"ცხოვრება დინებაა", — უთქვამს ფილოსოფოს ჰერაკლიტეს. ჯერ კიდევ ძვ.წ. 500 წელს ბერძენმა ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ ყველაფერი მუდმივ ცვალებადობას განიცდის და რაღაც ახლად გარდაიქმნება. და თუ ნაპირიდან თავად მდინარეში გადავინაცვლებთ, ჩვენს ფეხებს ერთხელ ჩავლილი წყალი მეორედ ვეღარასდროს მოხვდება. სწორედ ცხოვრების მუდმივი ცვალებადობის გამო ჰერაკლიტემ დაასკვნა, რომ ამ ბუნებრივ დინებასთან შეწინააღმდეგება თავად ცხოვრების არსთან შეწინააღმდეგების ტოლფასია. "არაფერია მუდმივი ცვლილების გარდა", — თქვა მან.

ან როგორც მწერალმა ელენა ფერანტემ ახლახან აღნიშნა, "ცვლილების არ უნდა გვეშინოდეს". თუ ჩვენ ცხოვრების ამ მუდმივ დინებასთან გამკლავებას ვისწავლით, თავად ყოფის სირთულეებსაც გავართმევთ თავს. ჰერაკლიტეს ფილოსოფიიდან რამდენიმე ათასწლეული გავიდა, თუმცა ჩვენს გაურკვეველ და სწრაფად განვითარებად სამყაროს მისი ნააზრევი დღესაც კარგად ერგება.

კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ცვლილების ცნებისა და მის მიმართ ჩვენი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების მიზეზის ამოხსნას ბევრი ხელოვანი, მწერალი თუ ფილოსოფოსი ცდილობდა. "ჩვენში გარკვეულ ნაწილს ბავშვად დარჩენა სურს. სწორედ ამიტომ ხშირად ცვლილებებს ვერ ვეგუებით", — თქვა მე-20 საუკუნის ფსიქოლოგმა და მწერალმა, კარლ იუნგმა თავის ესეში, ცხოვრების საფეხურები. ეს მოსაზრება ჰერაკლიტეს პოზიციას ეხმიანება. ისინი ორივენი თვლიდნენ, რომ ცვლილება ცხოვრების ძალიან საჭირო და სრულიად ნორმალური ნაწილია. მის უარყოფას კი პრობლემები, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. შესაბამისად, თუ ცვლილებების როლის მნიშვნელობას ვაღიარებთ, ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება.

რაფაელის შედევრში, ათენის სკოლა, ფილოსოფოსი ჰერაკლიტე (მარჯვნივ, საწერ მაგიდასთან) არის გამოსახული.

ფოტო: Alamy

ნიშნავს ეს იმას, რომ "ცხოვრების დინების" შესახებ თეორია მოგვიწოდებს, ცხოვრების გამოწვევებს, ცვლილებებსა და სირთულეებს ფატალისტური განყენებულობით შევეგუოთ? წიგნის, სტოიციზმის გაკვეთილები, ავტორი და ფილოსოფიის ლექტორი, ჯონ სელარსი ამ კითხვას უარყოფითად სცემს პასუხს. მისი აზრით, ჰერაკლიტეს თეორია უმოქმედო შეგუებაზე მეტად ცვლილებების აქტიურად მიღებას გულისხმობს.

ელინისტური ფილოსოფიური სკოლის, სტოიციზმის შესწავლის ერთ-ერთი საგანი სწორედ ცვლილების ფენომენია. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სტოიციზმი გვეუბნება, რომ ადამიანმა ცხოვრების სირთულეები წუწუნის გარეშე უნდა აიტანოს. თუმცა, სინამდვილეში, ეს ფილოსოფიური ხედვა გაცილებით მრავლისმომცველია. სელარსი თავის წიგნში სამი სტოიკოსის — სენეკას, ეპიკტეტუსისა და მარკუს ავრელიუსის მსოფლმხედველობას ერთად განიხილავს და დღევანდელ რეალობაში მათი იდეების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"ყველაფერს, რასაც ეხები, ცვლი. ყველაფერი, რასაც ცვლი, თავად შენვე გცვლის. ერთადერთი მყარი ჭეშმარიტება ცვლილებაა".

