ახალი კვლევის მიხედვით, Covid-19-ის საწინააღმდეგო შერეული ვაქცინების გამოყენება ეფექტიანი და უსაფრთხოა
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იმის უზრუნველყოფაა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც პირველ ჯერზე Pfizer, AstraZeneca, Sinopharm თუ სხვა ვაქცინა მიიღეს, მეორე ჯერზეც იმავე ვაქცინით აიცრან. გარდა ამისა, მეცნიერებმა დანამდვილებით არ იციან, თუ რა შედეგი შეიძლება მოგვცეს ვაქცინების შერევამ, ორი სრულიად ახალი ვაქცინებ შერევა ასევე სრულიად ახალ ვირუსთან საბრძოლველად კარგი იდეა არ უნდა იყოს.
თუმცა, ვაქცინების შერევა დღეს ვირუსთან გასამკლავებლად საკმაოდ ხელსაყრელი იქნებოდა, ვინაიდან ეს ვაქცინების დროულად და საკმარისი რაოდენობით მიწოდებას უფრო გაამარტივებდა.
ახლა კი, ესპანეთში ჩატარებული კვლევის საწყისი შედეგები ძალიან ამაღელვებელ შესაძლებლობაზე მიანიშნებს — კვლევის მიხედვით, ვაქცინების შერევა მუშაობს და, რაც მთავარია, უსაფრთხოა.
როგორც Nature იუწყება, კარლოს მესამის ჯანმრთელობის ინსტიტუტის კვლევაში 673 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც AstraZeneca-ს ერთი დოზა ჰქონდათ მიღებული. მონაწილეთაგან 441-ს მეორედ აცრისას AstraZeneca-ს ნაცვლად Pfizer ვაქცინით აცრეს, 232-ს კი ვაქცინის მეორე დოზა საერთოდ არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ პირველი მათგანი (AstraZeneca) უვნებელი ადენოვირუსითაა აღჭურვილი, რომელიც უჯრედებს SARS-CoV-2-სგან თავდაცვას ასწავლის, მეორე კი (Pfizer) ორგანიზმში ცილებს ინფორმაციულ რნმ-ს აწვდის, როგორც ერთგვარ გეგმას ანტისხეულების შესაქმნელად.
გასაოცარია, რომ ეს ორი სრულებით განსხვავებული სტრატეგიის მქონე ვაქცინა ერთად გამოყენებისას ეფექტიანი აღმოჩნდა. მათი შერევის შედეგად "მნიშვნელოვნად გაიზარდა ორგანიზმში ანტისხეულების რეაქცია", — ამბობს მაკკასტერის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ჟოუ შინგი.
441 მონაწილის ორგანიზმში, Pfizer-ის ერთი დოზის მიიღების შემდეგ, ანტისხეულების ბევრად უფრო დიდი რაოდენობის წარმოება დაიწყო, ვიდრე თავდაპირველად, AstraZeneca-ს ერთი დოზით აცრის შემდეგ. ლაბორატორიულ ცდებში ამ ანტისხეულებმა SARS-CoV-2-ის ამოცნობა და გაუვნებლება შეძლეს. იმ მონაწილეებში კი, რომელთაც ვაქცინის მეორე დოზა არ მიუღიათ, ანტისხეულების დონე იგივე დარჩა.
თუმცა, ჯერჯერობით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს ვაქცინების გარშემო: როგორ შეიცვლება ვაქცინის ეფექტიანობა მესამე დოზით აცრის შემთხვევაში? რატომ იწვევს შერეული ვაქცინებით აცრა მეტ გვერდით ეფექტებს (როგორც ეს გაერთიანებული სამეფოს კვლევამ აჩვენა), ვიდრე ერთი და იმავე ვაქცინის ორი დოზის გამოყენება? ამ კითხვებზე პასუხს, სავარაუდოდ, ახლო მომავალში მივიღებთ.
კომენტარები