Acer გეიმინგ მოწყობილობებს აახლებს — ყველაფერი, რაც ახალი კონფერენციიდან გავიგეთ
Acer 1976 წელს დაფუძნებული ტაივანური კომპანიაა და ტექნოლოგიურ სფეროში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. მის პროდუქტებს 160-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალურად ვხვდებით. Acer-ის პროდუქტები გეიმერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და სწორედ მათთვის ტექნოლოგიურ გიგანტს კარგი სიახლეები აქვს.
27 მაისს ღონისძიებაზე Acer-მა განახლებული ტექნიკას წარადგინა და კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენი გულების მოგება.
Acer აახლებს Predator Orion და Nitro გეიმინგ პერსონალურ კომპიუტერებს
Acer-მა პერსონალური კომპიუტერების განახლება გადაწყვიტა. სულ მალე გეიმერები შეძლებენ დატკბნენ Predator Orion 3000-ისა და Nitro 50-ის წარმოუდგენელი შესაძლებლობებით. ახალი ქეისები Intel-ის და AMD Ryzen-ის უახლესი პროცესორებით აღიჭურვება, გვერდს კი მათ NVIDIA-ს GeForce RTX 30 სერიის ვიდეო ბარათები დაუმშვენებთ.
ეს ყველაფერი იქნება გარანტი იმისა, რომ თქვენ თავისუფლად შეძლებთ ითამაშოთ ნებისმიერი ახალი თამაში ულტრა გრაფიკაზე და ამავდროულად, სურვილის შემთხვევაში, გასთრიმოთ თამაშის პროცესი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პლატფორმაზე.
ორივე ქეისში შევხვდებით Intel-ის მე-11 თაობის ან AMD Ryzen-ის 5000 სერიის პროცესორებს.
Predator Orion 3000
Predator Orion 3000 შექმნილია უკომპრომისო გეიმინგისთვის. Orion 3000 გვაძლევს Mid-Tower ქეისის შესაძლებლობების მაქსიმუმს. მეთერთმეტე თაობის i7 ან 5000 სერიის AMD Ryzen, 64GB 3200Mhz-იანი ოპერატიული მეხსიერება და RTX 3070, ეს იმ მონაცემთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც თქვენს სათამაშო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
იმისათვის, რომ ქეისმა და მისმა ყველა კომპონენტმა დაბალი ტემპერატურა შეინარჩუნოს, Acer გვთავაზობს გაგრილების ინოვაციურ ინსტრუმენტს, 92x92 მმ-იან FrostBlade ქულერებს. აქვე ვხვდებით სრულ RGB განათებას, რომელთა მორგებაც ნებისმიერ მომხმარებელს მარტივად, Acer-ის მიერ შექმნილი PredatorSense-ის დახმარებით, შეუძლია.
Predator Orion 3000 უმაღლესი სიჩქარის ინტერნეტთანაც თავისუფლად შეწყვილდება. Intel Killer E2600 და Wi-Fi 6 სწორედ ამას უზრუნველყოფს.
Acer Nitro 50
Acer Nitro 50 შეიქმნა მათთვის, ვისაც თანამედროვე გეიმინგ სისტემაზე გადასვლა ან ძლიერი, გრაფიკულად ინტენსიური სამუშაოების შესრულება უსწრაფესად სურს. ამ ყველაფერს აქაც AMD-ის 5000 სერიისა და Intel-ის მე-11 თაობის პროცესორები უზრუნველყოფენ, ხოლო მათთან წყვილში RTX 3060 Ti-ს ვიხილავთ.
Nitro 50 გამორჩეული პროდუქტია, შავი მეტალის ქეისი ერთგვარ სტანდარტს აწესებს გეიმერებისთვის, ესაა ის მინიმუმი, რაც ყველა აქტიურ გეიმერს უნდა ჰქონდეს, რათა უახლესი თამაშები ულტრა გრაფიკაზე, ლაგების გარეშე ითამაშონ. Nitro სერიის ქეისების შეკვეთა ჩაშენებული უსადენო დამტენითაც შეიძლება, ეს ნებისმიერ სმარტფონთან იმუშავებს, რომელიც Qi სტანდარტს აკმაყოფილებს.
NitroSense პროგრამით თქვენ შეძლებთ რეალურ დროში აკონტროლოთ პროცესორისა და ვიდეო ბარათის ტემპერატურები, ასევე განსაზღვროთ ქულერების ბრუნვის სიჩქარე.
დღეს, Acer თავის გეიმინგ პორტფოლიოს ახალ პროდუქტებს, Predator Triton 500 SE-ს, Predator Helios 500-ს, ახალ გეიმინგ მაუსსა და როუტერს გვაჩვენებს.