ოქტავია ბატლერი

"სტოიკოსებს სტაბილურობის არ სწამდათ და მათი მსოფლმხედველობაც სწორედ ამის მიმღებლობისკენ მოგვიწოდებს. ბუნებრივ სამყაროში მიმდინარე პროცესების მამოძრავებელი ძალა სწორედ ცვლილებებია. და თუ ბედნიერად ცხოვრება გვსურს, ამ პროცესთან ჰარმონიაში უნდა ვიყოთ". რეალურად, სტოიციზმი არა ცვლილებებთან შეწინააღმდეგებას, არამედ მათთვის თვალის გასწორებას გვასწავლის. "ყველაფერი იცვლება. თუმცა საკითხავია, ვიცვლებით თუ არა ჩვენც ამ პროცესთან ერთად? სტოიკოსები ამბობენ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, ამას ვერ შევეწინააღმდეგებით", — ამბობს სელარსი.

ცვალებადობის ეს იდეა ხელოვნებასა და ლიტერატურაში მრავალგზის იჩენს თავს. მაგალითად, ბრიტანელი მწერალი ვირჯინია ვულფი შინაგანი მონოლოგის სტილს აქტიურად იყენებდა — წერის ამ ტექნიკის დროს კი ავტორის აზრთა ცვალებადობა ყველაზე კარგად გამოიხატება. "რაც იცვლება, ის ცხოვრობს", — წერს ვულფი. ავტორი თავის ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო პროზაულ პოემაში, ტალღები (1931), ექვსი მეგობრის ცხოვრებისეულ მსოფლმხედველობას მათი ბავშვობის წლებიდან მოყოლებული განიხილავს. ნაწარმოებში ამ ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია აღწერილი და თითოეული მათგანი სიახლითა და გაურკვევლობით არის სავსე. მთხრობლის ცვალებადი ხმა პერსონაჟების განსხვავებულ ხედვაზე მიანიშნებს, თუმცა, ამასთან, ყველა მათგანი საკუთარი თავის აღმოჩენისთვის იბრძვის. ვულფის წყალობით, მკითხველი პერსონაჟებს მუდმივი ცვლილებების პროცესში ხედავს. მათი ცხოვრება — ჩვენი, რეალური ადამიანების ცხოვრების მსგავსად — მეტამორფოზებით არის სავსე.

ვირჯინია ვულფი ცვლილებების თემით შეპყრობილი იყო. ავტორი თავის ადრინდელ რომანში, ორლანდო (1928), ელისაბეტურ ხანაში მცხოვრები არისტოკრატი კაცის შესახებ მოგვითხრობს. რომანის შუაში პერსონაჟი გაღვიძებისას აღმოაჩენს, რომ ქალადაა ქცეული. "ცვლილება უწყვეტი იყო და ის, შესაძლოა, არც არასდროს გაჩერებულიყო. ფიქრებისა და ჩვევების მაღალი გალავანი, რომელიც აქამდე ქვასავით მტკიცე ჩანდა, სხვა გონების შეხებისთანავე ჩრდილებივით მიმოიფანტა და თავის ადგილას შიშველი ცა და მასზე მოციმციმე ახალბედა ვარსკვლავები დატოვა", — წერს ვულფი რომანში.

ვირჯინია ვულფის რომანზე დაფუძნებული 1992 წლის ფილმი, ორლანდო, იმ დიდგვაროვანი კაცის ცხოვრებას აღწერს, რომელიც ქალად გარდაიქმნება.

ფოტო: Alamy

მართალია, მწერალმა სიცოცხლის მიწურულს საკუთარი თავიდან დემონების განდევნა ვერ შეძლო, თუმცა მთელი ცხოვრების განმავლობაში მათთან გასამკლავებლად და გრძნობებში გასარკვევად ის დღიურს აწარმოებდა, რომლის ფურცლებზეც საკუთარ თავში ღრმად ჩამარხული ფიქრები გადმოჰქონდა. ეს ჩვევა ბევრ ცნობილ მწერალსა თუ მოაზროვნეს ჰქონდა, რომელთა შორისაც სიუზენ ზონტაგი, ჯოან დიდიონი, ოსკარ უაილდი და სტოიკოსი მარკუს ავრელიუსიც იყვნენ. უფრო მეტიც, თანამედროვე სტოიკოსები დღიურის წარმოებისკენ დღესაც აქტიურად მოგვიწოდებენ. მათ მიაჩნიათ, ამ გზით საკუთარ თავს გამოვწრთობთ, რათა სირთულეებს მომზადებულნი შევხვდეთ. მოგვიანებით კი საკუთარი ქმედებების ანალიზის შესაძლებლობაც გვეძლევა. საბოლოოდ, ამ ყველაფრის იდეა ის არის, რომ ცხოვრების ცვალებადობასთან გასამკლავებლად საკუთარი თავი მაქსიმალურად უნდა მოვამზადოთ.

