კვირის 9 ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბავი მსოფლიოდან
გასული კვირა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ იყო — მოლაპარაკების მეორე რაუნდი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ისევ უშედეგოდ დასრულდა.
საინტერესო პროცესები იყო ქვეყნის გარეთაც და იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ამბები არ გამოგრჩეს, On.ge-მ, უკვე ტრადიციულად, მათ ერთად მოუყარა თავი.
უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზება შეინიშნება
უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების განლაგება შეინიშნება. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რაც ქვეყნის უქმნის.
ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.
ამასთან, Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, რუსული ჯარის მობილიზების გამო NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები საგანგებოდ შეიკრიბნენ.
ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის. ბაიდენმა უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს უცვლელი მხარდაჭერა ყირიმსა და დონბასში განგრძობადი რუსული აგრესიის წინაშე", — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ-ს კაპიტოლიუმთან ორ პოლიციელს მანქანით დაეჯახნენ — გარდაიცვალა თავდამსხმელი და პოლიციელი
ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმთან უცნობმა პირმა ავტომანქანით ბარიკადების გარღვევა სცადა, რა დროსაც ორ პოლიციელს დაეჯახა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა მანქანიდან გადმოსვლისას დანა ამოიღო, რა დროსაც მოკლეს. 3 თვის წინ მომხდარი შტურმის გამო შენობის გარშემო უსაფრთხოების ზომები გაზრდილია.
Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა
გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში ჰაკერებმა Facebook-ის უამრავი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს. ახლა კი, Business Insider-ის მიხედვით, უსაფრთხოების მკვლევარმა, ალონ გალმა აღმოაჩინა, რომ ჰაკერების ფორუმზე მომხმარებლებმა მთელი ეს ინფორმაცია გაასაჯაროვეს. აღნიშნული მონაცემები მოიცავს Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს, ელ-ფოსტის მისამართებს, ადგილმდებარეობას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
533 მილიონი მომხმარებლიდან, 32 მილიონი ამერიკიდანაა, 11 მილიონი — გაერთიანებული სამეფოდან, 6 მილიონი კი — ინდოეთიდან.
იტალია წინასააღდგომოდ მკაცრ ლოქდაუნს აწესებს
იტალია აღდგომის დროს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის 3- დღიან მკაცრ ლოქდაუნს აწესებს. ახლა ყველა რეგიონი "წითელი ზონაში" იმყოფება — ქვეყანა მესამე ტალღას ებრძვის, დღიურად 20 000 ადამიანია ინფიცირებული.
ქვეყანაში აიკრძალა არასაჭირო გადაადგილება, ეკლესიებიც ღიაა, თუმცა მრევლი გააფრთხილეს, რომ წირვებს მხოლოდ საკუთარ რეგიონებში დაესწრონ.
იტალიაში კორონავირუსით ჯამში 110 328 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 3,6 მილიონი ადამიანი ინფიცირებული იყო.
ალექსეი ნავალნი შიმშილობას იწყებს
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ციხეში შიმშილობას იწყებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ციხის თანამშრომლებმა ხარისხიანი ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდეს.
"მე მაქვს უფლება, დავურეკო ექიმს და მივიღო წამლები. არც ერთ ამ უფლებას არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხის ტკივილზე გადავიდა. ჩემი მარჯვენა ფეხის ნაწილებმა და ასევე, ახლა უკვე ჩემი მარცხენა ფეხის ნაწილმა მგრძნობელობა დაკარგა", — განაცხადა ნავალნიმ.
AstraZeneca-ს ვაქცინამ სახელი შეიცვალა
AstraZeneca-ს ვაქცინამ სახელი შეიცვალა და ამიერიდან Vaxzevria ერქმევა. აღნიშნული ცვლილება ევროპული წამლების სააგენტოს ოფიციალურ საიტზეა ასახული.
საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ მოქალაქეების 25 მარტიდან ჩაერთნენ. უკვე შესაძლებელია 55+ მოქალაქეების რეგისტრაციაც.
სუეცის არხში გემების მოძრაობა აღდგა
სუეცის არხში გემების მოძრაობა აღდგა. კონტეინერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სავაჭრო გზას ბლოკავდა, 37 გემი შუა გზაზე იყო გაჩერებული, მათ გზა გვიან ღამით გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი 70 დღეს გააგრძელებს გადაადგილებას. გათავისუფლებული გემი ექსპერტების მიერ შემოწმდება.
Ever Given-მა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სავაჭრო მარშრუტი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დაბლოკა. გემის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციამ იმედი გააჩინა, რომ მოძრაობა არხში მალევე აღდგებოდა.
არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც თებერვალში რუსული Sputnik V-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა
არგენტინის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც იანვარში რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ელბერტო ფერნანდესი ტვიტერზე წერს, რომ 2 აპრილს ტესტი ანტიგენზე მას შემდეგ ჩააბარა, რაც ტემპერატურამ აუწია და სისუსტე იგრძნო. PCR ტესტის გაკეთებამდე ის იზოლირებულია.
ალბერტო ფერნანდესმა Sputnik V-ის ვაქცინის პირველი დოზა 21 იანვარს გაიკეთა, ხოლო მეორე — 11 თებერვალს.
Sputnik V რუსული წარმოების ვაქცინაა, რომელიც არც ერთი მკაცრი მარეგულირებლისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული არაა.
"მუმიების პარადი" კაიროში
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 18 მეფისა და 4 დედოფლის მუმიფიცირებული სხეულები ახალ მუზეუმში გადაიტანეს. სატრანსპორტო მარშრუტზე 18 მეფისა და 4 დედოფლის სხეულები გადაჰქონდათ. მათ 5-7 კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გაევლოთ, რომელიც სპეციალურად იყო გაფორმებული — გადატანის პროცესს ესწრებოდა მაყურებელიც.
კომენტარები