პანდემიის გამო, ტერმინი "თვითიზოლაცია" შემაწუხებლად ხშირად ხვდება ჩვენს ლექსიკონში. თუმცა, საფრანგეთში, მოხალისეების გუნდმა ამ სიტყვის კონცეფცია კიდევ უფრო რთულ პირობებში გამოსცადა. 15-მა ადამიანმა გამოქვაბულში, მზის სინათლისა და საათის გარეშე 40 დღე გაატარა. მათ არ ჰქონდათ კომუნიკაცია ოჯახთან ან მეგობრებთან და არც სიახლეებს ეცნობოდნენ პანდემიაზე თუ მსოფლიო ამბებზე.

სოციალური ექსპერიმენტი, სახელად "ღრმა დრო", 14 მარტს დაიწყო. მის ფარგლებში, მკვლევრებს სურდათ შეემოწმებინათ, როგორ მოქმედებს ექსტრემალური იზოლაცია ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე. ექსპერიმენტში 8 კაცი და 7 ქალი მონაწილეობდა. პროექტის ღირებულება 1,2 მილიონი ევროა.

40 დღის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებმა გამოქვაბული დატოვეს. ისინი გარეთ გამოსვლისას მზის სათვალეებს ატარებდნენ, რაც თვალებს დღის სინათლესთან შეგუებაში დაეხმარა. გუნდის წევრების განწყობა გარეთ გამოსვლის შემდეგ ამაღლებული იყო, იმის მიუხედავად, რომ მათ დროის აღქმა დაკარგული ჰქონდათ.

მონაწილეებმა დროის აღქმა დაკარგეს

ფოტო: AP

"პაუზის განცდა მქონდა", — თქვა ერთ-ერთმა ქალმა და დასძინა, რომ მზად იყო იზოლაციაში მეტი დრო გაეტარებინა, თუმცა ბედნიერი იყო, რომ ისევ შეეძლო შეეგრძნო ქარი და გაეგო ჩიტების ჭიკჭიკი. მან დასძინა, რომ აპირებს სმარტფონის გამოყენებაზე რამდენიმე დღით უარი თქვას, რათა გარემოსთან ადაპტაცია არ გაუჭირდეს.

ექსპერიმენტის ლიდერის და კვლევის ხელმძღვანელის, კრისტიან კლოტის სიტყვებით, მონაწილეების ეგონათ, რომ გამოქვაბულში მხოლოდ 1 თვე გაატარეს. ამის შესახებ მან AP-ს გარეთ გამოსვლისას უთხრა:

"40 დღე გასულა და ექსპერიმენტის დასრულება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩვენს გონებაში გამოქვაბულში მხოლოდ 30 დღით ვიყავით".

გამოქვაბულში მყოფებს კარვებში ეძინათ და ელექტროენერგიას ველოსიპედის პედლების ტრიალით გამოიმუშავებდნენ. მათ არ ჰქონდათ მობილური ან საათები, ხოლო წყალს 45 მეტრის სიღრმიდან იღებდნენ. მონაწილეების 2/3 აცხადებდა, რომ მზად იყო გამოქვაბულში კიდევ უფრო დიდხანს დარჩენილიყო.

გუნდის წევრები დროის კონტროლს საკუთარი ორგანიზმის გამძლეობით ცდილობდნენ და აფასებდნენ დროს იმის მიხედვით, თუ როდის დაიღლებოდნენ, როდის იძინებდნენ, როდის ჭამდნენ. მკვლევრები მონაწილეების ტემპერატურის, ძილის პატერნების, სოციალური ინტერაქციების, კოგნიტური და ქცევითი ცვლილებების გასაზომად სენსორებს იყენებდნენ, რომლებიც მოხალისეებმა წინასწარ გადაყლაპეს.

მართალია პროექტის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პირველები არიან, ვინც ექსტრემალურ იზოლაციაში გაატარეს დრო, მეცნიერებას სხვა ექსპერიმენტებიც ახსოვს. 1962 წელს, ფრანგი მიშელ სიფრი პირველი იყო, რომელმაც ბიოლოგიური საათის გასაკონტროლებლად ექსპერიმენტი ჩაიტარა. მან 63 დღე გაატარა ალპების გამოქვაბულში და საკუთარი ძილის ციკლი აღწერა. ის მივიდა დასკვნამდე, რომ მისი ბიოლოგიური დრო 48-საათიანი იყო, რაც 36 საათით სიფხიზლესა და 12 საათით ძილს მოიცავდა.

სიფრის აღმოჩენებმა მეცნიერებაში ქრონობიოლოგიას და მის კვლევებს დაუდო სათავე. თუმცა, სამომავლოდ მის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. მან 1972 წელს ტეხასში, გამოქვაბულში 6 თვე გაატარა მარტომ. იზოლაციის დროს მისი ძილის ციკლი არასტაბილური გახდა და დეპრესიული მდგომარეობა განუვითარდა.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.