მომავლის პორტალმა ვილნიუსი და ლუბლინი დააკავშირა
ვილნიუსის გედიმინის ტექნიკური უნივერსიტეტის(Vilnius Tech) პრეს განცხადების მიხედვით, ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსსა და პოლონეთის ქალაქ ლუბლინში სარკისებრი ინსტალაციები — "პორტალები" განთავსდა, რომლებიც ქალაქებს ერთმანეთთან რეალურ დროში აკავშირებს.
ამ ერთი შეხედვით სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან გადმომხტარი პორტალების შექმნის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ხალხის ერთმანეთთან დაკავშირებაა პანდემიით გამოწვეული იზოლაციისა და ბოლო დროს მზარდი "სოციალური პოლარიზაციის" ფონზე.
მოწყობილობები სხვა სამყაროსთან დამაკავშირებელ წრიულ კარებს მოგაგონებთ, როგორებსაც სხვადასხვა სამეცნიერო თუ არასამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გამოგონილ სამყაროებში ვხვდებით. პროექტში მონაწილე გუნდმა განაცხადა, რომ მათ ასეთი წრიული ფორმა სწორედ იმიტომ აარჩიეს, რომ სწორედ ასე გამოიყურება დამაკავშირებელი "ხიდის" sci-fi სიმბოლო. რაც შეეხება განათებების გაწყობილ მინიმალისტურ დიზაინს, იგი გუნდისთვის მომავლის ქალაქის ვიზუალს გამოსახავს.
ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პორტალში შებიჯებით სხვა სამყაროში ვერ აღმოჩნდებით. ინსტალაციებს ერთმანეთისგან 606 კილომეტრი აშორებთ. თითოეული მათგანი იყენებს დიდ ეკრანს, კამერას და ინტერნეტკავშირს, რაც მათ საშუალებას აძლევს, რეალურ დროში აჩვენონ, თუ რა ხდება მათ პარალელურ ლოკაციაზე — და ვინ იცის, იქნებ მომავალში მათ ჭიის ხვრელის შესაძლებლობებიც დაემატოთ.
პორტალები Vilnius Tech-ის LinkMenų fabrikas ცენტრის ინჟინრებმა შექმნეს. ეს არ არის ერთჯერადი პროექტი — გუნდი მომავალში გლობალური კოლაბორაციისა და ჰარმონიის შესაქმნელად, მსგავსი პორტალებით კიდევ ბევრი ქალაქის დაკავშირებას ისახავს მიზნად.
"სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პორტალის გიჟური იდეა განგვეხორციელებინა — ეს არის ერთიანობის ხიდი, ერთგვარი შეთავაზება, რომ დავდგეთ წარსულ უთანხმოებებზე და იმ ილუზიებზე მაღლა, რომ ვარსებობთ 'ჩვენ' და არსებობენ 'ისინი'" — განმარტავს გუნდის პრეს განცხადებაში ბენედიქტას გილისი, Benediktas Gylys Foundation-ის პრეზიდენტი
პორტალი ვილნიუსში ქალაქის მატარებლის სადგურთანაა განთავსებული, ლუბლინში კი — ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. პროექტის ორგანიზებას, პორტალის დიზაინის შექმნას და შემდეგ მშენებლობას 5 წელი დასჭირდა. მომავალში გუნდი მიზნად ისახავს "ხიდების" აშენებას რეიკიავიკსა და ლონდონშიც.
კომენტარები