ახალი ნოუთბუქები მე-11 თაობის ინტელის პროცესორებითა და ახალი RTX სერიის ვიდეო ბარათებით გამოვა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი Acer-ს ახალი, მეხუთე თაობის AeroBlade 3D გაგრილების სისტემით აღიჭურვება. აქვე შევხვდებით DTS:X Ultra აუდიო სისტემასაც, რაც ყველაფერს სამგანზომილებიანად აქცევს და თავს ნამდვილად თამაშში გაგრძნობინებთ.
იმისათვის, რომ თამაშის პროცესში ეგრეთ წოდებული ლაგი და პინგი ვერ იგრძნოთ, ლეპტოპები Wi-Fi 6-ით აღიჭურვება.
Predator Triton 500 SE
Predator Triton 500 SE შეიქმნა მათთვის, ვისაც საუკეთესო თამაშების უმაღლესი გრაფიკით თამაში სურთ და ამავდროულად სჭირდებათ გამძლე ლეპტოპი, რომელიც მძიმე სამუშაო დღესაც მარტივად გაუმკლავდება. Acer-ის თქმით, ლეპტოპი ელემენტით 12 საათი გაძლებს, რაც ნამდვილად განსაცვიფრებელი რიცხვია.
Predator Triton 500 SE-ს 16 ინჩიანი, 16:10 შეფარდების მქონე 165 ჰერციანი ეკრანი ნოუთბუქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აღსანიშნია ისიც, რომ ხელმისაწვდომი იქნება 240 ჰერციანი ეკრანიც, რომელიც თქვენს გაოცებას ნამდვილად მოახერხებს.
Predator Helios 500
Predator Helios 500 მონაცემების თვალსაზრისით ნამდვილი მონსტრია. ინტელის მეთერთმეტე თაობის პროცესორი, RTX 3080 ვიდეო ბარათი და 64გბ უსწრაფესი, 3200 მეგაჰერციანი ოპერატიული მეხსიერება — ეს ის მონაცემებია, რომლებიც ყველას გააოცებს, თუმცა მთავარი ეს არაა. Helios 500 აღჭურვილია 17,3 ინჩიანი 4K Mini LED ეკრანით, რომლის განახლების სიხშირეც 120 ჰერცია. ამ მონაცემებით მას ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანი ექნება, რაც გეიმერებს და მათ, ვისაც გრაფიკულ სამუშაოებზე სურთ მუშაობა, ნამდვილად გაახარებთ.
ამ ყველაფრის გაგრილებაზე Acer-ის PowerGem ტექნოლოგია იზრუნებს, რაც მეტალისა და პოლიმერის შენადნობითაა შექმნილი და პროცესორზეა მოთავსებული, აქვეა მეხუთე თაობის AeroBlade 3D ქულერები.
Predator Connect X5 5G CPE როუტერი
როუტერი გეიმერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. Predator Connect X5 5G CPE არის ახალი სიტყვა როუტერების ინდუსტრიაში. 5G ქსელთან კავშირით მას შეუძლია 4,7Gbps სიჩქარეს მიაღწიოს. როუტერზე ერთდროულად 256 სხვადასხვა მოწყობილობის დაერთება იქნება შესაძლებელი. Intel® Killer™ Control Center-ის მეშვეობით გეიმერები შეძლებენ მართონ ინტერნეტის გადმოწერისა და ატვირთვის სიჩქარე, რათა მისი ძალა იქით მიმართონ, საითაც ჭირდებათ. როუტერს ასევე აქვს ინტეგრირებული Trend Micro Home Network Security, რაც უზრუნველყოფს მის დაცულობას.
Predator Connect D5 5G Dongle
ეს არის აქსესუარი, რომელიც ნებისმიერი გეიმერის გულს მოიგებს. ის აქცევს თქვენს ლეპტოპს, ან პერსონალურ კომპიუტერს ნამდვილ მონსტრად. USB 3,1 Type C-ის დახმარებით თქვენ მიიღებთ უსწრაფეს ინტერნეტს, რომელიც მოგცემთ საშუალებას ითამაშოთ საყვარელი ონლაინ თამაშები ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
Predator Cestus Gaming Mouse 335
The Predator Cestus 335 ერგონომიული გეიმინგ მაუსია, PixArt 3370 სენსორითა და 2 000 ჰერციანი მგრძნობელობით, ეს ყველაფერი კი მაუსის იდეალური მოძრაობისთვის აუცილებელი მახასიათებლებია. მაუსის DPI 19 000-ს შეადგენს და მის შესაცვლელად 5 სხვადასხვა დონე იქნება ხელმისაწვდომი.
