი, ნებაყოფლობით, წლების განმავლობაში აბარებდა ალკოჰოლზე შესამოწმებელ ტესტს და არც ერთხელ ჩაჭრილა.

ბრიტნი სპირსის მხარდამჭერებისა და მოძრაობა Free Britney [თავისუფლება ბრიტნის] წევრების პოსტერი სასამართლოს გარეთ. 2021 წლის 23 ივნისი.

ფოტო: Chris Pizzello / AP

ჩვენებისას ბრიტნიმ იმედგაცრუება გამოხატა იმ შეზღუდვებზე, რომელში ცხოვრებაც 13 წელია უწევს. მას არ აქვს უფლება სურვილის შემთხვევაში დაისვენოს სამუშაოდან, იქორწინოს ან შვილები გააჩინოს.

მან სასამართლოზე განაცხადა, რომ სურს საშვილოსნოში შეყვანილი მოწყობილობა ამოუღონ, რომ კიდევ გააჩინოს შვილი, მაგრამ ამის უფლებას მეურვეები არ აძლევენ.

"ვიტყუებოდი, როცა მთელ მსოფლიოს ვეუბნებოდი, რომ კარგად ვიყავი, ბედნიერი ვიყავი... სინამდვილეში კი შოკში ვიყავი, ტრავმირებული. ხომ ამბობენ, 'თავი მოაჩვენე ყველას, სანამ მართლა კარგად არ იქნები', მაგრამ ახლა სიმართლეს გეუბნებით. მე არ ვარ ბედნიერი, ვერც კი ვიძინებ".

სპირსის სიტყვებით, მას შეზღუდული ინფორმაცია მიეწოდება და არ იცოდა, რომ უფლება ჰქონდა მოეთხოვა მეურვეობის დასრულება. მან თქვა, რომ მამამისი, ჯეიმი სპირსი, მას იმის გამო სჯის, რომ მის მოთხოვნებს არ ემორჩილება და თავს მის "მონად" გრძნობს.

მან ასევე თქვა, რომ ერთხელ სცადა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ეთხოვა და ლას-ვეგასიდან გადასულიყო, რის შემდეგაც თერაპევტმა ის წამლების არმიღებაში და რეპეტიციებზე "ცუდად თანამშრომლობაში" დაადანაშაულა. ამის შემდეგ, მას უმალვე დაუნიშნეს ლითიუმი, რაც აბრუებდა და შიშს ჰგვრიდა.

ბრიტნიმ თქვა, რომ ყველაფერი, რასაც მას უკეთებდნენ, მამამისთან შეთანხმებული იყო, რომელსაც მასზე კონტროლის ქონა "100 ათასი პროცენტით ბედნიერებას ანიჭებდა".

მან დასძინა, რომ სხვა ხელოვანებთან შედარებით მას თავისუფლება წართმეული აქვს:

"ამ თაობის ხელოვანებსაც დაუშვიათ შეცდომები, მაგრამ მათ ასე არავინ მოქცევია. ჩემი მშვენიერი სხეული კი 13 საზარელი წელი მამაჩემისთვის მუშაობს, ვცდილობდი კარგი და ლამაზი ვყოფილიყავი, ისეთი კარგი... მაგრამ, კალიფორნიის შტატმა იდიოტ მამაჩემს მისცა უფლება, რომ საკუთარი შვილი ასე ეკონტროლებინა? კაცს, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვადარდებ, თუ მისთვის ვიმუშავებ? ისინი ამ ყველაფერს უყურებდნენ და ჩემ წინააღმდეგ ამ ყველაფრის გაკეთების უფლება მაინც მისცეს? მათ ამ ადამიანებს ჩემზე გადაჭარბებული კონტროლის უფლება მისცეს".

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად.

