ახალი ტექნოლოგია საგნებს "უხილავს ხდის" — კვლევა
მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ აღმოაჩინეს სინათლის კონკრეტული ტალღა, რომელსაც ობიექტში გავლა ისე შეუძლია, თითქოს ის საერთოდ უხილავი იყოს.
ჩვენ ვხედავთ საგნებს, რადგან ისინი სინათლეზე რეაგირებენ და შედეგად ჩვენს ფოტორეცეპტორში ხვდებიან. ახლა ავსტრიის TU Wien–ის და ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ აღმოაჩინეს გზა, რის მიხედვითაც სინათლე ობიექტში არეკვლის გარეშე გადის, რაც საბოლოოდ მათ თვალისთვის და კამერებისთვის უხილავს ხდის. კვლევა ჟურნალ Nature Photonics-ში გამოქვეყნდა.
ტექნოლოგია ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა, The Independent იუწყება, რომ ეს სამედიცინო კუთხით გამოსახულებების მისაღებად ფასდაუდებელი ინსტრუმენტი იქნება. მსგავსი ტექნოლოგიებით ბიოლოგიური სისტემების შესწავლა ძალიან გამარტივდება.
მეცნიერები მსგავს ტექნოლოგიებზე დიდი ხანია მუშაობენ და ამისთვის სხვდასხვა მეთოდი მუშავდება. ახალი მეთოდი უფრო პირდაპირია — საუბარია სპეციფიკურ სინათლის ტალღაზე, რომელიც საგანზე ფაქტობრივად არ ზემოქმედებს და მასში ისე გადის, თითქოს ის საერთოდ არ არსებობდეს.
"ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც რომ სინათლის ველი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, საგანს არა მარტო უხილავს, არამედ გამჭვირვალესაც ხდის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საგანში "შეხედვა", მისი შიგნიდან დანახვა შეგვეძლება." — ამბობს TU Wien-ის მკვლევარი და კვლევის ავტორი, შტეფან როტერმი.
ახალი ტექნოლოგია და კონკრეტული სინათლის ტალღა, შეიძლება, სასარგებლო იყოს ბიოლოგიური უჯრედების და ქსოვილების დასაფიქსირებლად და უკეთ შესასწავლად.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ტექნოლოგიაზე მუშაობას მალე დაასრულებენ, რაც მედიცინას და ზოგადად მეცნიერებას ბევრად წინ წასწევს.
კომენტარები