შესაძლოა, სტოიკოსებმა უდრეკი ადამიანების რეპუტაცია სწორედ ამის გამო მოიპოვეს. "ამ შეხედულებაში მართლაც არის სიმართლის მარცვალი. ეს ხედვა, ნაწილობრივ, საკუთარ თავზე მუშაობისა და ვარჯიშის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან სირთულეებთან გამკლავების სწავლით ცხოვრების გაკვეთილები გულს ნაკლებად გვტკენენ. თუმცა ამისთვის ძლიერი კონტროლის მოპოვება ან სურვილების ჩახშობა სულაც არაა აუცილებელი. იმის მტკიცება, რომ სტოიციზმი მხოლოდ სიმტკიცის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებს, უაზრობა იქნებოდა", — ამბობს სელარსი.

ერთადერთი მყარი ჭეშმარიტება

ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ცვლილებასთან გამკლავება მხოლოდ ცივი გონებისეული რაციონალიზმის მეშვეობითაა შესაძლებელი? "ყველაზე მთავარი ჩვენი თავისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნა და ისაა, რომ ზედაპირული ემოციების ნაცვლად, ნამდვილ სიხარულს ვეზიაროთ", — გვიხსნის სელარსი. სტოიკოსები გვირჩევენ, ახლანდელი მომენტი დავაფასოთ, თუმცა ისიც გავიაზროთ, რომ ის სამუდამოდ არ გაგრძელდება. "არ შეგეშინდეთ გაურკვევლობის". ამ მხრივ, სტოიციზმი ბუდიზმთანაც იკვეთება. "ყველაფერი იცვლება. უბრალოდ, ეცადეთ, რომ ახლანდელ მომენტში იცხოვროთ და ზედაპირულ რაღაცებს არ მიეჯაჭვოთ". შესაძლოა, ეს ცოტა უგულოდაც კი ჟღერს, თუმცა რეალურად, ასე სულაც არ არის: "ბუდიზმის მსგავსად, სტოიციზმიც თანაგრძნობის, ბუნებასთან კავშირისა და ემოციების ქონისკენ მოგვიწოდებს".

ოქტავია ბატლერი თავის სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებში, იგავი მთესავზე (1993), პროტაგონისტ ლორენს გვაცნობს, რომელიც სამყაროს მარცვლის რელიგიას პოულობს. ლორენი თავის ხილვებში ცვლილებას კოსმოსის გამაცოცხლებელ ენერგიად ხედავს. პერსონაჟი საკუთარ ხედვებს დებულებებად აყალიბებს: "ყველაფერს, რასაც ეხები, ცვლი. ყველაფერი, რასაც ცვლი, თავად შენვე გცვლის. ერთადერთი მყარი ჭეშმარიტება ცვლილებაა. ღმერთი ცვლილებაა. მარცვლისგან ხე, ხისგან ტყე; წვიმისგან მდინარე, მდინარისგან ზღვა; ჭიისგან ფუტკარი, ფუტკრისგან გუნდი წარმოიქმნება. ერთი — ბევრის, ბევრი ერთის დასაბამი ხდება. რაღაცები გამუდმებით ერთიანდება, იზრდება და იშლება — გამუდმებით იცვლება. სამყარო ღმერთის ავტოპორტრეტია", — წერს ბატლერი, რომელიც სიცოცხლის, ცვლილებებისა და ბუნების კავშირს ჰერაკლიტეს ცხოვრების დინების თეორიის მსგავსად აღიქვამს.

სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის, იგავი მთესავზე, ცენტრალური თემა ცხოვრებას, ცვლილებასა და ბუნებას შორის არსებული კავშირია.

ფოტო: Seven Stories Press

ლორენის სამყაროში კარგი ცუდს, სიკეთე კი ბოროტებას ამარცხებს. "როდესაც იმ ეთიკურ დოგმებზე ვსაუბრობთ, რომელიც ცვლილებების გააზრებულ მიღებას გულისხმობს, ლორენი ჰერაკლიტეს მსგავს იდეებს იზიარებს. თუმცა, სამყაროს მარცვლისეული ცვლილება ზებუნებრივ ძალებთან სულაც არაა დაკავშირებული: აქ ვერც ბედისწერაზე საუბარს შეხვდებით და ვერც ესქატოლოგიას. ეს ხედვა იმისკენ მოწოდებაა, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრების სახეცვლილებებზე პასუხისმგებლობა აიღოს", — ამბობს ამერიკელი მწერალი და მკვლევარი, რებეკა რაფაელი.