მაუსს ჯამში 10 პროგრამირებადი ღილაკი ექნება, რაც გეიმერებისთვის ძალიან დიდი პლიუსია. ეს ნიშნავს იმას, რომ თამაშში მოწინააღმდეგის დამარცხებას კლავიატურაზე ბევრად ნაკლები ოპერაციის შესრულებით შეძლებთ. ამ ღილაკების დაპროგრამება QuarterMaster პროგრამის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მაუსი ბევრ სხვადასხვა კონფიგურაციას იმახსოვრებს და ისიც კი შეუძლია, რომ თამაშები ჟანრობრივად გაარჩიოს.
Acer-მა სამი ახალი Predator ხაზის HDR მონიტორი წარადგინა
სამი ახალი მონიტორი HDR-ის მხარდაჭერითა და განსაცვიფრებელი მონაცემებით — რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი გეიმერებისთვის?! მონიტორები მოერგება ყველა გემოვნების გეიმერს, კონსოლების ენთუზიასტებსაც და FPS თამაშების მოყვარულებსაც.
Predator CG437K S მასიური, 42,5 ინჩიანი UHD მონიტორია, HDMI 2,1-ისა და HDR გარჩევადობის მხარდაჭერით. მისი გამოყენება, როგორც კონსოლზე, ასევე პერსონალურ კომპიუტერზე იქნება შესაძლებელი.
Predator X38 S eSport-ზე ორიენტირებული, 37,5 ინჩიანი, რკალისებრი UWQHD+ 175 ჰერციანი მონიტორია. თამაშის პროცესი ასეთ მონიტორზე ნამდვილად დიდი სიამოვნება იქნება.
მონიტორების ახალ ხაზში ყველაზე პატარა წარმომადგენელი Predator X28 იქნება, 28 ინჩითა და 155 ჰერციანი განახლების სიხშირით.
Predator CG437K S
The Predator CG437K S მასიური, 42,5 ინჩიანი, NVIDIA G-SYNC ტექნოლოგიით აღჭურვილი 4K მონიტორია. G-Sync-ის მეშვეობით გეიმერები მიიღებენ იდეალურ გამოსახულებას, დანაკარგების გარეშე, კადრების იდეალური მონაცვლეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოსახულება იქნება საოცრად ზუსტი, ლაგებისა და დაყოვნებების გარეშე, ამ ყველაფერს კი ზურგს 144 ჰერციანი განახლების სიხშირე უმაგრებს.
Predator X38 S
Predator X38 S მორკალული, UWQHD+ (3840x1600) მონიტორია. მას VESA Display HDR 600 სერთიფიკატი აქვს, რაც იდეალურ, ღრმა გამოსახულებას იძლევა. მონიტორის ზომა 37,5 იჩნია. როგორც მისი დიდი ძმა, ეს კონკრეტული მოდელიც აღჭურვილი იქნება NVIDIA-ს G-Sync ტექნოლოგიით.
ეს კონკრეტული მონიტორი eSport-ის მოყვარულებზეა გათვლილი და მისი განახლების სიხშირე 175 ჰერცი იქნება.
Predator X38 S-ის შემადგენლობაში ასევე შედის NVIDIA Reflex Latency Analyzer, რაც მას რევოლუციურ პროდუქტად აქცევს. მონიტორს შეუძლია აღიქვას მაუსის კლიკი და შემდეგ გამოთვალოს, თუ რამდენ ხანში აისახება კლიკი მონიტორზე.
Predator X28
Predator X28 28 ინჩიანი 4K გარჩევადობის მქონე მონიტორია, VESA DisplayHDR400 სერთიფიკატით. აქაც ვხვდებით G-Sync ტექნოლოგიას. მონიტორის განახლების სიხშირე 155 ჰერცი იქნება, რაც ნებისმიერი გეიმერისთვის მიმზიდველად უნდა ჟღერდეს.
თუ X28 არ გეპატარავებათ, სხვა შემთხვევაში, ის ისეთივე დიდებულია, როგორც ზემოხსენებული ორი მონიტორი.
Acer-ის ღონისძიება გეიმერებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ის ერთ-ერთი მოწინავეა და მუდამ შეუძლია დააკმაყოფილოს თანამედროვე გეიმინგ მოთხოვნილებები. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ნახევარგამტარების დეფიციტი მძვინვარებს, ასეთი პროდუქტების წარდგენით Acer კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მათ არ აშინებთ მსოფლიოში არსებული პრობლემები და არ არსებობს ბარიერები, რომლებსაც ისინი ვერ დაძლევენ. სწორედ ამიტომ, ისინი თავიანთ ერთგულ მომხმარებლებს და ზოგადად გეიმერებს, სთავაზობენ რევოლუციურ პროდუქტს, რომელიც მათ იმედებს აუცილებლად გაამართლებს.
კომენტარები