სანამ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, გვინეაში ებოლა კიდევ ერთხელ დაამარცხეს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) შაბათს ოფიციალურად განაცხადა გვინეაში ებოლას კიდევ ერთი აფეთქების ჩახშობის შესახებ. ვირუსის აფეთქებაზე პირველი ოფიციალური განცხადება თებერვალში გაკეთდა, მას შემდეგ კი ებოლამ ამ ქვეყანაში 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს ებოლათი გამოწვეულმა ეპიდემიამ 2013-16 წლებში აფრიკაში, უმეტესად კი გვინეაში, ლიბერიასა და სიერა ლეონეში 11 300 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ამ შემთხვევაში კი, საბედნიეროდ, ვირუსით მხოლოდ 12 ადამიანი დაიღუპა.
"მაქვს პატივი, ებოლას დასასრული გამცნოთ", — განაცხადა WHO-ს წარმომადგენელმა, ალფრედ კი-ზერბომ გვინეაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნზერეკორეს რეგიონში. ადგილზე, სადაც დაავადება იანვრის ბოლოს გამოჩნდა.
საერთაშორისო წესების მიხედვით, გვინეაში 42 დღე — ვირუსის ინკუბაციის პერიოდზე ორჯერ მეტი დრო უნდა გასულიყო ახალი შემთხვევების გამოჩენის გარეშე იქამდე, სანამ ეპიდემიას დამარცხებულად გამოაცხადებდნენ.
გასულ ათწლეულში მომხდარი ეპიდემიის დროს, ებოლას საწინააღმდეგო კონტროლის ზომების მიღებამ გვინეას ტყიან სამხრეთ-აღმოსავლეთში მოსახლეობის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია — ისინი მთავრობის მოხელეებს თავს დაესხნენ და მოკლეს კიდეც ისინი.
"საზოგადოების ჩართულობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ზომები და ვაქცინების სამართლიანი განაწილება გადამწყვეტი აღმოჩნდა ებოლას დაძლევის საქმეში", — ამბობს თავის განცხადებაში WHO-ს ხელმძღვანელი, ტედოს ადრანომ გებეისუსი.
გაეროს განცხადებით, მათ გვინეაში ვაქცინის 24 000 დოზა ჩაიტანეს. აცრა მაღალი რისკის ქვეშ მყოფმა 11 000-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 2 800 ფრონტის ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს წარმოადგენს.
"ებოლა დავამარცხეთ, მაგრამ მაინც უნდა შევინარჩუნოთ სიფრთხილე", — ეწერა ცერემონიაზე გაკრულ ბანერზე.
"ისევ ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის ახალი შემთხვევები გამოჩნდება. ასევე საჭიროა ექსპერტიზის გაფართოება და ჯანმრთელობის სხვა ისეთი საფრთხეების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა კორონავირუსი", — განაცხადა WHO-ს დირექტორმა აფრიკაში, მატშიდისო მოეტიმ.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, გენეტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა კავშირი 2021 წლის გავრცელებასა და გასული ათწლეულის ეპიდემიას შორის. დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო იმ საკითხის შესასწავლად, თუ როგორაა დაკავშირებული ამ ორი სხვადასხვა პერიოდის 'აფეთქება' ერთმანეთთან. ამასობაში კი, გვინეის ჯანდაცვის ორგანოებმა მეთვალყურეობის პროგრამა აამოქმედეს გამოჯანმრთელებულთათვის, რომელიც მათ ხანგრძლივ მონიტორნიგსა და ავადმყოფობის შემდგომ მზრუნველობას მოიცავს.
კომენტარები