ტექნოლოგიური სიკეთეები და საფრთხეები — თბილისში კონფერენცია "ტექნოლოგია, სახელმწიფო და ინდივიდი" გაიმართება
12 ივნისს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდება კონფერენცია "ტექნოლოგია, სახელმწიფო და ინდივიდი". კონფერენცია ტარდება Students for Liberty-ს კამპანიის, T3CH L1B3RTY-ს ფარგლებში, რომლის მიზანია ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თემებზე ცნობიერების ამაღლება. კონფერენციის მოწვეული მომხსენებლები ისაუბრებენ ტექნოლოგიური თავისუფლების მნიშვნელობაზე, კრიპტოვალუტებზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე, თვალთვალის საწინააღმდეგო ტექნოლოგიებზე, კონფიდენციალურობაზე, ასევე ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტებზე.
"კონფერენცია ორ მიზანს ემსახურება: ცნობიერების ამაღლებას და სფეროში ჩართული ადამიანების დაკავშირებას. ისეთი თემები, როგორიცაა ბლოკჩეინი, კრიპტოვალუტები და ხელოვნური ინტელექტი, საქართველოში ძალიან აქტუალური ხდება. გვინდა აუდიტორიისთვის განსხვავებული სადისკუსიო სივრცე შევქმნათ, სადაც თანამოაზრეები შეიკრიბებიან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ ტექნოლოგიური განვითარების საფრთხეებსა და სიკეთეებზე. ეს დააკავშირებს ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, რაც ქართული ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის დადებითი მოვლენაა", — ამბობს ივანე ნაჭყებია, კონფერენციის თანაორგანიზატორი.
ვინ არიან კონფერენციის სპიკერები და რა თემებს განიხილავენ ისინი
კონფერენციის სპიკერები და მათ მიერ განსახილველი თემები ასე გამოიყურება:
გიორგი მამალაძე — კომპანია "Siemens Corporate Technologies" უფროსი Software არქიტექტორი, კონსულტანტი და საჯარო სპიკერი. მომხსენებელი ისაუბრებს თემაზე: ხელოვნური ინტელექტი და რობოტები — გამოწვევები, შანსები და გვერდითი ეფექტები.
ლაშა ანთაძე — ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf Network წარმოადგენს პირველ დეცენტრალიზებული აუქციონების ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა გასაყიდი ნივთი ერთდროულად განთავსდეს ონლაინ მარკეტფლეისებზე მსოფლიოს ნებისიერ წერტილში და ჩატარდეს სინქრონული აუქციონი. ლაშა ანთაძე დეცენტრალიზებულ სისტემებსა და სახელმწიფოზე მათ გავლენაზე ისაუბრებს.
დავით ხოსროშვილი — ანტრეპრენერი, რომლის დაფუძნებული კომპანიები (WiFisher, Olmait, Hostelpro, Termial) 80-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 10-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. დავითი ახლა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია MaxinAI-ს CEO-ა. დავითი ისაუბრებს თემაზე: მეტავერსები, NFT-ები, DAO-ები, DeFi და სხვა საკითხები, რაც გამოტოვეთ კრიპტოსთან დაკავშირებით.
გივი ჩხარტიშვილი — საერთაშორისო ტექ-საკონსულტაციო ორგანიზაცია ნოქსტონის დამფუძნებელი და CEO. ის ისაუბრებს Data-Driven Marketing-ზე.
ლევან ბოძაშვილი — MakerDao & Wiv მრჩეველი და რეგიონული წარმომადგენელი, Tokeny Solutions რეგიონული წარმომადგენელი, რექტორი - Neiron აკადემიაში. მისი სასაუბრო თემაა: ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში?
გიორგი იაშვილი - USAID-ის სტრატეგიული მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში. თემა: კიბერუსაფრთხოება.
"ტექნოლოგიების სწორად გამოყენება ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ორგანიზაცია Students For Liberty ყველაზე დიდი სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია თავისუფლების იდეების მხარდაჭერა. ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ხშირად ვატატარებთ. ბოლოს ჩატარდა ონლაინ ლექციების ციკლი “Tech Liberty South Caucasus”, სადაც ქართველ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა და სომეხმა სტუდენტებმა", — გვიყვება ივანე ნაჭყებია.
სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება და ამ ცვლილებებში ლომის წვლილი ტექნოლოგიურ პროგრესს მიუძღვის. თუმცა, მუდმივად ახალი სამყაროსთვის ფეხის უსაფრთხოდ აწყობა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამ ცოდნითა და ახალი ხედვებით აღჭურვას გვიქადის ღონისძიება "ტექნოლოგია, სახელმწიფო და ინდივიდი".
“ტექნოლოგიური განვითარება აუცილებელი წინაპირობაა უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისთვის. დღეს უამრავი ისეთი რამ ხდება ამ სფეროში რასაც შეუძლია ჩვენი მომავალი სამუდამოდ შეცვალოს. ამიტომ, ლექციები იქნება ინფორმაციული და პროდუქტიული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ თემებზე ბევრი აქვს ნაფიქრი და მათთვისაც, ვისთვისაც აღნიშნული საკითხები შედარებით უცხოა", — ამბობს ივანე ნაჭყებია.
პროექტი ტარდება Students For Liberty-სა და Friedrich Naumann Foundation, ასევე Freedom South Caucasus მხარდაჭერით. კონფერენციის პარტნიორია კომპანია Noxtton, ხოლო მედიაპარტნიორი — NEXT.On.ge.
კონფერენციაზე დარეგისტრირება ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა, მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში დასწრებას მხოლოდ 70 მონაწილე შეძლებს. ხოლო დასწრების მსურველების ნაწილი კონფერენციისთვის თვალის მიდევნებას “ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის” ფეისბუქ გვერდზე შეძლებს.
კონფერენციის აკადემიური ნაწილი 10:00-დან 19:00-მდე გაგრძელდება. საგანმანათლებლო მასალის, ვორქშოპების, კვების და სხვა ხარჯები კონფერენციის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა გაიღეს. მსურველებს კი რეგისტრაცია 5 ივნისამდე, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.
კომენტარები