რა როლი აქვს ტესტერს ციფრული პროდუქტის შექმნაში — ინტერვიუ სანდრო დვალთან
21-ე საუკუნე ციფრული პროდუქტების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, მომხმარებელი დღეში 9 აპლიკაციას იყენებს, თვის განმავლობაში კი 30 სხვადასხვა აპლიკაციას ხსნის. ასევე, თითო სმარტფონში საშუალოდ 80 აპლიკაციას ვხვდებით.
მანამ, სანამ ეს პროგრამები ჩვენამდე მოაღწევს, ისინი დეველოპმენტის დიდ გზას გადიან. საბოლოო ეტაპზე თითოეული მათგანი საჭიროებს ტესტირებას, რათა მომხმარებელს უხარვეზო, გამართული აპლიკაცია დახვდეს. ამ ყველაფერს ციფრული პროდუქტის ტესტერები აკეთებენ.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ თუ რა დანიშნულება აქვთ ამ პროფესიის წარმომადგენლებს და რამხელა შრომას დებენ ისინი იმაში, რომ თითოეული აპლიკაცია ჩვენამდე გამართული სახით მოვიდეს, ჩვენ საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ტესტერს, სანდრო დვალს ვესაუბრეთ.
ციფრული პროდუქტის ტესტერობა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ პროგრამული პროდუქტის ხარისხი და შევამციროთ გაუმართავი პროდუქტის ბაზარზე გატანის რისკი. ტესტერობა მოიცავს იმ კრიტიკული ხარვეზების აღმოჩენას, რომლის გამოც შეიძლება კომპანია დაზარალდეს.
"ამ პროფესიის შესახებ გაგებისთანავე გამიჩნდა ინტერესი, გავმხდარიყავი ტესტერი. ვინაიდან დღეს, 21-ე საუკუნეში, ციფრული პროდუქტები ყოველდღიურად და საკმაოდ სწრაფად ვითარდება, აუცილებელია მათი ხარისხის კონტროლი. ამის გააზრების შემდეგ დავინტერესდი ამ პროფესიით, მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ციფრული პროდუქტების ტესტირება, ან რას ეთმობოდა ყურადღება. ასევე, ის, თუ რა სახის და როგორი ხარვეზები ჩნდებოდა ციფრული პროდუქტის შექმნისას დიდ ინტერესს მიჩენდა", — გვიყვება სანდრო დვალი.
ხარისხის კონტროლის მენეჯერი, იგივე ტესტერი, ციფრული პროდუქტის შექმნისას თავიდანვე იღებს მონაწილეობას აპლიკაციის განვითარების პროცესებში. ის უყურებს პროდუქტს, როგორც პროგრამულად უზრუნველყოფის კუთხით, ასევე მომხმარებლის თვალით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ტესტერი სვამს კითხვებს და ციფრული პროდუქტის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს, რაც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია საბოლოო, წარმატებული პროდუქტის მიღებისთვის.
"მე და ჩემს გუნდს ბევრ პროდუქტზე გვიმუშავია, ერთ-ერთი მათგანი არის ონლაინ განვადება, რომელიც ინოვაციური და საკმაოდ პრაქტიკული ციფრული პროდუქტია. ონლაინ განვადებით მომხმარებელს შეუძლია, QR კოდის დასკანერებით, მარტივად გააკეთოს განაცხადი ონლაინ განვადების შესახებ", — გვიყვება საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ტესტერი, სანდრო დვალი.
საქართველოს ბანკის მობილბანკი არის განვითრებადი აპლიკაცია, რომელიც ყოველდღიურად ახლდება და იხვეწება, როგორც წარმატებული ციფრული პროდუქტი, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ხარისხის მუდმივი კონტროლი. რა თქმა უნდა, გუნდის ყველა წევრი თავისებურად ეხმარება ტესტერს თავისი საქმის შესრულებაში, თუმცა, ტესტერის წვლილი დიდია.