ფოტო: Getty Images

მომღერალმა განაცხადა, რომ სურს მოსამართლემ გაითვალისწინოს მისი სურვილი სამკურნალო პრეპარატების დანიშვნისას და თავად შეარჩიოს ადვოკატი. სასამართლო პროცესი ონლაინ წარიმართა, მასზე ბრიტნიმ ასევე თქვა:

"მინდა, რომ არასდროს გაგითიშოთ და გელაპარაკოთ, რადგან უამრავი ადამიანის მხრიდან ზეწოლის ქვეშ ვარ, დაშინებული, შებოჭილი და თავს ყველასგან უარყოფილად და მიტოვებულად ვგრძნობ. დავიღალე მარტო ყოფნით.

მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემივე ქონებას თავად განვაგებდე და ჩემი შეყვარებულის მანქანაში ჩაჯდომის უფლება მქონდეს. ეს მეურვეობა ძალადობრივია. ჩემი ცხოვრების დაბრუნება მინდა".

ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ყოფილმა თერაპევტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა, მენეჯმენტმა კი აიძულა, რომ წლების განმავლობაში, დასვენების გარეშე ემუშავა და შემდეგ მამამ აიძულა, რომ 1 თვე სამკურნალო დაწესებულებაში გაეტარებინა.

ასეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია. არაა ნორმალური გამუდმებით იმის კეთება მაიძულოთ, რაც არ მინდა.

ბრიტნი სპირსი

ბრიტნის ჩართვა შეწყდა, რადგან მოსამართლემ განაცხადა, რომ მის საუბარს არალეგალურად იწერდნენ. თუმცა, სანამ გათიშავდნენ, სპირსის მამის ადვოკატმა განაცხადა:

"მისტერ სპირსი დამწუხრებულია, რომ მისი შვილი ასე იტანჯება. მისტერ სპირსს თავისი ორივე შვილი ძალიან უყვარს". ადვოკატმა დამატებით კომენტარზე უარი განაცხადა.

სასამართლოს დაწყებამდე ბრიტნის შეყვარებულმა, სემ აშგარიმ სელფი გამოაქვეყნა, წარწერით "Free Britney". მან წარსულში განაცხადა, რომ პატივს არ სცემს ბრიტნის მამას და ასევე მისი სიტყვებით, სანამ ჯეიმი სპირსი შვილის ფინანსებს განაგებს, ბრიტნი სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებს.

მოძრაობა #თავისუფლებაბრიტნის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესის სასამართლოსთან. 2020 წლის 16 სექტემბერი.

ფოტო: Frazer Harrison / Getty Images

მოძრაობა Free Britney-ის წევრები აცხადებენ, რომ ის დროებითი შეთანხმება, რომელსაც ბრიტნი უნდა დაეცვა, ჯეიმი სპირსმა პირად სარგებლად აქცია და სუპერვარსკვლავ შვილს საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისთვის იყენებს.

ბრიტნი სპირსის ძმამ, ბრაიანმა გასულ წელს განაცხადა, რომ მის დას ყოველთვის სურდა მეურვეობის დასრულება. თავად ჯეიმი სპირსი გამუდმებით ირწმუნება, რომ მას შვილისთვის საუკეთესო სურს.

ბრიტნი სპირსის შესახებ წელს 2 დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears და The Battle for Britney: Fans, Cash and a Conservatorship გამოვიდა, რამაც მის მიმართ მხარდაჭერა გაზარდა, მაგრამ მომღერალი ორივე მათგანს გამოეხმაურა და ყალბი უწოდა:

"რატომ უკეთებთ აფიშირებას იმ ნეგატიურ და უმძიმეს მომენტებს ჩემი ცხოვრებიდან, რომლებიც მილიონი წლის წინ მოხდა??? რა ჯანდაბაა?"

გასულ კვირაში, ფანის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ოდესმე სცენაზე, ბრიტნიმ უპასუხა:

"ვაპირებ თუ არა ოდესმე სცენაზე დაბრუნებას? წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი ამჟამინდელი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ".

ასევე იხილეთ: