Sony-ს ღონისძიება დღეს, დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და იაპონურმა გიგანტმა სამი ახალი სმარტფონი — Sony Xperia 1 III, Xperia 5 III და Xperia 10 III წარმოგვიდგინა. ამ სამიდან ორს ფლაგმანური მონაცემები აქვს და დღეს სწორედ მათზე, Xperia 1 III-სა და 5 III-ზე ვისაუბრებთ.

დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ სონიმ წელს აქცენტი კამერებზე გააკეთა და ორივე სმარტფონს უნიკალური, ცვალებადი ტელეფოტო ლინზები აქვთ, რომლებსაც 70mm-დან 105mm-ზე გადართვა შეუძლიათ, ანუ ზუმი 2,9x-დან 4,4x-მდე გაიზრდება.

კამერა 12 მეგაპიქსელიან, 1/2,9 ინჩიან სონის სენსორს იყენებს და დიაფრაგმის არჩევის ორი ვარიანტი აქვს — f/2,3 ან f/2,8. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა რეჟიმში იყენებთ კამერას. 70მმ-ზე f/2,3 იქნება, ხოლო 105მმ-ზე f/2,8.

ძირითადი კამერა ჩვენთვის კარგად ნაცნობ 12 მეგეპიქსელიან, 1/1,7 ინჩის ზომის სენსორს იყენებს, რომელსაც 1,7-იანი დიაფრაგმა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია აქვს. ულტრაფართო კამერა ასევე 12 მეგასპიქსელიანი, 1/2.6 ინჩიანი სენსორია, 2,2 დიაფრაგმითა და ავტომატური ფოკუსირებით, რაც არც თუ ისე ხშირად გვხვდება ფლაგმანებშიც კი.

იმისათვის, რომ ასეთ სენსორებს იდეალურად ემუშავა, სონიმ ZEISS-თან ითანამშრომლა და კამერების ლინზები სწორედ მათ დაამზადებინა.

წინა კამერა არ შეცვლილა და, ისევე როგორც შარშან, 8 მეგაპიქსელიანი სენსორია.

როგორც ნახეთ, ამ ორი სმარტფონის კამერები თითქმის იდენტურია. ის, რაც მათ ტექნიკურად განასხვავებს ეკრანია.

Xperia 1 III-ს 6,5 ინჩიანი 4K HDR გარჩევადობის მქონდე OLED ეკრანი აქვს, 21:9 შეფარდებითა და 120 ჰერციანი განახლების სიხშირით.

ფოტო: Xperia 1 III

Xperia 5 III-ის ეკრანიც 120 ჰერციანია, თუმცა მისი ზომა 6,1 ინჩია, ხოლო გარჩევადობა FHD.

ფოტო: Xperia 5 III

ორივე სმარტფონი აღჭურვილია Snapdragon 888 ჩიპსეტით. Xperia 1 III ორ ვერსიად გამოვა 12 გეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 256 ან 512გბ შიდა მეხსიერებით. Xperia 5 III 8/128 და 8/256 ვერსიებად იქნება წარმოდგენილი.

ამ ორ სმარტფონს ელემენტის ზომაც ერთნაირი აქვს, ორივე 4 500 მილიამპერიანი ლითიუმ იონითაა აღჭურვილი და მათ 30 ვატიანი სწრაფი დატენვის მხარდაჭერაც აქვთ. Xperia 1 III-ს უსადენო დამუხტვაც აქვს. ამ ფუნქციას 5 III-ში ვერ შევხვდებით.

Sony-მ ყურადღება გეიმინგსაც მიაქცია. ორივე სმარტფონს ორი სტერეო დინამიკი აქვს, რომლებიც ჩვენი სახისკენაა მომართული. აქვეა 240 ჰერციანი Motion blur-ის შემამცირებელიც, რომელსაც სმარტფონები კონკრეტულ თამაშებში გამოიყენებენ. ასევე, მათ აქვთ დაბალი განათების გამზრდელი (Low Gamma Riser), რაც თამაშის დროს ჩრდილიან ან ბნელ ადგილებში მარტივად დანახვის საშუალებას მოგცემთ.

Sony-მ თამაშების გადაღების ფუნქციაზეც იზრუნა. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ვიდეო 1080p-ში, 120 fps-ით და მეტიც, იაპონურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა სმარტფონებს Rewind ფუნქციაც დაუმატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი მუდმივად იწერს ბოლო 30 წამს, ამიტომ თუ თქვენი თამაშის პროცესში რაიმე საინტერესო მოხდება, დააჭერთ გადაღებას და ვიდეო 30 წამით ადრე არსებული მომენტიდან დაიწყება.

კიდევ ერთი სხვაობა, რაც ამ ორ სმარტფონს შორისაა, არის ეკრანის დაცვა. Xperia 1 III-ის ეკრანს Gorilla Glass Victus ფენა იცავს, უკნიდან კი Gorilla Glass 6-ს ვხედავთ. Xperia 5 III-ს ორივე მხრიდან Gorilla Glass 6 აქვს. ორივე სმარტფონი დაცულია მტვრისა და წყლისგან IP65/68 სერთიფიკატებით.

Xperia 1 III სამ ფერში — Frosted Black, Frosted Gray და Frosted Purple — გამოვა, ხოლო Xperia 5 III შავ, მწვანე და ვარდისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი.

Sony-მ სამრტფონთა ფასების შესახებ არაფერი გვითხრა, თუმცა ფლაგმანების გამოსვლას ზაფხულის დასაწყისში უნდა ველოდოთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას ფასების შესახებ სულ მალე გავიგებთ.