"მობილბანკის შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი დავალება იყო, რომ პროდუქტი ყოფილიყო პროგრამულად გამართული, თუმცა ის, რომ ციფრული პროდუქტი იყოს მომხმარებლის სურვილებს, საჭიროებებსა და მოლოდინებზე მორგებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ტესტერის მთავარ დავალებად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პროგრამული ხარისხის, ასევე პროდუქტის პრაქტიკულობის კონტროლი", — ამბობს სანდრო დვალი.
სირთულეები ტესტერის საქმიანობაში
ციფრული პროდუქტის ტესტირების პროცესში ტესტერები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სირთულეს, თუმცა, ყველაზე დიდ სირთულედ ითვლება ის, რომ ციფრული პროდუქტის გატესტვა ამომწურავად შეუძლებელია. მობილბანკის შემთხვევაში, შეუძლებელია განიხილო ყველა ის ვარიანტი, რომელსაც შეიძლება მომხმარებელმა პროდუქტის გამოყენებისას მიმართოს. ასევე, არსებობს უამრავი მოწყობილობა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. განსხვავდება მათი სისტემები და თუნდაც ეკრანის ზომა. სწორედ ამ მიზეზების გამო, ტესტერის ძალისხმევის მიუხედავად, შეუძლებელია ციფრული პროდუქტის ხარისხის აბსოლუტური შემოწმება
"ჩემი სამუშაო პროცესი დაფუძნებულია Agile(Scrum) მეთოდოლოგიაზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს გუნდურობას, გუნდში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ერთმანეთის დახმარებას. ჩემი აზრით, გუნდურობა საკმოად მნიშვნელოვანია ტესტერის პროფესიაში, რადგან გუნდის სხვა წევრმა შეიძლება განსხვავებული მხრიდან დაგვანახოს ციფრული პროდუქტი და მოგვცეს ახალი იდეები ტესტირების პროცესებთან დაკავშირებით", — გვიყვება სანდრო დვალი.
რა თქმა უნდა, ყველა პროფესიაში მნიშვნელოვანია ინდივიდუალური პროფესიონალიზმი და ტესტერების სამუშაო პროცესშიც დიდი ნაწილი უჭირავს ინდივიდუალურ საქმიანობას, თუმცა გუნდურობა, გუნდის წევრებისა და სხვა უფრო გამოცდილი ტესტერების დახმარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროდუქტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში.
ტესტერის როლი ციფრული პროდუქტის განვითარებაში იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც გუნდის სხვა ნებისმიერი წევრის. მაგალითად, მომხმარებლისთვის ყველაზე თვალსაჩინოდ ჩანს პროდუქტის დიზაინი, რომელსაც აკეთებს დიზაინერი, მაგრამ თუ ტესტერმა არ გატესტა დიზაინი შეიძლება გაიპაროს ხარვეზი, რომელიც დააზარალებს როგორც ციფრულ პროდუქტს, ასევე მასზე მომუშავე ყველა გუნდის წევრის მიერ შესრულებულ სამუშაოს.
ციფრული პროდუქტის ტესტირების დროს ტესტერი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს და გამოასწოროს ესა თუ ის ხარვეზი. ტესტირების გარეშე, რეალურ ცხოვრებაში, შესაძლოა მომხმარებელი ისეთ პრობლემას შეეჩეხოს, რომლის გამოც ციფრული პროდუქტის გამოყენება შეუძლებელი გახდეს. ასევე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად საინტერესო და ინოვაციური შეიძლება იყოს ციფრული პროდუქტი, თუ ის არ არის მორგებული მომხმარებელზე, თავისი სიმარტივით და პრაქტიკულობით, შეიძლება მომხმარებელს პროდუქტის მიმართ ინტერესი დაეკარგოს. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიებს დიდი ფინანსური დანაკარგი განუცდიათ გაუტესტავი პროდუქტის რეალურ ბაზარზე გაშვების გამო. სწორედ ასეთმა და კიდევ მრავალმა, განსხვავებული ტიპის შემთხვევამ დაამტკიცა, რომ ციფრული პროდუქტის გატესტვა ტესტერის მიერ არის ამ პროდუქტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
კომენტარები