გასული კვირა სოციალური ქსელებისათვის ნამდვილად კოშმარული აღმოჩნდა, ჯერ Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის ინფორმაციამ გაჟონა, შემდეგ კი Twitter-ის 500 მილიონი ანგარიშის ინფორმაცია გამოჩნდა ჰაკერულ ფორუმებზე.

დღეს Clubhouse-ის დროც მოვიდა და ახალი აუდიო სოციალური ქსელის 1,3 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია, SQL ფაილის სახით, ჰაკერულ ფორუმზე განთავსდა.

კონკრეტულად, რა ინფორმაციამ გაჟონა?

  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • სახელი;
  • პროფილის ფოტოს URL მისამართი;
  • მომხმარებლის სახელი — ნიქნეიმი;
  • მიბმული ტვიტერისა და ინსტაგრამის ნიქნეიმები;
  • ფოლოვერების რაოდენობა;
  • ანგარიშის შექმნის თარიღი;
  • იმ ადამიანის სახელი, ვინც ქლაბჰაუსში მოგიწვიათ.

რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა?

სავარაუდოდ, გაჟონილი ინფორმაცია ფიშინგ შეტევებისთვის იქნება ხელსაყრელი. ასევე, შესაძლოა ეს ყველაფერი მომხმარებელთა პაროლების გასატეხადაც იქნას გამოყენებული.

იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოთ, ჩვენ გირჩევთ შეცვალოთ ქლაბჰაუსის პაროლი, დააყენოთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია და მოერიდოთ გაურკვეველ და უცნაურ მესიჯებსა თუ დაკავშირების მოთხოვნებს უცხოებისგან.