ლორენის რელიგიაში სტოიკური და ბუდისტური შეხედულებებია თავმოყრილი. "ნაწარმოებში გაშლილი ხედვა ბუდისტურ მეტაფიზიკას, ეთიკურობისადმი არსებულ იუდეურ მსოფლმხედველობასა და აწმყოზე სტოიკურ კონცენტრირებას ეფუძნება. ის არ რიყავს განსხვავებული სოციალური კლასის წარმომადგენლებს თუ რელიგიის მიმდევრებს. სანაცვლოდ, ნაწარმოები ძალადობრივ სამყაროში სიკეთის მნიშვნელობას გვანახებს, რაც ადამიანების სხვა პლანეტაზე საცხოვრებლად მომზადების წინაპირობადაა წარმოჩენილი", — ამბობს რაფაელი.

"არაფერია მუდმივი ცვლილების გარდა".

ჰერაკლიტე

დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, როგორი იქნებოდა სტოიციზმის რჩევა? რას გვასწავლის ის იმისთვის, რომ არა მხოლოდ ახლანდელ, არამედ მომავალ სირთულეებსაც გავუმკლავდეთ? "არის რაღაცები, რისი შეცვლაც შეგვიძლია. თუმცა, ასევე, არსებობს მოვლენები, რომელზე კონტროლსაც ვერ ვფლობთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ორის ერთმანეთისგან განსხვავება ვისწავლოთ. მაგალითად, შეგიძლიათ იზოლაციაში იყოთ ან სოციალური დისტანცია დაიცვათ და ეს ყველაფერი არა შფოთვისა და პანიკის, არამედ რაციონალური განსჯის საფუძველზე გააკეთოთ", — ამბობს სელარსი.

თანამედროვე სტოიკური მიმდინარეობა ყოველწლიურად ატარებს სტოიციზმის კვირეულს, სადაც ადამიანები არა შედეგზე, არამედ პროცესზე ორიენტირების უნარს წვრთნიან და, ამასთან, რეალობის სიმძიმესთან შეგუებას სწავლობენ. ისინი კონცენტრირდებიან იმაზე, თუ რისი მიღება შეიძლება ტკივილისა და წარუმატებლობისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტოიკოსები ტკივილს ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებად გარდაქმნიან.

ესეც გაივლის

შუასაუკუნეების წინასწარმეტყველმა ერთ ბრძენკაცს ჰკითხა, თუ როგორ უნდა გამკლავებოდა ცხოვრებისეულ სირთულეებს. ბრძენკაცმა კი ამ სიტყვებით უპასუხა: "ესეც გაივლის". ეს სიტყვები ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის. მსახიობმა ტომ ჰენკსმა კორონავირუსის პანდემიის შესახებ საუბრისას სწორედ ეს ფრაზა გამოიყენა. ფსიქოთერაპევტმა ჯულია სამუელმა კი თავისი წიგნი, ესეც გაივლის: ცვლილებების, კრიზისის და იმედიანი დასაწყისების ისტორიები, გამოსცა.

წიგნში სამუელი თავისი კლიენტების ისტორიებს მათი ვინაობის დაფარვით გადმოსცემს: "ყველა ადამიანს, რომელსაც ჩემი კარის ზღურბლზე გადმოუბიჯებია, ცვლილებებისადმი პრობლემატური დამოკიდებულება ჰქონდა. ერთადერთი რამ, რაც წყალგაუვალია, ჩვენს ცხოვრებაში მუდმივი ცვლილებების არსებობაა. ტკივილი კი ცვლილების განუყოფელი ნაწილია. ის გაიძულებს, რომ გამოფხიზლდე და სამყაროს სხვა თვალით შეხედო. ხოლო მისით გამოწვეული დისკომფორტი ამ სამყაროს რეალურობაში გვარწმუნებს. პირად და გაცილებით უფრო მასშტაბურ გაკვეთილებს სწორედ ტკივილის დახმარებით ვიღებთ".

ცვალებად სამყაროსთან ადაპტირება და ახლანდელი მომენტით ცხოვრება ბუდიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია.

ფოტო: Alamy

როდესაც პანდემიის პირველმა ტალღამ დაგვარტყა, ბევრი ჩვენგანი "განცვიფრებული, შოკირებული და აღელვებული იყო. ეს ყველაფერი ფილმის, ყბები, საუნდტრეკს ჰგავდა, რომელსაც თავიდან მნიშვნელობას არც კი ანიჭებ, საბოლოოდ კი მისთვის ყურადღების მიქცევა და მის განვითარებაზე დაკვირვება გიწევს", — ამბობს სამუელი.

ის ასევე გვიხსნის, თუ რატომ აირჩია ფრაზა, "ესეც გაივლის", საკუთარი წიგნის სათაურად: "იმისთვის, რომ გადარჩე, ცვლილებებთან და კრიზისთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო. შესაძლოა, გარკვეულ მომენტში რწმენა დაკარგო და არ დაიჯერო, რომ ეს საშინელი დრო ოდესმე დასრულდება. ზოგჯერ, ზამთრის სუსხი ისე შეგვიპყრობს ხოლმე, რომ გვგონია, ზაფხული აღარასდროს დაბრუნდება. თუმცა, ზაფხული მაინც მოდის".

"პარადოქსია, რომ ცვლილების გარდაუვალობის მიღებით მეტი შანსია, საკუთარი თავის მიზანმიმართულად შეცვლა და ადაპტირება ისწავლო", — ურთავს ფსიქოთერაპევტი. ცვლილება პროგრესის მამოძრავებელი შეიძლება გახდეს.

"ცვლილება ნებისმიერი ისტორიის საფუძველია. ის ძალისხმევის არსებობას ამტკიცებს".

ჯენი ჰოლზერი.

სამუელი ცხოვრების დინებისა და სამყაროს მუდმივი ცვალებადობის მიღების მომხრეა. ის ფიქრობს, რომ აუცილებელია, თვალი გავუსწოროთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ცვლილებას — საკუთარ მოკვდაობას. "ის, რასაც გავურბივართ, ჩვენს ქვეცნობიერში გამუდმებით ილექება. ასე რომ, ვფიქრობ, ერთმანეთთან ცხოვრების დასასრულზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია. მსგავსი თემებისთვის თავის არიდება არსებობას, უბრალოდ, გაცილებით რთულს ხდის. ცხოვრება საოცარია, თუმცა იმის აღიარება, რომ მას დასასრული აქვს, ჩვენში ძალიან ბევრ პოზიტიურ ცვლილებას იწვევს".

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სემ ქუქმა აშშ-ში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდში სულისკვეთებითა და იმედით სავსე ჰიმნი, ცვლილება მოვა შექმნა. თუმცა ეს სიმღერა აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. 40 წლის წინ კი ამერიკელმა კონცეპტუალისტმა ხელოვანმა, ჯენი ჰოლზერმა თავისი ანთებითი ესეები შექმნა, რომლის მთავარი გზავნილი ასეთია: "ცვლილება ნებისმიერი ისტორიის საფუძველია. ის ძალისხმევის არსებობას ამტკიცებს". ეს პროვოკაციული ნამუშევარი 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და მასში ამერიკელი ხელოვანების დოგმატური და მეტყველი ტრუიზმებია თავმოყრილი. ეს ფრაზები აქტუალობას კვლავაც ინარჩუნებენ: "გადატრიალება სასურველია, რადგან ამით ახალბედა, გაუსვრელი ჯგუფები სარგებლობენ"; "განგრძობითობას დეკადენტურები და ძლევამოსილები იცავენ"; "ნელი მოდიფიკაცია ეფექტიანი შეიძლება იყოს, რადგან ასეთ დროს ადამიანები იქამდე იცვლებიან, სანამ ამის შემჩნევას და წინააღმდეგობის გაწევას მოასწრებდნენ"; "უარესი უკეთესის მომასწავებელია".

ეს ფრაზები დღევანდელ მდგომარეობაში, როცა რასობრივ და სოციალურ კრიზისს მუდმივად ვაწყდებით, განსაკუთრებით მრავლისმთქმელია. ჩვენ, ასევე, ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სხვების მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას მუდმივად გამოხატავენ, რაც გვარწმუნებს, რომ ამ სამყაროში გამბედაობა, სიმტკიცე, თანაგრძნობა, ემპათია და სამართლიანობა ჯერ კიდევ არსებობს.

როგორი იქნება მომავალი, რომელსაც ცვლილებებით შევქმნით? შევძლებთ, რომ ამ კრიზისის მეშვეობით კაცობრიობას, ჩვენს პრიორიტეტებსა და ღირებულებებს განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ? ვიპოვით ძალას ჩვენი სიცოცხლისუნარიანობის დასამტკიცებლად? — ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ ვიპოვით.